ენებით საუბარი ბიბლიის მუხლები

საქმეები 2:1-11
ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ. მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან. როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.  ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: „განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით? პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი, როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.

საქმეები 19:1-7
აპოლონის კორინთოში ყოფნისას, პავლემ ზემო ქვეყნები მოიარა, მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: „როცა ირწმუნეთ, თუ მიიღეთ სულიწმიდა?” მიუგეს: „არც კი გაგვიგია, თუ არსებობს სულიწმიდა”. უთხრა: „მაშ, რაღაში მოინათლეთ?” უპასუხეს: „იოანეს ნათლობაში”. თქვა პავლემ: „იოანე მონანიების ნათლობით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ მის შემდგომ მომავალი ერწმუნათ, ანუ იესო ქრისტე. ეს რომ გაიგეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ. როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. სულ თორმეტიოდე კაცი იქნებოდა.

1 კორინთელთა 12:9-10
სხვას რწმენა – იმავე სულით და ზოგს – განკურნების ნიჭები იმავე სულით; ზოგს – სასწაულთმოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება.

1 კორინთელთა 12:27-31
თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები. და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები. ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ყველას აქვს ძალთა მოქმედება? ყველას აქვს განკურნების ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ? ეშურეთ დიდ ნიჭებს და მე გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.

1 კორინთელთა 13:8
სიყვარული არასოდეს მთავრდება; წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება და ცოდნა გადაივლის.

1 კორინთელთა 14:2-28
ვინაიდან ენებით მოლაპარაკე ადამიანებს კი არა, ღმერთს ელაპარაკება და არავის ესმის, რადგან საიდუმლოებებს ლაპარაკობს სულით. ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად. ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს ეკლესიას აშენებს. მე მსურს, რომ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი – რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ არ განმარტავს კიდეც, რათა აშენდეს ეკლესია. ახლა კი, ძმებო, თუ მოვალ თქვენთან და ენებით ვილაპარაკებ, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ანდა სწავლებით? ასევე უსულო საგნებიც, ხმას რომ გამოსცემენ – სალამური ან ებანი, თუ ხმებში განსხვავებას არ იძლევიან, როგორ გავიგოთ, რას უკრავენ სალამურზე თუ ებანზე? საყვირი თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად? ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამთ, როგორ გაიგონ ნათქვამი? ჰაერზე მოლაპარაკენი იქნებით. რამდენგვარი ბგერაა წუთისოფელში და მათგან უმნიშვნელო არცერთი არ არის. თუ არ ვიცი სიტყვის მნიშვნელობა, მე მოლაპარაკესთვის ვიქნები უცხო და მოლაპარაკე – ჩემთვის. ასევე თქვენც, როცა სულიერ ნიჭებს ეშურებით, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად იუხვოთ. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტოს კიდეც. ვინაიდან, ენით რომ ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა. მაშ, რა ვქნა? ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც. ვინაიდან, თუ სულით ჰმადლობ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე იმ ადგილზე მყოფი უმეცარი, რადგან არ იცის, რას ამბობ შენ? შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება.  ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი – ენებით. ძმებო! ნუ იქნებით გონებით ბავშვები, არამედ ბოროტებისთვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი – ზრდასრულნი. რჯულში სწერია: სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს და მაინც არ მომისმენენ, ამბობს უფალი. ენა მორწმუნეებისთვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. წინასწარმეტყველება კი ურწმუნოებისთვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის. თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ენებით ილაპარაკებენ, უვიცნი ან ურწმუნონი რომ შემოვიდნენ, არ იტყვიან, შეშლილები ხართო? მაგრამ, თუ ყველა წინასწარმეტყველებს და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უვიცი, ყველა მას ამხელს და განსჯის. გამომჟღავნდება მისი გულის საიდუმლო და პირქვე დამხობილი თაყვანს სცემს ღმერთს და განაცხადებს: ჭეშმარიტად თქვენ შორის არისო ღმერთი! მაშ, რაღა ძმებო? შეკრებისას თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება. ყოველივე ეს ხდებოდეს ასაშენებლად. თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი-დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს. თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს.

1 კორინთელთა 14:39-40
მაშ ასე, ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველებას ეშურეთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ. ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს.

Advertisements