ცრუ ბრალდებების მაგალითები ბიბლიის მუხლები

დაბადება 39:7-20
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან”. მაგრამ იუარა იოსებმა და უთხრა ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა გააჩნია, რადგან მთელი თავისი ქონება მე ჩამაბარა. ამ სახლში ჩემზე დიდი არავინაა; არაფერი ამიკრძალა შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?” და ყოველდღე სთავაზობდა ქალი იოსებს, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია იოსები. ერთ დღეს იოსები თავის საქმეზე შევიდა სახლში; შინ არავინ იყო სახლეულიდან; ჩაეჭიდა ქალი იოსებს სამოსელში და უთხრა: „წამოდი, დაწექი ჩემთან!” და ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი, გაიქცა და გარეთ გავარდა. დაინახა რა ქალმა, რომ ხელში შეატოვა სამოსელი იოსებმა და გარეთ გაიქცა, დაუძახა თავის სახლის კაცებს და უთხრა: „შეხედეთ, ჩვენს დასაცინად მოგვიყვანა ებრაელი კაცი! ჩემთან დასაწოლად შემოვიდა, მაგრამ მე დიდი ხმით ვიყვირე; ჩემი კივილი რომ გაიგონა, მიატოვა სამოსელი და გაიქცა”. გვერდით დაიდო ქალმა ბატონის შინ დაბრუნებამდე იოსების ტანსაცმელი. და ასე უამბო ქმარს ეს ამბავი: „შენი მოყვანილი ებრაელი მონა, ჩემთვის პატივის ასახდელად შემოვიდა! ხმა რომ ავიმაღლე და ვიკივლე, სამოსელი ჩემთან მიატოვა და გარეთ გაიქცა!” როცა მოისმინა იოსების ბატონმა ცოლის ნათქვამი: შენი მონა ასე მომექცაო! ძალიან განრისხდა. წაიყვანა ბატონმა იოსები და ჩააგდო საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეულნი. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.

დაბადება 42:9-14
და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათ შესახებ რომ დაესიზმრა. უთხრა: „ჯაშუშები ხართ, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით”. უთხრეს: „არა, ბატონო, საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი! ყველანი ერთი კაცის ძენი ვართ; პატიოსანი ხალხი ვართ შენი მსახურნი, ჯაშუშები არა ვართ!” თქვა იოსებმა: „არა, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით!” უთხრეს: „თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ერთი კაცის ძენი, ქანაანის ქვეყნიდან; უმცროსი მამასთან დარჩა, ერთი კი აღარ გვყავს”. თქვა იოსებმა: „ასეა, როგორც გითხარით, ჯაშუშები ხართ!

რიცხვნი 16:3
შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: “მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე! რადგან წმიდაა მთელი თემი და უფალი მკვიდრობს მასში! რატომ აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?”

1 მეფეთა 22:11-16
დაიბარა მეფემ ახიტუბის ძე, ახიმელექ მღვდელი, მამამისის მთელი სახლი და სამღვდელოება, რაც ნობში იყო; ყველანი მივიდნენ მეფესთან. უთხრა საულმა: „მომისმინე, ახიტუბის ძევ!” მიუგო: „აქა ვარ, ჩემო ბატონო”. უთხრა საულმა: „რად შეითქვით შენ და იესეს ძე? პური და მახვილი მიგიცია მისთვის და ღმერთსაც დაკითხვიხარ მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინააღმდეგ, როგორც დღეს გამოაშკარავდა”. მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: „ვინ გყავს დავითივით ერთგული მსახურთა შორის? ვინ არის მეფის სიძე, მცველთა უფროსი და პატივდებული შენს სახლში? განა იმ დღეს პირველად დავეკითხე ღმერთს მის გამო? შორს ჩემგან! ნურაფერში დაადანაშაულებს მეფე თავის მსახურსა და მამაჩემის მთელ სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მსახურმა, არც მცირე, არც დიდი”. თქვა მეფემ: „მოკვდები, ახიმელექ, შენცა და მამაშენის მთელი სახლიც”.

2 მეფეთა 3:24-27
მივიდა იოაბი დავითთან და უთხრა: „ეს რა ჰქენი? აჰა, აბნერი მოსულა, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე. განა არ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ იცოდეს, როდის გადიხარ და როდის შემოდიხარ, ყველაფერი გაიგოს, რასაც აკეთებ”. დავითისგან რომ გამოვიდა იოაბი, მოციქულები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან მოაბრუნა. არ იცოდა ეს ამბავი დავითმა. დაბრუნდა აბნერი ხებრონს და გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომ განმარტოებით სურდა საუბარი; იქ ჩასცა მახვილი მუცელში, თავისი ძმის, ყასაელის სისხლის გამო და მოკვდა აბნერი.

2 მეფეთა 10:3
უთხრეს ყამონელთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: “რას ფიქრობ, ნუთუ მამაშენის პატივსაცემად გამოგზავნა დავითმა ნუგეშისმცემელნი? განა ქალაქის დასათვალიერებლად და დასაზვერად არა? აჰა, მის ასაოხრებლად გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები”.

ეზრა 4:6-16
ახაშვეროშის მეფობის დროს, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს ცილისწამება იუდასა და იერუსალიმის მცხოვრებლებზე. და ართახშასთას, სპარსეთის მეფის დღეებში, მისწერეს ართახშასთას ბილშამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა. წერილი არამეული ასოებით იყო დაწერილი, არამეულ ენაზე. რეხუმ მმართველმა და შიმშაი მწიგნობარმა იერუსალიმის წინააღმდეგ მეფე ართახშასთას შემდეგი წერილი მისწერეს: დაწერეს რეხუმ მმართველმა, შიმშაი მწიგნობარმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა – მსაჯულებმა, აფარსათიქელელებმა, მმართველებმა, ერეხელებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა ანუ ყელამელებმა და დანარჩენმა ხალხმა, რომლებიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ოსნაფარმა და დაასახლა ისინი ქალაქ სამარიაში, მდინარის გაღმა მცხოვრებლებმა და სხვებმა. ეს არის ასლი იმ წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას, ართახშასთა მეფეს: „შენი მსახურნი, მდინარის გაღმა მცხოვრები კაცები და სხვები. ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ იუდეველნი, რომლებიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან ამოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ამ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს, კედლები აღმართეს და საძირკვლებს ამაგრებენ. ახლა ეუწყოს მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, მაშინ ისინი გადასახადს, ხარკსა და ბეგარას აღარ გადაიხდიან და სამეფო ხაზინა დაზარალდება. და რაკი სასახლის მარილით ვსაზრდოობთ, მეფის ლანძღვის ყურება არ შეგვფერის, ამიტომ გამოვგზავნეთ წერილი და შევატყობინეთ მეფეს. მოიძიონ შენი მამების მატიანე და შეიტყობ წიგნებში არსებული ჩანაწერების მეშვეობით, რომ ეს ქალაქი მეამბოხე ქალაქია და საზიანოა მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ოდითგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, ამიტომ დაანგრიეს ეს ქალაქი. ვატყობინებთ მეფეს, რომ თუ აშენდა ეს ქალაქი და გასრულდა კედლები, მაშინ მდინარის გამოღმა წილი აღარ დაგრჩება!”

ნეემია 6:6-8
წერილში ეწერა: „ერებში ხმა დადის და გაშმუც ამბობს, რომ შენ და ებრაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული და კედელსაც ამიტომ აშენებ. ამავე ხმების თანახმად, მათზე გამეფება გაქვს განზრახული. წინასწარმეტყველებიც დაგიდგენია, რათა იერუსალიმში განაცხადონ შენზე და თქვან: არის მეფე იუდაში! ახლა მეფესაც აცნობებენ ამ სიტყვებს; ამიტომ მოდი და მოვილაპარაკოთ”. გავუგზავნე მაცნე და შევუთვალე: „ასეთი რამ, რასაც ამბობ, არ თქმულა, რადგან შენი გონებით თხზავ მაგას!”

იერემია 26:8
დაასრულა თუ არა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც უფალმა უბრძანა ხალხისთვის სათქმელად, შეიპყრეს იგი მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა და მთელმა ხალხმა, და უთხრეს: „უნდა მოკვდე!

იერემია 37:13
მივიდა ბენიამინის კარიბჭესთან, სადაც ზედამხედველთა უფროსი, სახელად ირყია, ძე შელემიასი, ხანანიას ძისა, დახვდა. შეაჩერა წინასწარმეტყველი იერემია და უთხრა: „ქალდეველებთან აპირებ გაქცევას”.

იერემია 43:2
მაშინ ყაზარია ჰოშაიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და დანარჩენმა ქედმაღალმა კაცებმა უთხრეს იერემიას: „ტყუილს ამბობ, იმის სათქმელად არ გამოუგზავნიხარ უფალს, ჩვენს ღმერთს, არ გადახვიდეთ ეგვიპტეში, იქ საცხოვრებლადო!

ამოსი 7:10
ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, შეუთვალა იერობყამს, ისრაელის მეფეს. აუწყა: შეთქმულებას გიწყობს ამოსი ისრაელის სახლის შუაგულში; მიწა ვერ აიტანს მის ყველა სიტყვას.

მათეს 12:2-14
დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”. იესომ უპასუხა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ? როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს? ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან? ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს. რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”. წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა. და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს? მან კი უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”. და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.

მათეს 26:59-61
მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი, და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი და თქვეს: „ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.

მარკოზის 14:53-65
მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. პეტრე შორიახლო მიჰყვებოდა მას თვით მღვდელმთავრის ეზომდე; დაჯდა მსახურებთან და ცეცხლთან თბებოდა. ხოლო მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი იესოს წინააღმდეგ მოწმობას ეძებდნენ, რომ მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ზოგი წამოდგა და ცილს სწამებდა მას; ამბობდნენ: გავიგონეთ, რომ ამბობდა: ამ ხელთქმნილ ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს ავაშენებო. მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. ადგა მღვდელმთავარი, იესოსთან მივიდა და ჰკითხა: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?” ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა. ისევ ჰკითხა მღვდელმთავარმა: „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?” იესომ თქვა: „მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”. მაშინ სამოსელი შემოიხია მღვდელმთავარმა და თქვა: „რაღად გვინდა მოწმეები? თქვენ გაიგონეთ გმობა! რას იტყვით?” მაშინ ყველამ სასიკვდილო მსჯავრი დასდო მას. ზოგიერთებმა ფურთხება დაუწყეს, თვალები აუხვიეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო. მსახურნი კი სახეში ურტყამდნენ.

იოანეს 18:30
უთხრეს: „ბოროტის მოქმედი რომ არ იყოს, არ გადმოგცემდით”.

საქმეები 6:11
მაშინ წააქეზეს კაცები და ათქმევინეს: „გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსესა და ღმერთის საგმობ სიტყვებს”.

საქმეები 21:28
ყვიროდნენ: „კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ უქადაგებს; ახლა ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი”.

რომაელთა 3:8
მაშ, ხომ არ ვაკეთო ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? – როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია მსჯავრი ასეთებზე.

საქმეები 16:20
მთავრებს რომ მიჰგვარეს, უთხრეს: „ეს კაცები იუდეველნი არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.

იობი 1:9
მიუგო სატანამ უფალს: „განა ამაოდაა იობი ღვთისმოშიში?

იობი 2:4-5
მიუგო სატანამ უფალს: „ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერს გაიღებს კაცი; აბა, გაიწოდე ხელი და მის ძვალსა და ხორცს შეეხე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!