აღთქმის მიცემა ბიბლიის მუხლები

ეკლესიასტე 5:4-8
რასაც აღუთქვამ ღმერთს, ნუ დაუგვიანებ მის შესრულებას, რადგან სათნო არაა მისთვის ბრიყვნი. რაც აღუთქვი, შეუსრულე. ამიტომ, სჯობია არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო. შენს ბაგეთ ცოდვაში ნუ შეაყვანინებ შენს სხეულს და ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი – „შეცდომა იყოო ეს!” რისთვის განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დააზიანოს შენი ხელის ნაშრომი? ვინაიდან ფუჭია ოცნებათა და სიტყვათა სიმრავლე. ამიტომ გეშინოდეს ღვთისა. თუ ღატაკთა ჩაგვრას, სიმართლესა და სამართალში ძალმომრეობას იხილავ რომელიმე მხარეში, ნუ შეგაცბუნებს, ვინაიდან მაღალს მასზე დიდი ზედამხედველობს და მათზე კი – უმაღლესი.

რიცხვნი 30:2-16
კაცმა რომ უფალს აღთქმა მისცეს ან შეჰფიცოს, ან რაიმე აღუკვეთოს თავის თავს, სიტყვა არ უნდა გატეხოს; ყოველივე, რაც მისი ბაგეებიდან გამოვიდა, უნდა შეასრულოს. თუ ქალი მისცემს უფალს აღთქმას და რაიმეს აღიკვეთს მამამისის სახლში ყმაწვილქალობისას, გაიგებს მამამისიც მის აღთქმულსა და საკუთარი თავისთვის აღკვეთილს და არაფერს ეტყვის, უნდა შეასრულოს ყოველი აღთქმა და აღკვეთილი, რაც აღიკვეთა; მაგრამ თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და აღკვეთა არ შესრულდეს და აპატიებს მას უფალი, რადგან დაუშალა მამამისმა. თუ გათხოვდება და აღთქმა ან წამოცდენილი სიტყვაა მასზე, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, გაიგებს მისი ქმარი და როცა გაიგებს, არაფერს ეტყვის, უნდა შეასრულოს ყოველი აღთქმა და აღკვეთა, რაც აღიკვეთა. ხოლო თუ დაუშლის ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ გააუქმოს აღთქმა ან წამოცდენილი სიტყვა, რომელიც მასზეა, რითაც რაიმე აღიკვეთა და აპატიებს უფალი. ქვრივისა და განქორწინებულის აღთქმა და ყოველივე, რაც აღუკვეთა თავის თავს, უნდა შესრულდეს. თუ თავისი ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან ფიცით აღუკვეთს რაიმეს თავის თავს, გაიგებს მისი ქმარი, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, მაშინ შეასრულოს ყოველი აღთქმა და აღკვეთა საკუთარი თავისთვის; ხოლო თუ გააუქმებს მათ ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ არ შესრულდება მისი ბაგეებით გამოთქმული აღთქმა და ფიცი; გააუქმა ისინი ქმარმა და აპატიებს უფალი. ყოველ აღთქმას და აღკვეთის ყოველ ფიცს, რომელიც გულს უდრეკს ქალს, ქმარი დაამტკიცებს ან ქმარი გააუქმებს. თუ გაუჩუმდება ქმარი დღიდან დღემდე, ამით ადასტურებს ყოველ მის აღთქმას ან ყოველ მის აღკვეთას, რაც მასზეა; დაადასტურა ისინი, რადგან არაფერი თქვა, როცა გაიგო. თუ მოგვიანებით გააუქმებს ქმარი, თუმცა მანამდე ჰქონდა გაგონილი, მაშინ მასზე იქნება ქალის ცოდვა. ეს არის წესები, რომლებიც უბრძანა მოსეს უფალმა, ცოლქმარს შორის, მამასა და მის ასულს შორის, მისი ყმაწვილქალობისას მამამისის სახლში.

ფსალმუნები 21:25
ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე აღგისრულებ აღთქმულს.

ფსალმუნები 60:8
ასე ვუმღერ შენს სახელს უკუნისამდე, დღითი დღე შეგისრულებ ჩემს აღთქმებს.

ფსალმუნები 65:13
სრულადდასაწველით მოვალ შენს სახლში და აგისრულებ ჩემს აღთქმებს,

ფსალმუნები 115:9
აღთქმებს შევუსრულებ უფალს, მთელი მისი ხალხის წინაშე.

მეორე რჯული 23:23
დაიცავი შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და აღასრულე, როგორც აღუთქვი უფალს, შენს ღმერთს, რაც ნებაყოფლობით აღუთქვი შენი პირით.

მათეს 5:33
ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.

ფსალმუნები 49:14
მადლობის მსხვერპლი შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს შენი აღთქმები.

იობი 22:27
შეევედრები მას და მოგისმენს იგი და შეუსრულებ შენს დაპირებებს.

ფსალმუნები 75:11
აღუთქვით და აღუსრულეთ აღთქმანი უფალს, თქვენ ღმერთს; მის ირგვლივ ყველამ ძღვენი მიართვას საშიშს.

ნაუმი 1:15
აჰა, მახარობლის ფეხები მოიჩქარის მთებზე, რათა გვაუწყოს მშვიდობა. იზეიმე შენი დღესასწაულები, იუდავ, შეასრულე აღთქმები, რადგან აღარ გაივლის შენში ავკაცი, საბოლოოდ განადგურდა.

ესაია 19:21
გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს და შეიცნობენ უფალს იმ დღეს ეგვიპტელნი, მოიტანენ შესაწირსა და ძღვენს, აღთქმას დაუდებენ უფალს და შეუსრულებენ.

იონა 2:8-10
ამაო კერპთა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას. მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; რაც აღმითქვამს, შევასრულებ რადგან ხსნა უფლისგანაა!” მაშინ უბრძანა თევზს უფალმა და მანაც ხმელეთზე ამოანთხია იონა.

რიცხვნი 6:1-21
უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა, მოწმიდარობის აღთქმა დადო, რათა უფალს მიუძღვნას თავი, ღვინისგან და მაგარი სასმელებისგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინო და მაგარი სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არ სვას, ახალი და გამხმარი ყურძენი არ ჭამოს. თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს არაფერი ჭამოს, რაც ყურძნისგან მზადდება, წიპწიდან ჩენჩომდე. არ შეეხოს მის თავს სამართებელი თავისი მოწმიდარობის მთელ დროს; ვიდრე შესრულდებოდეს დღენი, რომლებიც შესწირა უფალს, წმიდა იყოს იგი, თმა მოუშვას თავზე. არ მიუახლოვდეს მკვდარს თავისი მოწმიდარობის მთელ დროს: არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის ან დის გამო, მათი გარდაცვალების დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე. წმიდაა იგი უფლისთვის, მისი მოწმიდარობის მთელ დროს. ხოლო თუ მოულოდნელად მოკვდება ვინმე მის გვერდით და შეიბილწება მოწმიდარობის თავი, მაშინ მოიპარსოს თავი განწმენდის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს. მიიტანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან. მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს – სრულადდასაწველად და გამოისყიდის მკვდრის შეხების ცოდვისგან და იმავე დღეს განწმენდს მის თავს. განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიიტანოს ერთწლიანი კრავი დანაშაულისათვის; და გაუქმდება წინა დღეები, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდარობა. ესაა რჯული მოწმიდარობისა: მისი მოწმიდარობის დღეების შესრულებისას, მიიყვანონ საკრებულო კარვის შესასვლელთან, და შესწირავს იგი თავის მსხვერპლს უფალს: ერთწლიან უნაკლო კრავს სრულადდასაწველად, ერთწლიან უნაკლო დედალ ცხვარს ცოდვის მსხვერპლად და ერთ უნაკლო ვერძს – სამშვიდობო შესაწირად; ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს და ზეთნაცხებ უსაფუარო კვერებს, პურეულ და საღვრელ შესაწირს. მიიტანს ამას მღვდელი უფლის წინაშე და შესწირავს მის ცოდვის მსხვერპლს და სრულადდასაწველს. ხმიადების კალათასთან ერთად ვერძს შესწირავს უფალს სამშვიდობო შესაწირად; და შესწირავს მღვდელი პურეულის ძღვენსა და საღვრელსაც. გაიპარსავს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თავისი მოწმიდარობის თავს, აიღებს თავისი მოწმიდარობის თავის თმას და ცეცხლზე დადებს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის ქვეშაა. აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს, ერთ უფუარ კვერს კალათიდან, ერთ უფუარ ნამცხვარს და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ, რაც გაიპარსავს იგი თავისი მოწმიდარობის თავს. და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე შერხევით: წმიდაა იგი მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა; ამის შემდეგ სვას მოწმიდარმა ღვინო. ესაა რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო და მისი მოწმიდარობის შესაწირი. იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება; თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა, ისე გააკეთოს, მოწმიდარობის რჯულისამებრ”.

იგავნი 20:25
კაცისთვის მახეა რაიმეს ნაჩქარევად შერაცხვა ‘წმიდად’ და აღთქმის დადების შემდეგ დაფიქრება.

მათეს 15:5
თქვენ კი ამბობთ: თავისუფალია თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას, შესაწირიაო, რითაც უნდა დაგხმარებოდი,

ლევიანნი 22:23
ზედმეტად გაზრდილი ან მოკლე კიდურებიანი ხარი და კრავი შეგიძლიათ შესწიროთ ძღვნად, მაგრამ აღთქმისთვის მიღებული არ იქნება.

მალაქია 1:14
წყეულიმც იყოს ის თაღლითი, ვისაც ფარაში საღი მამალი პირუტყვი ჰყავს და მას აღუთქვამს, მაგრამ მსხვერპლად დასახიჩრებულს აღუვლენს უფალს. რადგან დიდი მეფე ვარ მე! – ამბობს ცაბაოთ უფალი, ჩემი სახელის მოშიშება აქვთ ერებში.


მსგავსი თემები:

ღვთისადმი ერთგულება

Advertisements