ძველი აღთქმის მოვლენების სახეები ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 3:20-21
ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან; ეს ნათლობის ხატება იყო – რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის – რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით,

დაბადება 7:7
და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები.

რომაელთა 8:32
ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?

დაბადება 22:9-14
მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაჰამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე, ისაკი და დასვა იგი სამსხვერპლო შეშაზე. გაიწოდა აბრაჰამმა ხელი და აიღო დანა შვილის დასაკლავად. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და დაუძახა: „აბრაჰამ, აბრაჰამ!” უპასუხა: „აქა ვარ!” უთხრა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნურაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ძე, შენი ერთადერთი, ჩემთვის!” აღაპყრო თვალები აბრაჰამმა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართულიყო ბუჩქნარში. მივიდა აბრაჰამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა სრულადდასაწველ მსხვერპლად, თავისი ძის ნაცვლად. და უწოდა აბრაჰამმა ამ ადგილს სახელად „იაჰვე ირე” – უფალი გამოაჩენს, რაც დღემდე ასე გამოითქმის – „მთაზე უფალი გამოჩნდა”.

1 კორინთელთა 10:1-2
არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვა. ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში.

გამოსვლა 14:15-22
უთხრა უფალმა მოსეს: „რად შემომღაღადებ? უთხარი ისრაელიანებს, წინ წავიდნენ. ასწიე კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, გააპე იგი და გავლენ ისრაელის შვილები მშრალად შუა ზღვაში! მე კი, აჰა, გავასასტიკებ ეგვიპტელთა გულს და შეყვებიან უკან; მაშინ განვდიდდები ფარაონზე, მის ყოველ ჯარზე, ეტლებსა და მხედრებზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც ვუჩვენებ მათ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებსა და მხედრებზე”. და ღვთის ანგელოზი, რომელიც წინ მიუძღოდა ისრაელის ბანაკს, უკან ამოუდგა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და დადგა ისრაელიანთა უკან. ჩადგა ეგვიპტისა და ისრაელის ბანაკთა შორის და იყო ღრუბლად და სიბნელედ ერთი მხარისათვის, მეორე მხარეს კი ღამეს უნათებდა. არ მიახლოვებულან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს. გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და უკან დაახევინა ზღვას უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს. გაიპო წყალი და მშრალ მიწად აქცია ზღვა. და შევიდნენ ისრაელიანები შუა ზღვაში მშრალ მიწაზე; წყალი კი გალავნად იყო მათთვის მარჯვნიდან და მარცხნიდან.

1 კორინთელთა 10:4
და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე.

გამოსვლა 17:5-6
უთხრა უფალმა მოსეს: „გაიარე ხალხის წინ და თან გაიყოლე ისრაელის უხუცესები. ხელში აიღე კვერთხი, რომლითაც მდინარეს დაჰკარი და წადი. აჰა, მე ვიდგები იქ შენს წინაშე, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გადმოსკდება მისგან წყალი, რათა დალიოს ხალხმა”. ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ.

იოანეს 3:14-15
და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა, რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.

რიცხვნი 21:4-9
ჰორის მთიდან წითელი ზღვისაკენ მიმავალი გზით დაიძრნენ, რათა შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში. და ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: „რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა უდაბნოში დავიხოცოთ? არც პურია, არც წყალი და ეს უვარგისი საჭმელიც შესძაგდა ჩვენს სულს”. მოუვლინა უფალმა ხალხს ცეცხლოვანი გველები, დაკბინეს ხალხი და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი. მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: „შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ; ილოცე უფლისადმი, რომ მოგვაშოროს გველი”. და ილოცა მოსემ ხალხისთვის. უთხრა უფალმა მოსეს: „გააკეთე ცეცხლოვანი გველი და სვეტზე მიამაგრე, შეხედავს რა მას ყოველი დაგესლილი, იცოცხლებს”. გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და სვეტზე მიამაგრა; თუ დაგესლავდა გველი კაცს, შეხედავდა სპილენძის გველს და უვნებელი რჩებოდა.

Advertisements