ღმერთი ინარჩუნებს დედამიწას ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 1:3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.

იობი 38:33-37
თუ იცი ცათა დადგენილებანი და თუ დაადგენ მის წესს მიწაზე? თუ მიაწვდენ ხმას ღრუბლებს, რათა დაგფაროს წყლის სიუხვემ? ელვებს თუ წარავლენ, რომ წავიდნენ და თქვან, აჰა, აქა ვართო? ვინ ჩადო სიბრძნე გულის სიღრმეში და ვინ მისცა გონებას გაგება? ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით ან ვინ წამოაქცევს ცათა წყლის ჭურჭელს,

ფსალმუნები 103:1-35
აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, მშვენებით და ბრწყინვალებით ხარ მოსილი. მოსასხამივით გმოსავს სინათლე და ცა ფარდასავით გადაჭიმე. წყლებზე იშენებს ზედა ოთახებს, ეტლად იხდის ღრუბლებს, ქარის ფრთებით მიმოდის. სულებად ქმნის თავის ანგელოზებს და მოგიზგიზე ცეცხლად – თავის მსახურებს. დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე. სამოსელივით გადააფარე წყლები; მთებს ზემოთ იყო წყლები. გაკიცხე და უკუიქცნენ, შენი ქუხილის ხმაზე გაქანდნენ. ამაღლდნენ მთები, დადაბლდნენ ველნი იმ ადგილზე, სადაც დაუდგინე. ზღვარი დაუდე – ვერ გადალახავენ, ვერ დაბრუნდნენ დედამიწის დასაფარად. მიუშვი წყაროები ხევებში, რათა მთებს შორის იდინონ. რომ დალიოს ველის ყოველმა მხეცმა, წყურვილი მოიკლან კანჯრებმა. მათთანვე მკვიდრობენ ცის ფრინველნი, რტოთა შორის იმაღლებენ ხმას. რწყავ მთებს შენი ზედა ოთახებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა. აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისთვის და მცენარეულობას – ადამიანისთვის, რომ ისაზრდოოს მიწისგან; ღვინოს, კაცის გულის გასამხიარულებლად, ზეთს – მისი სახის გასაბრწყინებლად და პურს – გული რომ გაიმაგროს. დარწყულდნენ ხენი უფლისანი და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა. ჩიტები იდებენ იქ ბუდეს: კვიპაროსები ყარყატთა სახლია. მთანი მაღალნი – ქურციკისთვის, კლდენი კი დამანთა თავშესაფარია. მთვარე შექმნა დროის დასადგენად, იცის მზემ თავისი დასავალი. ჩამოაწვენ ბნელს და დაღამდება, მაშინ ამოძრავდება ტყის ყველა ნადირი. ლომის ბოკვერნი ბრდღვინავენ ნადავლისთვის და ღმერთს საკვებს სთხოვენ. ამოვა მზე – შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში წვებიან. გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაოს საღამომდე. რა აურაცხელია შენი საქმენი, უფალო! სიბრძნით შეჰქმენ ყოველივე, სავსეა დედამიწა შენი ქმნილებებით. აქვეა ზღვა, დიადი და უკიდეგანო, რომელშიც ურიცხვადაა ქვეწარმავალი, არსებანი მცირენი – დიდებთან ერთად. მასში მიმოდიან ხომალდები, იქ სათამაშოდ შექმენი ლევიათანი. ყველა შენ მოგელის, რომ მისცე საზრდო თავის დროზე. მისცემ და აიღებენ, გახსნი შენს ხელს და გაძღებიან სიკეთით. დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სუნთქვას წაართმევ – დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან. წარგზავნი შენს სულს – წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას. საუკუნოდ იყოს უფლის დიდება, იხაროს უფალმა თავისი ნამოქმედარით. დახედავს დედამიწას და ირყევა იგი, შეეხება მთებს და აკვამლდებიან. ვუმღერებ უფალს, სანამ ვცოცხლობ, ვუმღერ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. ეამოს მას ჩემი ფიქრები; მეც გავიხარებ უფალში. გაქრნენ ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი ნუღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ალელუია!

ფსალმუნები 134:6-7
რასაც მოისურვებს, ყოველივეს აკეთებს უფალი, ცაში და დედამიწაზე, ზღვაში თუ წყლის სიღრმეებში. ქვეყნის კიდეებიდან ამოჰყავს ღრუბლები, ელვას წვიმად აქცევს და ქარი გამოჰყავს თავისი საცავებიდან.

ფსალმუნები 144:16-17
გაშლი ხელს და აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის საჭიროებას. მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.

მათეს 10:29-30
განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია.

კოლასელთა 1:17
ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.

საქმეები 17:28
რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!

იობი 33:4
ღმერთის სულმა შემქმნა და ყოვლისშემძლის სუნთქვა მასულდგმულებს.

ფსალმუნები 35:6
სიმართლე შენი – ვითარცა მთები ღმერთისა, სამართალი შენი – ღრმა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ იცავ უფალო.

1 კორინთელთა 8:6
ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.

დაბადება 8:22
სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე.“

2 პეტრეს 3:7
ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის.