დენომინაციები ბიბლიის მუხლები

საქმეები 15:22-31
მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელი ეკლესიის თანხმობით გადაწყვიტეს, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში გასაგზავნად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად: იუდა (რომელსაც ბარსაბა ეწოდა) და სილა – კაცები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ძმებს შორის. დაწერეს თავიანთი ხელით: „ჩვენ, მოციქულები, უხუცესები და ძმები მოგიკითხავთ და გახარებთ ძმებს ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულთ. რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აგაფორიაქეს თავიანთი სიტყვებით და სული აგიშფოთეს, – რადგან გითხრეს, რაც ჩვენ არ დაგვივალებია, ერთსულოვნად გადავწყვიტეთ კაცების არჩევა თქვენთან გამოსაგზავნად ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. ამიტომ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვიერად. მოიწონა სულიწმიდამ და ჩვენც, რომ ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, გაგუდულს და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“ წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს სინაგოგა და გადასცეს წერილი. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.

საქმეები 20:29-30
მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოვლენ სასტიკი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები თავისკენ გადაიბირონ.

რომაელთა 14:1-5
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მცენარეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს მას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის მას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინა ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა, მაგრამ აღიმართება, რადგან ღმერთს ძალუძს მისი აღმართვა. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად მიიჩნევს. დაე ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე.

1 კორინთელთა 1:11-16
რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმებო, ქლოეს ახლობელთაგან, რომ დავაა თქვენს შორის. მე ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ? მადლი ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოსისა, რათა არავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლა. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,

გალატელთა 1:6-10
მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ მისაგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით, სხვა სახარებაზე. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ, ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რაც ჩვენ გახარეთ, შეჩვენებულ იყოს. როგორც წინასწარაც ვთქვი, ახლაც კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს. ადამიანებს ვაწონებ თავს თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ისევ ადამიანებისთვის თავის მოწონებას რომ ვცდილობდე, ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი.

ფილიპელთა 1:15-18
თუმცა ზოგიერთნი შურით და ჯიბრით აკეთებენ ამას, მაგრამ ზოგნი კი კეთილი ზრახვით ქადაგებენ ქრისტეს. ესენი სიყვარულით მოქმედებენ, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დადგენილი. ზოგნი კი შურით ახარებენ ქრისტეს არაწრფელად, რადგან ფიქრობენ ჩემი ბორკილების დამძიმებას. მერედა რა! როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტე – მოსაჩვენებლად თუ ჭეშმარიტებით, მიხარია ეს და კვლავაც გავიხარებ,

1 ტიმოთეს 1:3-6
როდესაც მე მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვე, რომ დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ ნუ ასწავლიან განსხვავებულს და ნუ ერთობიან ზღაპრებითა და დაუსრულებელი საგვარტომო ნუსხებით, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიური განგების შემეცნებას რწმენით. ხოლო ხარების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით, რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ფუჭსიტყვაობისაკენ;

1 ტიმოთეს 6:2-5
რომელთაც მორწმუნე პატრონები ჰყავთ, ნუ მოექცევიან მათ უპატიოდ, რაკი ისინი ძმები არიან. არამედ კიდევ უფრო უკეთესად ემსახურონ, რადგან მორწმუნენი არიან და საყვარელნი, და ქველმოქმედებას ეწევიან. ეს ასწავლე და შეაგონე. ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის ქრისტე იესოს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას, ბრმაა, არაფრის მცოდნე, მხოლოდ ცილობისა და სიტყვებით ბრძოლის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშვება შური, ჯიბრი, გმობა და ბოროტი ეჭვი, გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთაც ღვთისმოსაობა შემოსავლის წყარო ჰგონიათ.

ტიტეს 2:1
შენ კი ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას,