ათასწლოვანი სამეფო, ქრისტე აღადგენს ისრაელს ბიბლიის მუხლები

ესაია 25:7-8
ამ მთაზე შთანთქავს ყველა ხალხზე აფარებულ პირბადეს და ყველა ერზე აფარებულ რკინის ნიღაბს. სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს უფალი ღმერთი და მოსწმენდს ცრემლს ყველა სახიდან, მოაშორებს სირცხვილს თავის ხალხს მთელ ქვეყნიერებაზე, რადგან თქვა უფალმა.

ესაია 30:26
მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი შვიდჯერ მეტად გაბრწყინდება, შვიდი დღის ნათელივით; იმ დღეს უფალი შეუხვევს ჭრილობებს თავის ერს და მის მიერ მიყენებულ ჭრილობებს განუკურნავს.

ესაია 51:11-16
დაბრუნდებიან უფლის მიერ გამოსყიდულნი, სიმღერით მოვლენ სიონში და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავს, ლხინსა და სიხარულს დაიმკვიდრებენ ისინი, მოშორდებათ დარდი და ოხვრა. თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება? დაგვიწყებია უფალი, შენი გამჩენი, რომელმაც ცა გადაჭიმა და დედამიწა დააფუძნა. გამუდმებით გეშინია მჩაგვრელის რისხვისა, როდესაც განადგურებას გეგმავს. თუმცა სადაა მჩაგვრელის რისხვა? მალე გათავისუფლდება ტყვე, არ მოკვდება ორმოში, პური არ მოაკლდება. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ზღვას რომ აღელვებს და ააღრიალებს მის ტალღებს – ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე, რათა ცანი დამეფუძნებინა, დედამიწა დამეარსებინა და მეთქვა სიონისთვის: „ჩემი ხალხი ხარ შენ!”

ესაია 52:1-12
გაიღვიძე, გაიღვიძე, შენი ძალით შეიმოსე, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელით, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან ვეღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური. ჩამოიფერთხე მტვერი, აღსდექ, ტყვე იერუსალიმო, ქედის საკვრელები მოიხსენი, დატყვევებულო სიონის ასულო! რადგან ასე ამბობს უფალი: „მუქთად გაიყიდეთ და ვერცხლის გარეშე გამოისყიდებით”. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: „ერთ დროს, ეგვიპტეში იყო ჩასული ჩემი ხალხი საცხოვრებლად, აშური კი უმიზეზოდ ჩაგრავდა მას. ახლა კი, რა დამრჩენია აქ? – ამბობს უფალი – მუქთად არის ჩემი ერი წაყვანილი, გმინავენ მისი მთავრები, ამბობს უფალი, გამუდმებით, ყოველდღიურად იგმობა ჩემი სახელი. ამიტომ შეიცნობს ჩემი ხალხი ჩემს სახელს; ამიტომ, იმ დღეს შეიცნობს, რომ მე ვარ ის, რომელიც ამბობს – „აჰა, აქ ვარ!” რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარებლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარებლისა და ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!” ისმინე! შენმა გუშაგებმა ხმა აიმაღლეს, ერთად ყიჟინებენ, რადგან საკუთარი თვალით ხედავენ უფლის დაბრუნებას სიონში. აყიჟინდით, ერთად შემოსძახეთ სიხარულით, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი. გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი. გაშორდით, გაშორდით, გადით მანდედან, უწმიდურს ნუ შეეხებით! გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის საჭურველთმტვირთველნო. მაგრამ აჩქარებით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან, მცველად.

ესაია 65:17-19
რადგან, აჰა, ვქმნი ახალ ცას და ახალ დედამიწას. აღარ გაახსენდებათ პირვანდელი და გულზეც აღარავის მოუვა. გაიხარეთ და სამუდამოდ ილხინეთ იმით, რასაც ვქმნი, რადგან, აჰა, მე ვქმნი იერუსალიმს ლხინად და მის ხალხს – სიხარულად. ცდა მოვილხენ იერუსალიმში და გავიხარებ ჩემს ხალხში, და აღარ გაისმება მასში ტირილისა და მოთქმის ხმა.

ეზეკიელი 36:24-38
აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. გასხურებთ წმიდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისგან; ყველა თქვენი კერპისგან გაგასუფთავებთ. ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ. დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები. მე გიხსნით ყველა თქვენი სიბინძურისგან, მოვუხმობ ხორბალს, გავამრავლებ და არ მოვაწევ თქვენზე შიმშილს. უხვად მოგცემთ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა მეტად აღარ ითმინოთ შიმშილის გამო შერცხვენა ხალხებში. გაგახსენდებათ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი საქმენი და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და სისაძაგლეების გამო. თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, ამბობს უფალი ღმერთი, გაიგეთ! თქვენი გზების გამო შეგრცხვეთ, სახლო ისრაელისა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს, ყველა თქვენი ურჯულოებისგან რომ განგწმედთ, დავასახლებ თქვენს ქალაქებს და კვლავ აღორძინდებიან თქვენი ნანგრევები; დამუშავდება გაპარტახებული მიწა, გაუდაბურებული რომ იყო ყოველი გამვლელის თვალში. იტყვიან: ედემის ბაღად იქცა ეს აოხრებული ქვეყანაო; ნანგრევები, დაუსახლებელი და დანგრეული ქალაქები გამაგრდება და დასახლდება. მიხვდებიან გარშემო შემორჩენილი ხალხები, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული და დავრგე გაუდაბურებული! მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთებ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: ამაშიც ვუპასუხებ ისრაელის ტაძრის ლოცვას: ცხვარივით გავამრავლებ ხალხს. სამსხვერპლო ვერძებით, როგორც ცხვრით, ხომ ივსება სადღესასწაულო იერუსალიმი, ასე გაივსება დანგრეული ქალაქები ადამიანებით. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი”.

ეზეკიელი 37:1-28
უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე. გამატარა მათ შორის; ირგვლივ, აჰა, ფრიად ბევრი ეყარა ველზე და ძალზე გამხმარი იყო. მკითხა: „ძეო კაცისავ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?” ვთქვი: „უფალო ღმერთო, შენ იცი!” მითხრა: „უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, სულს შევიყვან თქვენში და გაცოცხლდებით. ძარღვებს მოგცემთ, ხორცით შეგმოსავთ, კანით დაგფარავთ და სულს ჩაგბერავთ, რომ გაცოცხლდეთ; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”. ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე; ვწინასწარმეტყველებდი, რომ ხმაური გავიგონე და, აჰა, ზანზარი და ძვალი თავის ძვალს მიედგა. შევხედე და, აჰა, ძარღვები აჩნდება, ხორცით იმოსება და კანით იფარება, სული კი არ იყო მათში. მითხრა: „უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ”. ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე, შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; ფრიად დიდძალი ლაშქარი წამოდგა ფეხზე. მითხრა: „ძეო კაცისავ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ, გახმა ჩვენი ძვლები, დაიღუპა ჩვენი იმედი, მთლიანად ამოვიხოცეთო!” ამიტომ უწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო, და ისრაელის მიწაზე მოგიყვანთ. მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენს საფლავებს რომ გავხსნი და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო! ჩემს სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; თქვენს მიწაზე დაგსვამთ და გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე” – ამბობს უფალი. და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე: იუდასთვის და მისი თანამდგომი ისრაელის ძეთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის ნაჭერი) და მისი თანამდგომი მთელი ისრაელის ტაძრისთვის. შემდეგ ერთმანეთს მიადგი, ერთი მეორე ნაჭერს, რათა ერთ ხედ გახდეს შენს ხელში. როცა გკითხავენ შენი ერის ძეები: გვითხარი, ეს რას ნიშნავსო? უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების ხის ნაჭერს, რომელიც ეფრემის და მის თანამდგომ ისრაელის ძეთა ხელშია და მივუდგამ მას იუდას ხის ნაჭერს, ერთ ხედ ვაქცევ მათ და ერთნი იქნებიან ჩემს ხელში. ხის ნაჭრები, ზედ რომ დააწერე, ხელში გეჭირება მათ თვალწინ. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გამოვიყვან ისრაელის ძეებს იმ ხალხებიდან, რომლებთანაც მივიდნენ; ყოველი მხრიდან შევკრებ მათ და თავიანთ მიწაზე მოვიყვან; იქ, ისრაელის მთებზე, ერთ ხალხად ვაქცევ მათ ქვეყანაში, ერთი მეფე ეყოლება ყველას მეფედ, აღარასოდეს იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ. აღარ შეიბილწებიან თავიანთი კერპებით, თავიანთი სისაძაგლეებით, არანაირი შეცოდებებით; ვიხსნი მათ ყოველი მათი საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ და განვწმენდ მათ. ჩემს ხალხად იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები. ჩემი მსახური დავითი ეყოლებათ მეფედ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას; ჩემი სამართლით ივლიან, ჩემს დადგენილებებს დაიცავენ და შეასრულებენ. იცხოვრებენ იმ მიწაზე, ჩემს მსახურ იაკობს რომ მივეცი, სადაც თქვენი მამები ცხოვრობდნენ, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე; დავითი, ჩემი მსახური, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე. მშვიდობის აღთქმას დავდებ მათთან და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვიდრებ მათ, გავამრავლებ და ჩემს საწმიდარს დავდგამ მათ შორის საუკუნოდ. ჩემი სამყოფელი იქნება მათთან; მათი ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან. მაშინ გაიგებენ ერები, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის განმწმედელი, როცა ჩემი საწმიდარი იქნება მათ შორის საუკუნოდ”.

ოსია 2:16-17
და იქნება იმ დღეს – ამბობს უფალი – დამიძახებ: ’ჩემო ქმარო!’ და აღარ დამიძახებ ‘ჩემო ბაყალო!’ მოვაცილებ ბაყალთა სახელებს მის ბაგეებს და აღარ იქნება ხსენებული მათი სახელები.

ზაქარია 8:1-17
და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი ეჭვით ვეჭვიანობ სიონზე და დიდი გულისწყრომით ვეჭვიანობ მასზე. ასე ამბობს უფალი: დავუბრუნდები სიონს და დავმკვიდრდები იერუსალიმის წიაღში. ამის მერე ერთგულ ქალაქად იწოდება იერუსალიმი და წმიდა მთად – მთა ცაბაოთ უფლისა. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისევ დასხდებიან ხანშიშესული კაცები და ქალები იერუსალიმის მოედნებზე, დღეთა სიმრავლის გამო თითოეული თავისი ყავარჯნით ხელში. მოთამაშე გოგო-ბიჭებით გაივსება ქალაქის მოედნები. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს მეტისმეტად რთულია იმ დღეებში დარჩენილი ხალხის თვალში, განა ჩემს თვალშიც რთულია? – ამბობს ცაბაოთ უფალი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გამოვიხსნი ჩემს ხალხს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის ჩასვლის ქვეყნიდან. მოვიყვან მათ და დამკვიდრდებიან იერუსალიმის წიაღში! იქნებიან ჩემი ხალხი და ვიქნები მათი ღმერთი, ჭეშმარიტებასა და სიმართლეში. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: გაიმაგრეთ ხელები, ვისაც გესმით ამ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ეს სიტყვები, ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების დღეს რომ წინასწარმეტყველებდნენ, რათა აშენებულიყო ტაძარი. რადგან იმ დღეებამდე არ ყოფილა საზღაური ადამიანისთვის და საზღაური საქონლის შრომისთვის; არც შემსვლელს ჰქონდა მშვიდობა მტერთაგან და არც გამომსვლელს; ყოველ ადამიანს თავისი მოყვასის წინააღმდეგ ვგზავნიდი. ახლა კი ამ დარჩენილი ხალხისთვის ისეთი არ ვარ, როგორც უწინდელ დღეებში – ამბობს ცაბაოთ უფალი. რადგან სიმშვიდეში დაითესება, ვაზი თავის ნაყოფს გამოიღებს და მიწა – თავისას, ცა თავის ნამს გაიღებს და დარჩენილ ხალხს დავუმკვიდრებ ამ ყოველივეს. და მსგავსად იმისა, წყევლად რომ იყავით ხალხებს შორის, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ახლა გიხსნით, რომ კურთხევა იყოთ. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელები. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა გადავწყვიტე თქვენთვის, როცა განმარისხეს თქვენმა მამებმა – ამბობს ცაბაოთ უფალი – და არ გადავიფიქრე, ისევე გადავწყვიტე, რომ სიკეთე ვუყო იერუსალიმისა და იუდას ხალხს ამ დღეებში. ნუ გეშინიათ! ესაა საქმენი, რაც უნდა აღასრულოთ – თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკეთ მოყვასს; ჭეშმარიტებითა და მშვიდობიანი სამართლით განიკითხეთ თქვენს კარიბჭეებში. გულში არავინ განიზრახოს ბოროტება მოყვასის მიმართ და ყალბად დაფიცებას ნუ შეიყვარებთ, რადგან მძულს ეს ყოველივე – ამბობს უფალი.

ზაქარია 9:11-17
შენ კი: შენთან დადებული აღთქმის გამო, სისხლით რომ იქნა დაბეჭდილი, გავათავისუფლებ შენს ტყვეებს უწყლო ჭიდან. დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, ტყვენო, რომლებსაც გაქვთ იმედი! დღეს გიცხადებთ, რომ ორმაგად აგინაზღაურებთ დანაკარგს. რადგან მშვილდივით მოვზიდავ იუდას და ისრებად მექნება ეფრემი; აღვძრავ შენს ძეებს, სიონო, შენი ძეების წინააღმდეგ საბერძნეთო, და მეომრის მახვილივით გაქცევ. უფალი გამოჩნდება მათ თავზე და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა სამხრეთის ქარიშხლებში. ცაბაოთ უფალი დაიცავს მათ, გაანადგურებენ და გათელავენ შურდულის ქვებს. დალევენ და მთვრალი კაცებივით აყიჟინდებიან ბრძოლაში; თასივით აივსებიან, სამსხვერპლოს რქებივით. უფალი, მათი ღმერთი, იხსნის მათ იმ დღეს, როგორც თავისი ხალხის ფარას, რადგან გვირგვინის ქვებივით არიან ისინი, ბრწყინავენ მის ქვეყანაზე. რამდენად დიდია მისი სიკეთე და რამდენად დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს ხორბალი მისცემს ძალას, ქალწულებს – მაჭარი.

რომაელთა 11:25-27
რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან. და ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღმრთოებას ააცდენს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს”.

ეფესელთა 3:11-13
საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით. ამიტომ გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები, რადგან ეს თქვენი დიდებაა.


მსგავსი თემები:

ათასწლიანი სამეფო       ათასწლოვანი სამეფო, დედამიწა ღვთის შემეცნებით სავსე       ათასწლოვანი სამეფო, საყოველთაო მშვიდობა და კურთხევა       ათასწლოვანი სამეფო, ქრისტე მუსრავს ბოროტებას

Advertisements