ცრუ წინასწარმეტყველები ბიბლიის მუხლები

ესაია 8:19-20
როცა გეტყვიან: „დაეკითხეთო მესულთნეებსა და გრძნეულებს, რომლებიც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენ; განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ ეკითხება, განა მკვდრებს უნდა ეკითხებოდნენ ცოცხალთა გამო?” რჯულსა და მოწმობას მიმართეთ! თუ ამ სიტყვის მიხედვით არ ამბობენ, სინათლე არ არის მათში.

მათეს 7:15-16
უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?

მეორე რჯული 18:21-22
თუ იტყვი გულში: როგორ გავიგო, რომელი სიტყვა არ მოდისო უფლისგან? თუ უფლის სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მაგრამ არ ასრულდება სიტყვა და არ ახდება, მაშინ არ ყოფილა ეს სიტყვა უფლის ნათქვამი; თვითნებურად ილაპარაკა წინასწარმეტყველმა. ნუ გეშინიათ მისი.

იერემია 23:14-17
იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელება დავინახე: მრუშობენ, სიცრუეში დადიან და ბოროტმოქმედებს უჭერენ მხარს, რათა არც ერთი მათგანი არ მობრუნდეს თავისი ბოროტებისგან. ყველანი სოდომივით გახდნენ, გომორას მკვიდრებივით. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებზე: „აი, ვაჭმევ მათ აბზინდას და ვასმევ შხამიან წყალს, ვინაიდან იერუსალიმის წინასწარმეტყველებისგან გამოდის სიბილწე მთელ ქვეყანაზე”. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ; ფუჭია, საკუთარი გულის ხილვებს აცხადებენ და არა იმას, რაც უფლის ბაგედანაა. ჩემს მაძაგებელთ ეუბნებიან, უფალი ამბობს, მშვიდობა გექნებათო! ყველა ურჩი გულით მავალს ეუბნებიან, უბედურება არ მოგეწევათო!

იერემია 28:15
უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: „ახლა, მისმინე ხანანია! უფალს არ გამოუგზავნიხარ, ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.

გამოცხადება 2:20
მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ თავის ნებაზე უშვებ დედაკაც იეზაბელს, თავის თავს წინასწარმეტყველს რომ უწოდებს, და ასწავლის და აცდენს ჩემს მორჩილთ, რომ იმეძაონ და კერპთშენაწირი ჭამონ.

1 იოანეს 4:1-3
საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის; ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.

2 პეტრეს 2:1-3
მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე. მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა. ანგარებით, მაცდური სიტყვებით გამოგიყენებენ საკუთარ თა­ვზე მსჯავრის დასატეხად; არ დააგვიანებს მათი განკითხვა და არ თვლემს მათი დაღუპვა.

მათეს 24:24
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

იერემია 14:14-15
და მითხრა უფალმა: „სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი, არ მიბრძანებია მათთვის და არც მილაპარაკია მათთან; ცრუ ხილვებს, მისნობას, ამაოებასა და თავიანთი გონებით შეთხზულ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ”. ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: „ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ: მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი მოისპობიან მახვილითა და შიმშილით!

იერემია 23:25-28
გავიგონე, რას ამბობდნენ წინასწარმეტყველნი, ჩემი სახელით რომ წინასწარმეტყველებდნენ სიცრუეს და ამბობდნენ: სიზმარი ვნახე, სიზმარიო! როდემდე ექნებათ ასეთი გული სიცრუის წინასწარმეტყველთ? როდემდე იწინასწარმეტყველებენ საკუთარი გულის საცდურიდან? ცდილობენ თავიანთი სიზმრებით, ერთმანეთს რომ უყვებიან, დაავიწყონ ჩემს ხალხს ჩემი სახელი, როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაყალის გამო. წინასწარმეტყველმა, ვინც სიზმარი ნახა, მოყვეს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა ილაპარაკოს. რა საერთო აქვს ბზეს ხორბალთან? ამბობს უფალი.

2 კორინთელთა 11:13-15
რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ. თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს. მაშ, რაღა გასაკვირია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს ღებულობენ? მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.

იერემია 5:13
წინასწარმეტყველნი სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, მღვდლები მათი მეშვეობით ბატონობენ, ჩემს ხალხს კი მოსწონს ეს, მაგრამ ბოლოს რაღას იზამთ?”

Advertisements