დანაშაულის ადამიანური მხარეები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 50:1-7
შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და გამასუფთავე ჩემი ცოდვისგან. ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა. შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და უმწიკვლო – შენს სამართალში. აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს. აჰა, გულში დაფარული ჭეშმარიტება გსურს, დაფარულში მასწავლი სიბრძნეს. მასხურე უსუპი და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.

დაბადება 42:21
უთხრეს ერთმანეთს: „ნამდვილად დამნაშავენი ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვხედავდით მის ტანჯვას, როცა გვევედრებოდა, ჩვენ კი არ შევისმინეთ! ამიტომ დაგვატყდა ეს გასაჭირი”.

ფსალმუნები 31:1-4
ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი და ვის სულშიც არ არის სიცრუე. როდესაც ვდუმდი ჩემს ცოდვაზე, ძვლები გამიცვითა ყოველდღიურმა გოდებამ. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, ზაფხულის გვალვამ შეცვალა სინედლე ჩემი.

იოანეს 8:3-11
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. უთხრეს იესოს: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული; მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?” ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!” მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: „დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?” ქალმა უპასუხა: „არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.

ებრაელთა 9:9
ეს აწმყო დროის ნიმუშია, როცა სწირავენ ძღვენსა და მსხვერპლს, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულქმნა,

1 იოანეს 3:19-20
ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და დავიმშვიდებთ გულს მის წინაშე. რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.

ლევიანნი 5:17
და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენს რამეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო და არ იცოდა, დამნაშავეა იგი და თავის ცოდვას ატარებს.

ესაია 24:5-6
შეიბილწა ქვეყანა მისი მცხოვრებლებით, რადგან განუდგნენ რჯულს, შებღალეს წესი და დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა; მისი მცხოვრებნი არიან დამნაშავენი. გადაიბუგნენ ქვეყნის მკვიდრნი და მცირედნიღა დარჩნენ.

ეზეკიელი 18:19-20
მერე იტყვით: რატომ არ იტვირთავს ძე მამამისის უმართლობასო? ძე კი, თუ სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა, ჩემს ყველა წესს იცავდა და ასრულებდა – უცილობლად იცოცხლებს! ცოდვილი კაცი კი მოკვდება! ძემ არ უნდა იტვირთოს თავისი მამის უმართლობა და მამამ – ძისა; მართალზე მისი სიმართლე იქნება და ბოროტზე – მისი ბოროტება.

ოსია 10:1-2
განტოტვილი ვაზია ისრაელი, ნაყოფიერი: რაც უფრო მრავლადაა მისი ხილი, მით უფრო გაიმრავლა სამსხვერპლოები, რაც უფრო კარგი იყო მისი ქვეყანა, მით უფრო დაამშვენა სვეტები. გაიყო მათი გული, ამიტომაც დაისჯებიან – ის დაანგრევს მათ სამსხვერპლოებს, ის გაანადგურებს მათ ძეგლებს.

ოსია 13:16
დადანაშაულდება სამარია, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან! აიკუწებიან მისი ბავშვები და გაიფატრებიან მისი ორსულნი.

მათეს 12:35-36
კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;

რომაელთა 14:12
ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს.

2 კორინთელთა 5:10
ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს.

გამოცხადება 20:12
ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ.

ესაია 59:1-3
აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს! არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს! რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში – თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.

იერემია 2:22
ნაცარტუტითაც რომ გაიხეხო, საპონიც რომ არ დაიშურო, შენი ურჯულოება მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე!” – ამბობს უფალი ღმერთი.

ებრაელთა 10:1-2
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები. თორემ შეწყვეტდნენ შესაწირს, ცოდვილი სინდისის არქონის გამო, ვინაიდან, ერთი შეწირვით განიწმიდებოდნენ შემწირველნი.

ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

2 მეფეთა 24:10
გული აუფორიაქდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. და უთხრა დავითმა უფალს: „დიდად შეგცოდე იმით, რაც ჩავიდინე; ახლა, გემუდარები, უფალო, მიუტევე შენს მსახურს ცოდვა, რადგან ძლიერ უგუნურად მოვიქეცი”.

2 კორინთელთა 7:10
ვინაიდან ღვთის გულისთვის დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას გადასარჩენად, რაც არ გახდება სანანებელი, ხოლო ქვეყნიერების ნაღველი სიკვდილს წარმოშობს.

მათეს 27:3-5
როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა. უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი!” ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.

ეზრა 9:1-7
ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების – ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს, ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შემოვიხიე სამოსი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი გაოგნებული. შემოიკრიბა ყველა, ვინც თრთოდა ისრაელის ღმერთის სიტყვაზე განდევნილობიდან დაბრუნებულთა შორის მომხდარ ამ უმართლობის გამო; მე კი საღამოს მსხვერპლშეწირვის დაწყებამდე გაოგნებული ვიჯექი. საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე. ვთქვი: „ღმერთო ჩემო! შერცხვენილი ვარ და ვერ ვბედავ სახე მოგაპყრო, ღმერთო ჩემო, რადგან დანაშაული ჩვენი გამრავლდა და ბრალი ჩვენი ცას მისწვდა. ჩვენი მამების დღეთაგან დღემდე ბევრს ვაშავებთ; ჩვენი ცოდვების გამო ჩავუვარდით ჩვენ, ჩვენი მეფენი და მღვდელნი უცხო ქვეყნების მეფეთა ხელს – მახვილის ქვეშ, ტყვეობაში, ძარცვასა და სირცხვილში, როგორც დღეს ვართ.

ეზრა 10:1
როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული – კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.

ფსალმუნები 39:11-12
ო, უფალო, არც შენ შეაკავო შენი თანაგრძნობა; დაე, მუდამ მიცავდეს შენი წყალობა და ჭეშმარიტება. რადგან აურაცხელი უბედურება მახვევია გარს, ჩემი ცოდვები წამომეწია და ვეღარაფერს ვხედავ; ჩემი თავის თმაზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.

იგანი 28:17
ადამიანის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე ირბენს. ნურავინ დაეხმარება მას.

გოდება იერემიასი 1:20
მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს; სული შემიწუხდა და გული გადამიბრუნდა, რადგან ავჯანყდი შენს წინააღმდეგ: გარეთ მახვილმა ამომიხოცა შვილები, და სახლშიც სიკვდილია.

იერემია 23:38-40
თუ კიდევ იტყვით – ტვირთი უფლისა, ასე ამბობს უფალი, რადგან მაინც ამბობთ – ტვირთი უფლისა, მე კი დაგავალეთ, რომ არ გეთქვათ ტვირთი უფლისა, აჰა, საუკუნოდ მოგიშორებთ ჩემი სახიდან, მიგატოვებთ თქვენ და თქვენს ქალაქს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს. მოვაწევ თქვენზე ლანძღვასა და სამუდამო დამცირებას, რომელსაც აღარ დაივიწყებენ”.

ესაია 6:1-7
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!” და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. ვთქვი: „ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”. და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით. ბაგეზე შემახო და თქვა: „აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა”.

დაბადება 3:8-10
მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის. მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „სადა ხარ?” მიუგო ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.

ფსალმუნები 50:11
ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.

ლუკას 5:8
ამის მნახველი სიმონ-პეტრე იესოს წინაშე მუხლებზე დაეცა და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ”.

1 კორინთელთა 15:9
ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.