ღვთის ხალხის განახლება ბიბლიის მუხლები

ესაია 40:30-31
უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.  უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.

ეფესელთა 4:22-24
რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება,  და განიახლოთ თქვენი გონება სულით,  და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.

ფსალმუნები 22:3
სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო.

ფსალმუნები 50:10-12
სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე.  ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.  შენი ხსნის სიხარული დამიბრუნე და შენი დიდებული სულით გამამაგრე.

ფსალმუნები 102:1-5
აკურთხე, სულო ჩემო, უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო – მისი წმიდა სახელი. აკურთხე, სულო ჩემო, უფალი და არ დაივიწყო მთელი მისი სიკეთე;  ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.  საფლავისგან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, წყალობისა და სიკეთის გვირგვინის დამდგმელი;  სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, არწივივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.

იოანეს 7:37-39
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;  ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.  ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

2 კორინთელთა 4:16
ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე.

2 ტიმოთეს 1:6
ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;

ტიტეს 3:5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

ეზეკიელი 37:1-14
უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე.  გამატარა მათ შორის; ირგვლივ, აჰა, ფრიად ბევრი ეყარა ველზე და ძალზე გამხმარი იყო.  მკითხა: „ძეო კაცისავ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?” ვთქვი: „უფალო ღმერთო, შენ იცი!”  მითხრა: „უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა.  ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, სულს შევიყვან თქვენში და გაცოცხლდებით.  ძარღვებს მოგცემთ, ხორცით შეგმოსავთ, კანით დაგფარავთ და სულს ჩაგბერავთ, რომ გაცოცხლდეთ; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”.  ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე; ვწინასწარმეტყველებდი, რომ ხმაური გავიგონე და, აჰა, ზანზარი და ძვალი თავის ძვალს მიედგა.  შევხედე და, აჰა, ძარღვები აჩნდება, ხორცით იმოსება და კანით იფარება, სული კი არ იყო მათში.  მითხრა: „უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ”. ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე, შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; ფრიად დიდძალი ლაშქარი წამოდგა ფეხზე.  მითხრა: „ძეო კაცისავ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ, გახმა ჩვენი ძვლები, დაიღუპა ჩვენი იმედი, მთლიანად ამოვიხოცეთო!”  ამიტომ უწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო, და ისრაელის მიწაზე მოგიყვანთ.  მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენს საფლავებს რომ გავხსნი და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო!  ჩემს სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; თქვენს მიწაზე დაგსვამთ და გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე” – ამბობს უფალი.

ეზეკილი 11:17-20
ამიტომ თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე შეგკრებთ თქვენ ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც გაგფანტეთ და მოგცემთ ისრაელის მიწას.  როცა მივლენ, მოკვეთავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს.  მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავდებ მათში; ამოვიღებ მათი სხეულიდან ქვის გულს და ხორცის გულს ჩავუდგამ.  რომ ჩემი წესებით იარონ, ჩემი დადგენილებები დაიცვან და შეასრულონ; მაშინ ჩემი ხალხი იქნება იგი და მე მისი ღმერთი ვიქნები.

ეზეკიელი 36:24-28
აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. გასხურებთ წმიდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისგან; ყველა თქვენი კერპისგან გაგასუფთავებთ.  ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.  ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ. დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.

ეზრა 10:1-4
როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული – კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.  მიუგო შეხანიამ, იეხიელის ძემ, ყელამის ძეთაგან და უთხრა ეზრას: „ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს და შევირთეთ უცხოელი ცოლები ამ ქვეყნის ხალხთაგან; მიუხედავად ამისა, არის იმედი ისრაელისთვის!  აღთქმა დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ ჩვენი უფლისა და ჩვენი ღმერთის მცნებების მოშიშთა რჩევის მიხედვით გავუშვებთ ცოლებს და მათგან შეძენილ შვილებს. და რჯულის მიხედვით აღსრულდეს ყველაფერი.  ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ; გამხნევდი და აღასრულე!”

გამოცხადება 3:12
გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.

Advertisements