ცოდვის ნაყოფები ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:7-24
აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის. მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „სადა ხარ?” მიუგო ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”. „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?” უთხრა ადამმა: „შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”. უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: „ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: „გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ! ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!” უთხრა ქალს: „დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”. უთხრა ადამს: “რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!” ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ. შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”. და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა. გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა. თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”. და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული. და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.

დაბადება 4:10-14
უთხრა უფალმა: „ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი. დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!” უთხრა კაენმა უფალს: „მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი! აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.

დაბადება 6:5-7
და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა. მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა. თქვა უფალმა: „აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.

მეორე რჯული 29:18
ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს.

იობი 4:8
რაც მე მინახავს, სიავის მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.

ფსალმუნები 5:10
განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; უკუაგდე ისინი თავიანთი ცოდვების სიმრავლისთვის, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ.

იერემია 2:17
განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, გზად რომ მიჰყავდი?

ფსალმუნები 9:15-16
თავიანთ ამოთხრილ ორმოში ჩაცვივდნენ ერები, მათ მიერვე დაგებულ ბადეში გაება მათი ფეხი. გაცხადდა უფალი, სამართლის მოქმედი, უმართლო თავისი ხელით დაგებულ მახეში გაება.

იერემია 2:19
შენივე ბოროტმოქმედება დაგსჯის და შენივე განდგომა გამხელს; დაფიქრდი და ნახე, რა ცუდია და რა მწარე, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი და შიში აღარ გაქვს ჩემ წინაშე” – ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.

ფსალმუნები 9:22
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.

იერემია 4:18
შენმა გზამ და შენმა საქმეებმა დაგატეხა ეს ყველაფერი; ასეთია შენი ბოროტება, იმდენად მწარეა იგი, რომ გულამდე მოგწვდა!

იერემია 5:23-25
ეს ხალხი კი ურჩია, მეამბოხე გული აქვს; ამიჯანყდნენ და წავიდნენ. გულშიც კი არ უთქვამთ: „გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”. თქვენმა ურჯულოებამ მიატრიალა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა წაგართვათ ეს სიკეთე.

ფსალმუნები 93:23
მათ დაუბრუნებს მათივე დანაშაულს და მათივე ბოროტებისთვის მოსპობს მათ; უფალი, ჩვენი ღმერთი მოსპობს მათ.

იერემია 7:19
მაგრამ განა მე მაგულისებენ ისინი, – ამბობს უფალი, – უფრო თავის თავს არცხვენენ.

იერემია 14:16
და ის ხალხიც, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, შიმშილისა და მახვილის ძალით დაიყრება იერუსალიმის ქუჩებში. არავინ იქნება მათი ცოლების, მათი ძეებისა და ასულების დამმარხველი; გადმოვღვრი მათზე მათივე ბოროტებას.

იგავნი 1:29-31
რადგან ცოდნა სძულდათ და უფლის შიში არ აირჩიეს, არ მიიღეს ჩემი რჩევა და მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება. იგემებენ თავიანთი გზების ნაყოფიდან და მათივე ბოროტი ზრახვებით დანაყრდებიან.

იგავნი 3:35
ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ბრიყვთა მემკვიდრეობა კი დამცირებაა.

იერემია 21:14
დაგსჯით თქვენი საქმეების მიხედვით, ამბობს უფალი, ცეცხლს ავაგიზგიზებ თქვენს ტყეში და თავის ირგვლივ ყველაფერს შეჭამს იგი”.

ეზეკიელი 11:21
ხოლო ვისაც სიბილწეებისა და სისაძაგლეებისკენ მიელტვის გული, მათსავე საქციელს მოვაწევ თავზე”, – ამბობს უფალი ღმერთი.

იგავნი 5:22-23
ბოროტეული საკუთარი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება. შეგონების გარეშე მოკვდება იგი და თავისი სიბრიყვის სიმრავლით დაიკარგება.

იგავნი 8:36
ჩემს წინააღმდეგ შემცოდე კი თავს იზიანებს. ყოველ ჩემს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.

ეზეკიელი 23:31-35
შენი დის გზით დადიოდი და მის ფიალას მოგცემ ხელში. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის ფიალას დალევ, ღრმასა და ფართოს! სასაცილო და მასხრად აგდებული იქნები, რადგან ბევრს იტევს იგი. სიმთვრალითა და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთილებისა და განადგურების ფიალაა, შენი დის, სამარიის ფიალა. დალევ, ფსკერამდე ამოაშრობ, კიდეებს დაუხრავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი! – ამბობს უფალი ღმერთი. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან დამივიწყე და ზურგი მაქციე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილებისა და მრუშობის სასჯელი”.

იგავნი 10:24
უკეთურს ის შეემთხვევა, რისაც ეშინია, მართალს კი საწადელი აუსრულდება.

იგავნი 10:29-31
უფლის გზა სიმაგრეა უბიწოთათვის, სიავის ჩამდენთათვის კი განადგურება. საუკუნოდ არ შეირყევა მართალი, ბოროტეული კი ვერ დამკვიდრდება ქვეყანაზე. მართლის პირიდან სიბრძნე მოედინება, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.

ფსალმუნები 10:5-7
უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ძალადობის მოყვარული სძაგს მის სულს. ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტებზე – ცეცხლსა და გოგირდს; ქარბორბალაა მათი ხვედრი. რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე და გულწრფელი იხილავს მის სახეს.

ოსია 12:14
ეფრემმა განარისხა თავისი უფალი, მასზეა მისი სისხლისმღვრელი საქმეები და დიდი ბატონი მიუზღავს მას სიძულვილისთვის.

იგავნი 11:18-19
უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს. სიმართლეს კაცი სიცოცხლისკენ მიჰყავს, ბოროტების მიმდევარს კი სიკვდილი დაატყდება.

მიქა 7:13
გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა გამო, მათ საქმეთა ნაყოფის გამო.

მარკოზის 7:21-23
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს”.

რომაელთა 5:12-21
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა, რადგან რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყანაზე, ცოდვა კი, არ ითვლება თუ რჯული არ არის, თუმცა სიკვდილი სუფევდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ ადამივით, რომელიც მომავლის სახეა. მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს. ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა. რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილში, ისე მადლს ემეფა სიმართლეში, მარადიული სიცოცხლისათვის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

იგავნი 12:21
არავითარი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ბოროტეულნი კი უბედურებით არიან სავსენი.

რომაელთა 7:5
ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.

1 კორინთელთა 3:3
იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ დღემდე შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანთა ჩვეულებისამებრ არ იქცევით?

1 კორინთელთა 6:9-11
განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

გალატელთა 6:7
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.

იგავნი 12:26
მართალი კაცი თავისი მოყვასის დამკვალიანებელია, ბოროტეულთ კი მათივე გზა დაღუპავს.

ესაია 3:9
მათივე სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ, სოდომელებივით ამჟღავნებენ თავიანთ ცოდვებს, არ ფარავენ; ვაი მათ, რადგან ბოროტებას მოაწევენ საკუთარ თავებს.

ესაია 57:20-21
ბოროტეულნი კი აღელვებულ ზღვასავით არიან, რომელსაც დამშვიდება არ შეუძლია, შლამსა და ტალახს გამორიყავს მისი წყალი. არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის! – ამბობს ჩემი ღმერთი.

Advertisements