გამოცხადება ძველ აღთქმაში ბიბლიის მუხლები

დაბადება 1:3
თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!” და იქმნა ნათელი.

დაბადება 2:16-18
უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო,  ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.  თქვა უფალმა ღმერთმა: „არ არის კარგი კაცის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე”.

დაბადება 1:29-30
თქვა ღმერთმა: „აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”. მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.

დაბადება 3:9-19
მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „სადა ხარ?”  მიუგო ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.  „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?” უთხრა ადამმა: „შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.  უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: „ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: „გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.  უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!  ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”  უთხრა ქალს: „დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.  უთხრა ადამს: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”  ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ. შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.

დაბადება 4:6-7
ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: „რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?  თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.

დაბადება 6:13-22
უთხრა ღმერთმა ნოეს: „დადგა ყოველი ხორციელის აღსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აივსო დედამიწა მათი უსამართლობით; თავიანთ მიწასთან ერთად მოვსპობ მათ.  გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი.  ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე – ორმოცდაათი და სიმაღლე – ოცდაათი წყრთა. სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე.  და აჰა, მოვავლენ წყლით წარღვნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი არსება, რასაც სიცოცხლის სუნთქვა უდგას. ყოველი მიწიერი მოისპობა დედამიწაზე.  შენთან კი აღთქმას დავდებ: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.  ყოველგვარი ცოცხალი არსება, ყოველი ხორციელი წყვილად შეიყვანე კიდობანში, დედალ-მამალი, რომ შენთან ერთად გადარჩნენ.  ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ.  მოიმარაგე ყოველგვარი სანოვაგე, რაც კი იჭმევა და საზრდოდ იქონიე შენთვისაც და მათთვისაც”.  და ისე გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც ღმერთმა უბრძანა. ზუსტად ისე გააკეთა.

დაბადება 9:8-11
და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად:  „აჰა, აღთქმას ვდებ თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან,  ყოველ სულდგმულთან, რომელიც თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან და მიწის ყოველ მხეცთან, რომელიც თქვენთანაა, ყველასთან, ვინც კიდობნიდან გამოვიდა.  აღთქმას გიდებთ, რომ ამიერიდან წარღვნის წყლებით არცერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღვნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად”.

დაბადება 6:18
შენთან კი აღთქმას დავდებ: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.

დაბადება 17:7
აღთქმას ვდებ ჩემსა და შენს და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.

დაბადება 15:9-21
უთხრა: „სამწლიანი დეკეული, სამწლიანი დედალი თხა, სამწლიანი ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი მომიყვანე”.  მიიყვანა ეს ყველაფერი, შუაზე გაჭრა და ნაჭრები ერთიმეორის პირდაპირ დააწყო. მხოლოდ ფრინველები არ გაჭრა შუაზე.  და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორს, მაგრამ განდევნა ისინი აბრამმა.  მზის ჩასვლისას ღრმად ჩაეძინა აბრამს; მაშინ ძრწოლამ და დიდმა წყვდიადმა მოიცვა იგი. უთხრა უფალმა: „იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში; დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხასი წელი.  და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი; ამის შემდეგ დიდი ქონებით გამოვლენ მონობიდან.  შენ კი მშვიდობით მიხვალ შენს მამებთან; ტკბილი სიბერე გექნება და დაიკრძალები.  მეოთხე თაობა დაბრუნდება აქეთ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორელთა ურჯულოება”.  როდესაც მზე ჩავიდა და წყვდიადმა მოიცვა იქაურობა, გამოჩნდა მბოლავი ღუმელი ცეცხლოვანი ლამპრით და გაკვეთილ ცხოველთა შორის გაიარა.  იმ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: „შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე.  კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა,  ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა, ამორელთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწები”.

გამოსვლა 6:2-6
ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: „მე ვარ უფალი!  მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი – უფალი – არ გავუმხილე მათ.  აღთქმაც დავუდე, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი ხიზნობის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი.  და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.  ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.

1 ნეშტთა 16:14-18
ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელს დედამიწაზეა სამართალი მისი,  გახსოვდეთ: მარადიულია აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ათასი თაობისთვის ბრძანა!  აღთქმა, რომელიც აბრაჰამს დაუდო, და ფიცი თვისი – ისაკს.  დაუდგინა იგი იაკობს კანონად, ხოლო ისრაელს – საუკუნო აღთქმად,  უთხრა: შენთვის მომიცია ქანაანის ქვეყანა, როგორც წილი შენი მემკვიდრეობისა!+

ფსალმუნები 104:8-9
საუკუნოდ ახსოვს თავისი აღთქმა, სიტყვა, ნაბრძანები ათასი თაობისთვის. 9 რომელიც შეკრა აბრაჰამთან; და თავისი ფიცი – ისაკთან.

გამოსვლა 34:27
უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.

გამოსვლა 24:3-8
მივიდა მოსე და გადასცა ხალხს უფლის ყოველი სიტყვა და დადგენილება; ერთხმად მიუგო მთელმა ხალხმა: „შევასრულებთ უფლის ნათქვამ ყოველ სიტყვას”.  და დაწერა მოსემ უფლის ყოველი სიტყვა. ადგა დილაადრიანად, აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი ტომის რიცხვისამებრ.  წარავლინა მოსემ ჭაბუკნი, ისრაელის ძენი და აღუვლინეს სრულადდასაწველნი და დაკლეს მოზვრები, სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის.  აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, ხოლო მეორე ნახევარი სამსხვერპლოს მოაპკურა.  აიღო აღთქმის წიგნი და წაიკითხა ხალხის გასაგონად. მათ თქვეს: „ყოველივეს, რაც თქვა უფალმა, შევასრულებთ და დავემორჩილებით”.  აიღო მოსემ სისხლი, აპკურა ხალხს და თქვა: „აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა ყველა ამ სიტყვისამებრ”.

გამოსვლა 34:10-14
თქვა უფალმა: „აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.  დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.  გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.  დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები. რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.

მეორე რჯული 5:2-4
აღთქმა დაგვიდო ხორებში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.  ჩვენს მამებთან კი არა, უფალმა ეს აღთქმა ჩვენთან დადო, ვინც დღეს აქ ვართ, ცოცხლები.  პირისპირ გელაპარაკებოდა უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან,

2 მეფეთა 7:8-16
ახლა უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის მწყემსობიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის მთავარი გამხდარიყავი.  ყველგან თან გახლდი, სადაც კი მიდიოდი და ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე; და განვადიდე შენი სახელი, დიდებული ადამიანების მსგავსად ამ ქვეყანაზე.  ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა იცხოვროს თავის ადგილზე. და მეტად აღარ შეშფოთდება, და ძველებურად ვეღარ შეაჭირვებენ მას ბოროტმოქმედნი,  როგორც მაშინ, როცა მსაჯულები დავუდგინე ჩემს ხალხს, ისრაელს; ყველა შენი მტრისგან მოგასვენებ და გაუწყებს შენ უფალი: უფალი აგიშენებს სახლს!  და დრო რომ დაგიდგება და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი საზარდულიდან გამოსულს და განვუმტკიცებ სამეფოს.  ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და უკუნისამდე განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს.  მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. როდესაც დააშავებს, დავსჯი კაცთა კვერთხით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.  მაგრამ არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა და სიკეთე, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენს წინ.  მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო საუკუნოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე!”

იერემია 31:31-34
აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას ვუწევდი მათ!” – ამბობს უფალი.  „რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! – აცხადებს უფალი, – შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;  და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას – შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.

Advertisements