გაუბედაობა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 3:11-14
უთხრა მოსემ ღმერთს: „ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?” უთხრა ღმერთმა: „მე ვიქნები შენთან და აი, ნიშანი შენთვის, რომ მე მიგავლინე: გამოიყვან რა ხალხს ეგვიპტიდან, ამ მთაზე სცემთ თაყვანს ღმერთს”. უთხრა მოსემ ღმერთს: „აჰა, მივდივარ ისრაელის შვილებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და თუ მკითხეს რა არისო მისი სახელი? რა ვუპასუხო?” უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.

გამოსვლა 4:1-3
მიუგო მოსემ: „რომ არ დამიჯერონ და არ შეისმინონ ჩემი ნათქვამი, იქნებ მითხრან, არ გამოგეცხადაო უფალი?” ჰკითხა უფალმა: „რა გიჭირავს ხელში?” უთხრა: „კვერთხი”. თქვა უფალმა: „დააგდე მიწაზე”. დააგდო მიწაზე; და იქცა კვერთხი გველად, და გაიქცა მოსე მისგან.

გამოსვლა 6:12
მაგრამ ასე ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე: „აჰა, ისრაელის შვილებმა არ ისმინეს ჩემი და ფარაონი როგორღა მომისმენს, მე – ბაგემძიმეს?”

მსაჯულნი 6:14-16
მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: „წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?” უთხრა გედეონმა: „ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”. უფალმა უპასუხა: „მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.

1 მეფეთა 9:21
მიუგო საულმა: „არა, მე ბენიამინელი ვარ, ისრაელის ყველაზე მცირერიცხოვანი ტომიდან; ჩემი საგვარეულო კი უმცირესია ბენიამინის საგვარეულოთა შორის. რისთვის მეუბნები ამას?”

იერემია 1:6-8
მივუგე: „ო, უფალო ღმერთო, აჰა, არ ვიცი როგორ ვილაპარაკო, რადგან ყმაწვილი ვარ”. მომიგო უფალმა: „ნუ იტყვი, ყმაწვილი ვარო, ვინაიდან ყველგან, სადაც გაგგზავნი, წახვალ და ყველაფერს იტყვი, რასაც გიბრძანებ. ნუ შეუშინდები მათ სახეებს, რადგან შენთან ვარ და დაგიფარავ!” – ამბობს უფალი.

2 ტიმოთეს 1:7
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

1 კორინთელთა 16:10-11
ტიმოთე თუ მოვა, ეცადეთ, რომ უშიშრად იყოს თქვენთან; ვინაიდან ისევე, როგორც მე, ისიც უფლის საქმეს აკეთებს. ამიტომ არავინ უგულებელყოს, არამედ გამოისტუმრეთ მშვიდობიანად, რათა ჩემთან მოვიდეს; ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად.

2 კორინთელთა 10:1
თვითონ მე, პავლე, რომელიც პირისპირ თქვენ შორის თავმდაბალი ვარ, ხოლო შორით გაბედული თქვენ მიმართ, შეგაგონებთ, ქრისტეს სიმშვიდით და სახიერებით.

1 თესალონიკელთა 5:14
და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.

რომაელთა 8:15
ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!”

Advertisements