ღვთის დიდებულება ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 15:29
არ იცრუებს და არ გადაიფიქრებს ისრაელის დიდება, რადგან ადამიანი არაა, რომ გადაიფიქროს”

ფსალმუნები 23:10
ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი ცაბაოთი, ის არის მეფე დიდებისა.

ებრაელთა 1:3-4
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ. ანგელოზებზე იმდენადვე უმაღლესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.

1 ნეშტთა 29:11
შენია ღმერთო სიდიადე, ძლიერება, დიდება, გამარჯვება და დიდებულება, შენია ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე, ღმერთო; შენია სამეფო და ყოველივეს სათავე ხარ და ამაღლებული ყოველივეზე.

ფსალმუნები 144:12
რათა ამცნონ ადამის ძეთ შენი ძლევამოსილი საქმეები და შენი მეფობის ბრწყინვალე სიდიადე.

იობი 37:22
ჩრდილოეთიდან ბრწყინავს ოქროს ციალი; შიშის მომგვრელია ღვთაებრივი შარავანდედი.

ესაია 2:10
შედით კლდეში და მტვერში ჩაიმალეთ უფლის შიშისა და მისი სიდიადის ბრწყინვალების გამო.

ფსალმუნები 92:1
უფალი მეფობს, სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი და გარს შემოირტყა ძლიერება; დიახ, მტკიცედ დააფუძნა სამყარო და არ შეირყევა.

გამოსვლა 15:11
ვინ არის ღმერთთა შორის შენი მსგავსი, უფალო? ვინ არის შენსავით დიდებული სიწმიდეში, მოშიშებით საქებო, სასწაულმოქმედო?

2 ნეშტთა 20:6
და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო! განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში და შენ არ ბატონობ ყველა ერის სამეფოზე? შენს ხელთაა ძალა და ძლევამოსილება და შენს წინააღმდეგ ვერავინ აღდგება.

ლუკას 9:43
ყველა გაოცებული იყო ღმერთის სიდიადით; და რაკი ყველას უკვირდა იესოს ნამოქმედარი, უთხრა თავის მოწაფეებს:

ფსალმუნები 95:6
სიდიადე და ბრწყინვალებაა მის წინაშე, ძალა და მშვენიერებაა – მის საწმიდარში.

2 პეტრეს 1:17
რადგან მან მამა ღმერთისგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც ხმა გამოვიდა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.

მიქა 5:4
დადგება და უფლის ძალით დამწყემსავს, უფლის, თავისი ღმერთის სახელის სიდიადით და დამკვიდრდებიან ისინი თავიანთ ქვეყანაში, რადგან ამიერიდან ქვეყნის კიდემდე იდიდებს ის.

მეორე რჯული 33:26-27
არავინ არის იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაზეა ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში – თავისი დიდებით. შენი თავშესაფარია საუკუნო ღმერთი და ქვემოდანაა მისი მარადიული მკლავები; დევნის მტერს შენგან და თქვა: გაანადგურე!

ესაია 6:1-4
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!” და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.

აბაკუმი 3:3-6
თემანიდან მოდის ღმერთი, და წმიდა – ფარანის მთიდან. მისმა ბრწყინვალებამ დაფარა ზეცა და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა. მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა. წინ შავი ჭირი მიუძღვება, ფეხდაფეხ სასჯელი მიჰყვება. შედგა და შეარყია დედამიწა, შეხედა და შეაძრწუნა ერები. გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო მაღლობები, საუკუნოა მისი გზები.

გამოცხადება 4:1-11
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: „აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”. მყისვე სულში აღმოვჩნდი და, აჰა, ტახტი დგას ცაში და ვიღაც ზის ტახტზე. მჯდომი შესახედაობით იასპის ქვასა და სარდიონს წააგავს; ხოლო ტახტს ირგვლივ შემორტყმული ცისარტყელა შესახედაობით ზურმუხტს ჰგავს. ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი დგას, ხოლო ტახტებზე ოცდაოთხი უხუცესი ზის; თეთრი სამოსი აცვიათ და თავზე ოქროს გვირგვინები ადგათ. ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი; ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ანთია, რომლებიც შვიდი სულია ღვთისა. ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუაში და ტახტის ირგვლივ – ოთხი ცოცხალი არსება, წინიდან და უკნიდან თვლებით სავსე. პირველი არსება ლომს ჰგავს, მეორე – ხარს, მესამეს ადამიანის სახე აქვს, მეოთხე მფრინავ არწივს ჰგავს. ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”. როცა არსებანი დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიან ტახტზე მჯდომს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ოცდაოთხი უხუცესი ემხობა ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანს სცემს უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ამხობენ ტახტის წინ და ამბობენ: „ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.

1 ნეშტთა 16:29
მიაგეთ უფალს დიდება მისი სახელის გამო; შესაწირი მიართვით და მიეახლეთ მას; თაყვანი ეცით უფალს სიწმიდეში.

ფსალმუნები 91:1-8
კარგია ვმადლობდეთ უფალს და ქებას ვუმღეროდეთ შენს სახელს, უზენაესო! დილით შენს სიკეთეს ვაუწყებდეთ და ღამით – შენს ერთგულებას; ათსიმიანსა და ჩანგზე, ქნარზე გალობით. უფალო, შენ გამახარე შენი საქმეებით, სიხარულით ვუგალობებ შენს ხელთა საქმეებს. რაოდენ დიდია შენი საქმეები უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვანი. უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას, თუმცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და აყვავდებიან უსამართლობის მოქმედნი, ისინი სამუდამოდ განადგურდებიან. შენ კი უფალო, ამაღლებული ხარ, სამარადისოდ!

ფსალმუნები 94:3-6
რადგან დიადი ღმერთია უფალი, დიადი მეფე, ყველა ღვთაებაზე აღმატებული, რომელსაც ხელთ უპყრია მიწის სიღრმეები; მთათა მწვერვალები მას ეკუთვნის. მისია ზღვა, მან შექმნა იგი და თავისი ხელებით გამოსახა ხმელეთი. მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიდრიკოთ; მუხლი მოვიყაროთ უფლის, ჩვენი შემოქმედის წინაშე.

ეზეკიელი 1:4-28
ვიხილე: აჰა, გრიგალი მოვიდა ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და აელვარებული ცეცხლი; ელვარებაა მის ირგვლივ, შუაში კი ელვარე ფოლადივით, ცეცხლის შუაგულში. მის შუაგულში ოთხი არსება დავინახე, ადამიანის მსგავსნი იყვნენ ისინი. თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა. სწორი ფეხები ჰქონდათ, ხოლო ფეხის ტერფები – ხბოს ჩლიქებივით; გაპრიალებული სპილენძივით ბრწყინავდნენ. ოთხივე მხარეს ფრთების ქვეშ ადამიანის ხელები ესხათ; ოთხივეს სახე და ფრთები ჰქონდათ. ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, მოძრაობისას სახეს არ აბრუნებდნენ, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მოძრაობდა. მათი სახეების გამომეტყველება კი ასეთი იყო: მარჯვენა მხარეს ოთხივეს ადამიანისა და ლომის სახე ჰქონდა; მარცხენა მხარეს ოთხივეს ხარის სახე ჰქონდა და არწივის სახე ოთხივე მათგანს. ასეთი იყო მათი პირსახე; ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ გაშლილი, ორ-ორი ფრთით ერთმანეთს ეხებოდნენ და ორითაც ტანს იფარავდნენ. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქ, საითაც სულს მიჰყავდა; მიდიოდნენ და არ ტრიალდებოდნენ სიარულისას. ცოცხალი არსებანი გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს ჰგავდნენ და რაღაც ალით მოდებული ჩირაღდანივით მიმოდიოდა მათ შორის. ელვარება ჰქონდა ცეცხლს, ელვა გამოდიოდა მისგან. ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან. შევხედე ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხივე მხარეს. მბრწყინავ ქრიზოლითს ჰგავდნენ შესახედაობითა და ნაკეთობით ეს ბორბლები, ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს. ასეთი იყო მათი შესახედაობა და ნაკეთობა: თითქოს ბორბალი ბორბალში იყო ჩასმული. დაიძვრებოდნენ თავიანთი ოთხი მიმართულებით, მოძრაობდნენ და მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ. ბორბლების ფერსოები მაღალი და საშინელი იყო; ოთხივე ფერსო გარშემო თვალებით იყო სავსე. ცხოველები რომ დაიძვრებოდნენ, ბორბლებიც იძვროდნენ მათთან ერთად; ცხოველები მიწიდან რომ აიწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ. საითკენაც სული გაიწევდა, იმ მიმართულებით მიდიოდნენ და ბორბლებიც მათთან ერთად მოძრაობდნენ, რადგან ცოცხალი სული იდგა ბორბლებში. მათი სვლისას ისინიც მიდიოდნენ და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ გასწვრივ, რადგან ცოცხალი სული იდგა ბორბლებში. მოციმციმე ბროლის ცის თაღი იყო ცხოველთა თავზე, გასაოცარი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული. თაღის ქვეშ ერთმანეთს უსწორდებოდნენ მათი ფრთები, თითოეულს ორ-ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთი მხარეს და მეორე მხარეს. მოძრაობისას მათი ფრთების ხმა დაქანებული მრავალი წყლის ხმასავით მესმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, ხმა მრისხანებისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა. როცა გაჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს. გამოვიდა ხმა თაღის ზემოდან, მათ თავზე რომ იყო; როცა ჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს. თაღის ზემოთ, მათ თავზე რომ იყო, საფირონის ქვის ტახტის მსგავსი რამ იდგა; ამ ტახტის მსგავსზე, მაღლა, ადამიანის მსგავსი რამ იჯდა. შემდეგ შევნიშნე მის წელს ზემოთ რაღაც განათებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და ირგვლივ, ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე ცეცხლის მსგავსი რამ და ნათება იყო მის ირგვლივ. როგორც ცისარტყელა ღრუბლებში, წვიმიან დღეს, ისე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ. უფლის დიდების მსგავსი რამ იყო რაც ვიხილე; პირქვე დავემხე და გავიგონე მოლაპარაკეს ხმა.

Advertisements