გამარჯვება, როგორც ღვთის საქმე ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 20:1-4
„როდესაც მტრის წინააღმდეგ გახვალთ საბრძოლველად და დაინახავთ თქვენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ცხენებსა და ეტლებს, არ შეშინდეთ, რადგან თქვენთანაა უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან. როგორც კი მოახლოვდება ბრძოლა, წარდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს. უთხრას მათ: ისმინე, ისრაელ! დღეს შეებრძოლებით თქვენს მტრებს; ნუ დაგისუსტდებათ გულები, ნუ შეშინდებით, ნუ შეძრწუნდებით და ნუ აცახცახდებით მათ წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი გამოდის თქვენს მტრებთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ.

2 ნეშტთა 20:15
თქვა: „ისმინე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იოშაფატ! ასე ამბობს უფალი: ნუ შეგაშინებთ და შეგაძრწუნებთ ეს დიდი ურდო, რადგან თქვენი კი არაა ეს ბრძოლა, არამედ ღმერთის.

ფსალმუნები 17:35
შენ მომეცი ფარი შენი ხსნისა და შენი მარჯვენით შემეწიე! შენი წყალობა განმადიდებს!

1 კორინთელთა 15:57
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

2 კორინთელთა 2:14
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი მეშვეობით წარმოაჩენს თავისი შემეცნების კეთილსურნელებას ყოველ ადგილზე.

ფსალმუნები 17:7-8
ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელით დავიკვეხნით. ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და მყარად ვდგავართ.

1 მეფეთა 17:38-50
თავისი მხედრული სამოსი ჩააცვა საულმა დავითს, თავზე სპილენძის მუზარადი დაადგა და აბჯრით შემოსა. შემოირტყა დავითმა მახვილი მხედრულ სამოსელზე და შეეცადა გაევლო, რადგან მიჩვეული არ იყო. უთხრა დავითმა საულს: „არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არასოდეს მიცდია”. და გაიძრო ისინი დავითმა. ხელში აიღო თავისი კვერთხი, ნაკადულიდან რიყის ხუთი ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში და თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა. ფილისტიმელიც წამოვიდა და მიუახლოვდა დავითს, წინ ფარისმზიდველი ედგა. დავითი რომ დაინახა ფილისტიმელმა, ზიზღით შეხედა, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და კარგი შესახედი. უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი. უთხრა ფილისტიმელმა დავითს: “მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”. მიუგო დავითმა ფილისტიმელს: „შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში! რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!” აღიმართა ფილისტიმელი, დაიძრა და დავითისკენ წამოვიდა და გაიქცა დავითიც ფილისტიმელთან შესახვედრად. აბგაში ჩაიყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა, სტყორცნა შურდულით და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა მიწაზე. იმარჯვა დავითმა ფილისტიმელზე, შურდულითა და ქვით განგმირა და მოკლა იგი; მახვილი კი არ სჭერია დავითს ხელში.

ფსალმუნები 43:3-5
რადგან ხმლით კი არ დაუპყრიათ ქვეყანა და არც მათ მკლავებს არ მოუტანიათ მათთვის გამარჯვება, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის სინათლემ, რადგან შეიყვარე ისინი. შენ ხარ მეფე ჩემი, ღმერთო; უბოძე იაკობს გამარჯვება.5შენით ვდევნით ჩვენს მტრებს; შენი სახელით ვთრგუნავთ ჩვენს მოდავეებს.

ფსალმუნები 59:11-12
მოგვმადლე შველა მტრებთან ბრძოლაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისგან. ღმერთით ვიქმთ დიად საქმეებს, ფეხქვეშ გათელავს იგი ჩვენს მტრებს.

ფსალმუნები 145:3
ნუ დაამყარებთ იმედს მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია ხსნა.

იგავნი 21:31
ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.

ფსალმუნები 117:15
სიმღერისა და ხსნის ყიჟინაა მართალთა კარვებში: ძლევამოსილია უფლის მარჯვენა.

გამოსვლა 15:1
მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა ეს საგალობელი უფალს: „ვუგალობებ უფალს, რადგან განდიდდა ფრიად. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.

გამოცხადება 19:1-2
ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხისა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღმერთისაა! რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.

რიცხვნი 14:41-43
უთხრა მოსემ: „რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას? ნახავთ, რომ არაფერი გამოვა. ნუ ახვალთ, რადგან არაა უფალი თქვენ შორის, რათა არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე. რადგან ყამალეკი და ქანაანელნი არიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, ვინაიდან ზურგი აქციეთ უფალს და აღარ იქნება თქვენთან”.

იესო ნავეს ძე 6:2-5
უთხრა უფალმა იეშუას: „ნახე, ხელში ჩაგაგდებინე იერიხო და მისი მეფე, თავისი ძლიერი მებრძოლებით. გარს შემოუარეთ ქალაქს და ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია, ერთხელ შემოავლეთ წრე. ასე უარეთ ექვსი დღის მანძილზე; და შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდი ბუკით ივლის კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს და სცენ ბუკი მღვდლებმა. როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქებს და გაიგონებთ ბუკის ხმას, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ხალხმა, იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედელი და ავა მასზე ხალხი, თითოეული თავისი მხრიდან”.

1 მეფეთა 7:7-12
გაიგეს ფილისტიმელებმა, მიცფაში შეკრებილანო ისრაელის ძენი და გამოვიდნენ მათი მთავრები ისრაელიანთა წინააღმდეგ. ესმათ ისრაელის ძეებს და დიდად შეშინდნენ. უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: „ნუ შეწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან”. აიყვანა სამუელმა ძუძუმწოვარი ბატკანი და მთლიანად აღავლინა იგი უფლისთვის სრულადდასაწველად; შეღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და ისმინა მისი უფალმა. როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე. გამოვიდნენ ისრაელიანნი მიცფადან, განდევნეს ფილისტიმელნი და მუსრავდნენ მათ ბეთ-ქარამდე. აიღო სამუელმა ერთი ლოდი, დადო მიცფასა და ჰაშენს შორის და უწოდა მას ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა). თქვა: „ამ ადგილამდე შეგვეწია უფალი”.

მსაჯულნი 16:24
და რა იხილა ხალხმა იგი, განადიდა თავისი ღმერთი და თქვა: „ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენგანი მოსრა”.

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

ესაია 44:28
კიროსზე ამბობს: „ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: „აშენდები!” და ტაძარს: „ჩაიყრება შენი საძირკველი!”

ეზეკიელი 33:27-29
ასე უთხარი მათ, ასე ამბოს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ, თუ ნაოხრებში მყოფნი უსათუოდ მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მივცე საჭმელად; ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირი მოუღებს ბოლოს! უკაცრიელად და ნაოხრად ვაქცევ ამ ქვეყანას და დაეცემა მისი ძლიერების სიამაყე, გაუდაბურდება ისრაელის მთები, არავინ იქნება მათზე გამვლელი. გაიგებენ, რომ უფალი ვარ, როცა უკაცრიელად და ნაოხრად ვაქცევ ამ ქვეყანას ყველა მათი სისაძაგლის გამო, რაც ჩაიდინეს.

Advertisements