ახალგაზრდობა ბიბლიის მუხლები

იგავნი 20:29
ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი – მათი ჭაღარა.

ფსალმუნები 102:5
სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.

ფსალმუნები 143:12
დაე, ნერგებივით იზრდებოდნენ ჩვენი ძენი სიყმაწვილიდანვე; და იყვნენ ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის მშვენივრად თლილი სვეტები.

1 ტიმოთეს 4:12
აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის – სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.

ტიტეს 2:6
ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ გონიერნი იყვნენ.

იგავნი 7:1-2
შვილო, ჩემი ნათქვამი დაიცავი და შენში დაიუნჯე ჩემი მცნებანი. დაიცავი ჩემი მცნებები და მოძღვრებები, როგორც საკუთარი თვალის ჩინი და იცოცხლებ.

ლუკას 15:11-32
კიდევ თქვა: „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება. და გაუყო შვილებს მამამ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა. ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა. ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა. როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე, ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი! ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა. უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე. მამამ კი უთხრა თავის მონებს: სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით! მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ! ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა. უფროსი ვაჟი კი მინდროში იმყოფებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ეს რა ამბავია? მან უთხრა: შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი ჯანსაღი დაუბრუნდა. ის გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა. მაგრამ მან უთხრა: რამდენი წელია გემსახურები, არასდროს გადავსულვარ შენს ბრძანებას და ციკანიც კი არასოდეს მოგიცია, რომ ჩემს მეგობრებში მემხიარულა. ხოლო, ეს შენი ვაჟი რომ მოვიდა, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაანიავა, ნასუქი ხბო დაუკალი. მან კი მიუგო: შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია. მაგრამ ახლა უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ნაპოვნ იქნა”.

ფსალმუნები 118:9
როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ.

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

ფსალმუნები 70:17
ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც შენს საოცრებაზე ვლაპარაკობ.

1 პეტრეს 5:15
ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.

გამოსვლა 20:12
პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.

იგავნი 1:8
ისმინე შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.

იგავნი 6:20
შვილო, მამაშენის მცნებები დაიცავი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.

იერემია 1:6-8
მივუგე: „ო, უფალო ღმერთო, აჰა, არ ვიცი როგორ ვილაპარაკო, რადგან ყმაწვილი ვარ”. მომიგო უფალმა: „ნუ იტყვი, ყმაწვილი ვარო, ვინაიდან ყველგან, სადაც გაგგზავნი, წახვალ და ყველაფერს იტყვი, რასაც გიბრძანებ. ნუ შეუშინდები მათ სახეებს, რადგან შენთან ვარ და დაგიფარავ!” – ამბობს უფალი.

იგავნი 7:7-27
და დავინახე გულუბრყვილონი, ვაჟებს შორის უგუნური ყმაწვილი შევამჩნიე. ქუჩაზე გადამავალი, ქალის სახლის კუთხესთან; მისი სახლის გზას დაადგა, შებინდებულზე, შუაღამესა და წყვდიადში. და აი, მეძავივით შემოსილი ქალი გამოეგება, ცბიერი გულით; დაუდგრომელი და ურჩია იგი, შინ ფეხს ვერ აჩერებს: ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე, ყოველ კუთხეში საფრდება; ჩაებღაუჭა, კოცნის და ურცხვად ეუბნება: „სამშვიდობო მსხვერპლი აღვუთქვი და დღეს აღვასრულე ჩემი დანაპირები, ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, გეძებდი და კიდეც გიპოვე! ფარდაგებით მოვფინე ჩემი სარეცელი, ეგვიპტის ნაქარგი ქსოვილით, მური ვაპკურე ჩემს საწოლს, ალოე და დარიჩინი, შემოდი, დილამდე გავძღეთ სიყვარულით, ვინეტაროთ ალერსით! რადგან სახლში არ არის ჩემი ქმარი, შორ გზაზე წავიდა. ფულით სავსე ქისა წაიღო, შინ სავსე მთვარისას დაბრუნდება. მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი. მყისვე უკან გაჰყვა დასაკლავი ხარივით და შებორკილი სულელივით, დასასჯელად რომ მიჰყავთ. ფრინველივით იჩქარის მახისკენ, სანამ ისარი არ დალახვრავს მის ღვიძლს; ის კი არ იცის, რომ სულს დაიღუპავს. ამიტომ, მისმინეთ ახლა შვილებო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს: ნუ გადაუხვევს თქვენი გულები იმ ქალის გზებისკენ და ნურც მის ბილიკებზე იხეტიალებთ, რადგან მრავალი დასცა მან განგმირული, თვლა არ აქვს მისგან დახოცილთ. მისი სახლი ქვესკნელის გზაა, მკვდართა სამყოფელში ჩამავალი.

ეკლესიასტე 12:1
გახსოვდეს შენი შემოქმედი შენი სიჭაბუკის დღეებში, ვიდრე დაგიდგება ავი დღეები და გეწევა წლები, რომლებზეც იტყვი:„ აღარ მახარებს ისინი!”

Advertisements