ებრაელები როგორც ღვთის რჩეული ერი ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19:5
ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.

მეორე რჯული 7:6-8
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.  იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ; არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.

მეორე რჯული 14:2
რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის; მან ამოგირჩიათ თავის ხალხად – ყველა ხალხთაგან, დედამიწის პირზე.

მეორე რჯული 26:17-19
რაკი აღუთქვი დღეს უფალს, რომ შენი ღმერთი იქნება იგი, რათა დადიოდე მისი გზებით, იცავდე მის წესებს, მცნებებსა და სამართალს და ისმენდე მის ხმას.  აღგითქვა დღეს უფალმა, რომ იქნები მისი საუნჯე, როგორც აქვს ნათქვამი, რათა იცავდე მის ყველა მცნებას.  და რომ აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ერზე მეტად, ქებით, სახელითა და დიდებით და იყო წმიდა ხალხი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, როგორც აქვს ნათქვამი უფალს”.

1 ნეშტთა 17:20-21
უფალო, არავინაა შენი მსგავსი და შენს გარდა არ არის სხვა ღმერთი, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურებით მოვისმინეთ.  რომელი სხვა ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი და ექცია თავის ხალხად, რათა სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც ეგვიპტისგან და ხალხებისგან გამოისყიდე?

ფსალმუნი 104:8-15
საუკუნოდ ახსოვს თავისი აღთქმა, სიტყვა, ნაბრძანები ათასი თაობისთვის.  რომელიც შეკრა აბრაჰამთან; და თავისი ფიცი – ისაკთან.  დაუდგინა იგი წესად იაკობს და სამუდამო აღთქმად – ისრაელს.  უთხრა: ,,შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას, როგორც წილს შენი მემკვიდრეობისას”.  როცა თითებზე ჩამოსათვლელნი იყვნენ ისინი, ცოტანი იყვნენ და ხიზნობდნენ იქ, 13 ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდნენ, ერთი სამეფოდან – სხვა ხალხში.  არავის ანებებდა მათ დაჩაგვრას და მათ გამო აფრთხილებდა მეფეებს:  ,,არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ”.

ფსალმუნი 134:4
რადგან იაკობი ამოირჩია უფალმა, ისრაელი – თავის კუთვნილებად.

ესაია 41:8
შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,

ესაია 43:1-3
ახლა კი ასე ამბობს უფალი – შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ,,ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.  ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ.  ვინაიდან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა და თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდში ეგვიპტე მივეცი, ეთიოპია და შება – თქვენს სანაცვლოდ

ესაია 44:21
გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!

იერემია 31:1-4
,,იმ დროს, ამბობს უფალი, მე ვიქნები ისრაელის ყველა ტომის ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი! ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა წყალობა მახვილს გადარჩენილმა ხალხმა. მოვდივარ, რათა ისრაელი დავამშვიდო”.  შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: ,,სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით.  კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა; ისევ მოირთვები შენი ბობღნით და გამოხვალ მოზეიმე მოცეკვავეებში.

იერემია 31:9-11
ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.  ისმინეთ ამბობს უფალი, ხალხებო. აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: გამფანტველი ისრაელისა ისევ შეაგროვებს მას და ისე დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის ფარას!  რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.

იერემია 46:27:28
შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და ნუ ფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, მე გიხსნი შორეთიდან და შენს თესლს მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს უსაფრთხოდ და მშვიდად, არ ეყოლება შემშინებელი.  ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთან ვარ; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, ვისთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, მაგრამ სამართლიანად დაგსჯი; არავითარ შემთხვევაში დაუსჯელს არ დაგტოვებ”.

ეზეკიელი 36:24-28
აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.  გასხურებთ წმიდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისგან; ყველა თქვენი კერპისგან გაგასუფთავებთ.  ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.  ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ.  დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები

ეზეკიელი 37:21-25
უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გამოვიყვან ისრაელის ძეებს იმ ხალხებიდან, რომლებთანაც მივიდნენ; ყოველი მხრიდან შევკრებ მათ და თავიანთ მიწაზე მოვიყვან;  იქ, ისრაელის მთებზე, ერთ ხალხად ვაქცევ მათ ქვეყანაში, ერთი მეფე ეყოლება ყველას მეფედ, აღარასოდეს იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ.  აღარ შეიბილწებიან თავიანთი კერპებით, თავიანთი სისაძაგლეებით, არანაირი შეცოდებებით; ვიხსნი მათ ყოველი მათი საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ და განვწმენდ მათ. ჩემს ხალხად იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები.  ჩემი მსახური დავითი ეყოლებათ მეფედ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას; ჩემი სამართლით ივლიან, ჩემს დადგენილებებს დაიცავენ და შეასრულებენ.  იცხოვრებენ იმ მიწაზე, ჩემს მსახურ იაკობს რომ მივეცი, სადაც თქვენი მამები ცხოვრობდნენ, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე; დავითი, ჩემი მსახური, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.

იოველი 3:1-2
აჰა, იმ დღეებში და იმ დროს იქნება: დავაბრუნებ ტყვეობაში მყოფ იუდასა და იერუსალიმს.  შევკრებ ყველა ხალხს და იოშაფატის ველზე ჩავიყვან; იქ გავასამართლებ მათ ჩემი ხალხისა და ჩემი სამკვიდროს, ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებში და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.

ამოსი 3:1-2
ისმინეთ სიტყვა, თქვენზე რომ თქვა უფალმა, ისრაელის ძენო, მთელ იმ მოდგმაზე, ეგვიპტის ქვეყნიდან რომ ამოიყვანა:  ,,მხოლოდ თქვენ ამოგარჩიეთ დედამიწის ყველა ტომიდან, ამიტომ მოგკითხავთ ყველა თქვენს ურჯულოებას.

რომაელთა 11:1-2
მაშ, ვამბობ: ნუთუ უარყო თავისი ხალხი ღმერთმა? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაჰამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან.  არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:

ებრაელთა 8:8-13
ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით: ,,აჰა, მოდის დღეები – ამბობს უფალი – და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს.  ისეთ აღთქმას კი არა, როგორიც მათ მამებს დავუდე, იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა; ვინაიდან არ დარჩენილან ჩემს აღთქმაში და მეც უგულებელვყავი ისინი – ამბობს უფალი.  აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ – ამბობს უფალი – ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და იქნებიან ჩემს ერად.  აღარ ასწავლის თითოეული თავის მოძმეს და არ ეტყვის თითოეული თავის ძმას: შეიცან უფალი, რადგან ყველა მათგანი, დიდიან-პატარიანად, შემიცნობს მე,  ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”.  რაკი თქვა ,,ახალიო”, ამით დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოა მოსპობასთან.

Advertisements