იგავ-არაკები ბიბლიის მუხლები

მსაჯული 9:8-15
მოინდომეს ხეებმა მეფის არჩევა; უთხრეს ზეთისხილს: „იმეფე ჩვენზე”. მიუგო მათ ზეთისხილმა: „მივატოვებ განა ჩემს სიმსუყეს, რომლითაც ღმერთსა და ხალხს პატივს მიაგებენ და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?” უთხრეს ხეებმა ლეღვს: „მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”. უპასუხა მათ ლეღვმა: „მივატოვებ განა ჩემს სიტკბოებასა და კეთილ ნაყოფს და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?” უთხრეს ხეებმა ვაზის ლერწს: „მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”. მიუგო მათ ვაზის ლერწმა: „მივატოვებ განა ჩემს მაჭარს – ღვთისა და ადამიანთა გამხარებელს – და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ? უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე. და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: „თუ ნამვილად მეფედ გინდივართ, მოდით, შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს; თუ არადა, გამოვა ცეცხლი კვრინჩხიდან და შთაინთქმებიან ლიბანის კედრები”.

2 მეფეთა 12:1-4
გაუგზავნა უფალმა დავითს ნათანი; ისიც მივიდა და უთხრა: „ორი კაცი იყო ერთ ქალაქში, ერთი მდიდარი, ერთი ღარიბი. მრავალი ცხვარ-ძროხა ჰყავდა მდიდარს. ღარიბს კი არაფერი ებადა ერთი პატარა კრავის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა. კვებავდა და თავის შვილებთან ერთად ზრდიდა, მისი ლუკმიდან ჭამდა, მისი თასიდან სვამდა და მის უბეში ეძინა. საკუთარი ასულივით ჰყავდა. ერთხელ მგზავრი ეწვია ამ მდიდარ კაცს, მაგრამ მდიდარმა ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ სტუმარს გამასპინძლებოდა; წამოიყვანა ღარიბი კაცის კრავი და მასთან მოსულ კაცს სადილად მოუმზადა”.

4 მეფეთა 14:9
შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: „სთხოვა ლიბანის ძეძვმა ლიბანის კედარს: ცოლად მიეცი შენი ასული ჩემს ძეს, მაგრამ გაიარა ლიბანის ველურმა ცხოველმა და გასრისა ძეძვი.

ესაია 5:1-7
სიმღერას ვუმღერებ ჩემს მიჯნურს მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს საყვარელს ნაყოფიერ გორაკზე. დაამუშავა, გაასუფთავა ქვებისგან, ჩაყარა საუკეთესო ვაზი, კოშკი ააგო მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა; იმედოვნებდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ ველური ნაყოფი გამოიღო. ახლა კი, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცებო, გთხოვთ განგვსაჯეთ მე და ჩემი ვენახი. რაღა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და არ გავუკეთე? რატომ მოისხა ველური ნაყოფი, როცა ყურძენს ველოდებოდი? ახლა კი გთხოვთ მათქმევინოთ, რის გაკეთებას ვუპირებ ჩემს ვენახს – შემოვარღვევ ღობეს და საძოვრად იქცევა, შემოვუნგრევ ზღუდეს და გაპარტახდება. გავაუდაბურებ მას, არ გაიმარგლება და არ გაითოხნება იგი; გაიზრდება ნარ-ეკლად და ვუბრძანებ ღრუბლებს არ აწვიმონ მასზე წვიმა. ისრაელის სახლია ცაბაოთ უფლის ვენახი და იუდას ხალხი – ნერგი მისი სიამისა; სამართალს მოელოდა და აჰა – სისხლისღვრაა; სიმართლეს და აჰა – ტანჯვის მოთქმაა.

ეზეკიელი 17:2-10
„ძეო კაცისავ! გადაეცი გამოცანა და ელაპარაკე იგავი ისრაელის სახლს. უთხარი: ასე ამბობს-თქო ისრაელის ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი, გრძელნაკრტენიანი და ხშირ და ჭრელბუმბულიანი, მოვიდა ლიბანში და კედარის კენწერო წაიღო. ზემო ყლორტები მოტეხა, ქანაანის ქვეყანაში მოიტანა და ვაჭრების ქალაქში დადო. აიღო იმ ქვეყნის თესლი და ნაყოფიერ მიწაში ჩათესა, უხვ წყლებთან ჩადო და ტირიფივით დარგო. აღმოცენდა და განიტოტა დაბალი ტანის ვაზი, ლერწები არწივისკენ იყო მიმართული, ფესვებიც მის ქვეშ იყო; და გახდა ვაზი, რქა გამოიღო და ლერწები გაუშვა. და იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და ხშირბუმბულიანი; და, აჰა, ვაზმა თავისი კვალიდან ფესვები მისკენ მიმართა და ლერწები მისკენ გაიშვირა დასარწყულებლად. ნოყიერ ნიადაგზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ ლერწები გაეკეთებინა და ნაყოფი გამოეღო. დიდებული ვაზი რომ გამხდარიყო. უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გაიხარებს თუ არა? განა არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს, რომ ყველა მისი გამოღებული ფოთოლი გახმეს? ძლიერი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ ფესვიდან მოგლიჯონ. თუნდაც დარგონ, განა იხარებს და გაიზრდება? ვითომ არ გახმება, აღმოსავლეთის ქარი რომ დაუბერავს? განა იმ კვალშივე არ გახმება, სადაც გაიზარდა?”

ეზეკიელი 23:2-45
„ძეო კაცისავ! იყო ორი ქალი, ერთი დედის ასულნი. მეძავობდნენ ისინი ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე როსკიპობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი, იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულობის დვრილნი. მათი სახელები იყო: უფროსს ოჰოლა ერქვა, მის დას – ოჰოლიბა. ჩემები გახდნენ ისინი და შვეს ძენი და ასულნი. ეს არის მათი სახელები: ოჰოლა სამარიაა და ოჰოლიბა – იერუსალიმი. გამეძავდა ოჰოლა ჩემს ხელში, ეტრფოდა თავის საყვარლებს, აშურელებს, თავის მეზობლებს. ძოწეულით იყვნენ შემოსილნი, სარდლები და ერისმთავრები; სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენებზე ამხედრებული ცხენოსნები; მათთან როსკიპობდა, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა; ყველა მათი კერპით შეიბილწა თავი. არ შეუწყვეტია მეძავობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან იწვა ყმაწვილობაში, მათ სრისეს მისი ნორჩი მკერდი და მასზე დაღვარეს თავიანთი გარყვნილება. ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურის ძეთა ხელში, რომლებსაც ეტრფოდა. მათ გამოაჩინეს მისი სიშიშვლე, მისი ძენი და ასულნი წაიყვანეს, თავად კი მახვილით მოკლეს. ამიტომ იქცა იგავად ქალთა შორის, როცა სამართალი აღუსრულეს. დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ და მასზე მეტად გაირყვნა; თავისი მეძავობით თავისი დის როსკიპობას გადააჭარბა. აშურელებს ეტრფოდა, სარდლებსა და ერისმთავრებს, თავის მეზობლებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ცხენებზე ამხედრებულ ცხენოსნებს, სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი. დავინახე, რომ შეიბილწა – ერთი გზა ჰქონდა ორივეს. მაგრამ უმატა თავის როსკიპობას: დაინახა კედელზე მოხატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, სინგურით დახატული, წელზე სარტყელშემორტყმულნი, თავზე დოლბანდჩამოშვებულნი, მხედართმთავრების მსგავსნი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, რომელთა მშობლიური ქვეყანა ქალდეაა. დაინახა და ვნებით აინთო მათ მიმართ; მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში. მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცელისთვის და შებილწეს იგი თავიანთი გარყვნილებით. მათთან ერთად შეიბილწა და გული აიყარა მათზე. გამოაჩინა თავისი როსკიპობა და გამოაჩინა თავისი სიშიშვლე; მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა აყრილი. ის კი ამრავლებდა თავის მეძავობას, იხსენებდა რა თავისი სიყმაწვილის დღეებს, როცა ეგვიპტის ქვეყანაში მრუშობდა; ეტრფოდა იგი თავის საყვარლებს, რომელთა ხორციც ვირების ხორცია და რომელთა ვნებაც ულაყთა ვნებაა. ასე მოგნატრებია შენი სიყმაწვილის დროინდელი გარყვნილება, როცა ეგვიპტელნი გისრესდნენ ნორჩ ძუძუებს! ამიტომ, ოჰოლიბავ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, გული რომ აგიყრია მათზე, და შემოგისევ ყოველი მხრიდან. ბაბილონის ძეებს და ყველა ქალდეველს, ფეკოდელს, შოაყელს, კოაელს და აშურის ყველა ძეს მათთან ერთად, სანატრელ ჭაბუკებს, სარდლებსა და ერისმთავრებს, მხედართმთავრებსა და სახელოვან ხალხს, ყველა ცხენოსანს; იარაღით გამოვლენ შენს წინააღმდეგ, ეტლებითა და უამრავი ხალხით. გარს შემოგადგებიან დარაკითა და ფარ-მუზარადით. მათ ხელთ გადაგცემ სამსჯავროდ და თავიანთი სამართლით გაგასამართლებენ. ჩემს შურს მოვაქცევ შენზე და სასტიკად მოგექცევიან; ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენნი მახვილით დაეცემიან; შენს ძეებსა და ასულებს გაირეკავენ, ცოცხლად დარჩენილებს კი ცეცხლი შეჭამს. სამოსელს გაგაძრობენ და სამკაულებს აგართმევენ. ბოლოს მოვუღებ შენს ვნებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ როსკიპობას, აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტეს მეტად აღარ გაიხსენებ. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მათ ხელში ჩაგაგდებ, ვინც შეიძულე; იმათ ხელში, ვისზეც გული აიყარე. სიძულვილით მოგექცევიან, მთელ შენს ქონებას წაიღებენ, შიშველ-ტიტველს დაგაგდებენ და გამოჩნდება შენი მრუშობის სიშიშვლე, შენი გარყვნილება და მეძავობა. ასე დაგემართება, რადგან ერებთან მრუშობდი და კერპებით იბილწავდი თავს. შენი დის გზით დადიოდი და მის ფიალას მოგცემ ხელში. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის ფიალას დალევ, ღრმასა და ფართოს! სასაცილო და მასხრად აგდებული იქნები, რადგან ბევრს იტევს იგი. სიმთვრალითა და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთილებისა და განადგურების ფიალაა, შენი დის, სამარიის ფიალა. დალევ, ფსკერამდე ამოაშრობ, კიდეებს დაუხრავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი! – ამბობს უფალი ღმერთი. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან დამივიწყე და ზურგი მაქციე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილებისა და მრუშობის სასჯელი”. მითხრა უფალმა: „ძეო კაცისავ! გაასამართლებ ოჰოლასა და ოჰოლიბას? მაშინ გამოუცხადე მათ თავიანთი სისაძაგლეები. რადგან როსკიპობდნენ და სისხლიანი აქვთ ხელები; კერპებთან მრუშობდნენ და თავიანთ ძეებს, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად. ესეც გამიკეთეს – ჩემი საწმიდარი შებილწეს იმ დღეს და ჩემი შაბათები შებღალეს. რადგან, როცა თავიანთ ძეებს სწირავდნენ კერპებს, იმავე დღეს შედიოდნენ ჩემს საწმიდარში, რომ შეებილწათ იგი. ასე იქცეოდნენ ჩემს სახლში. ამას გარდა, შორეულ ქვეყნებში აგზავნიდნენ მოციქულებს, რათა კაცები მოსულიყვნენ შენთან. და, აჰა, მოდიოდნენ კიდეც ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკაულებით იმკობდი თავს. ბრწყინვალე საწოლზე ჯდებოდი, წინ გაშლილი ტაბლა გედო, ზედ ჩემს საკმეველსა და ზეთს აწყობდი. უზრუნველი ბრბოს ხმით იყო გარემოცული, იქ შეკრებილ კაცებთან მოჰქონდათ ღვინო უდაბნოდან. სამაჯურებით გიმკობდნენ ხელებს და მშვენიერ გვირგვინებს გადგამდნენ თავზე. ვთქვი ამ მრუშობით გაცვეთილზე: დაე, მოექცნენ მას, როგორც მეძავს, რადგან ასეთია ის. შედიოდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან, ისე შედიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან. მართალი კაცები გაასამართლებენ მათ მრუშობის სასამართლოთი და სისხლისღვრის სასამართლოთი, რადგან მრუშნი არიან და სისხლიანი აქვთ ხელები.

ეზეკიელი 24:3-14
ელაპარაკე მეამბოხე სახლს იგავით და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქვაბი შემოდგი ცეცხლზე, შემოდგი და შიგ წყალი ჩაასხი. ნაჭრები ჩაყარე შიგ, კარგი ნაჭრები, ბარკალი და ბეჭი, ნარჩევი ძვლებით გაავსე. ნარჩევი ცხვრებისგან აიღე, ქვეშ შეშა შეუკეთე და ადუღე, რომ ძვლები მოიხარშოს. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ჟანგიან ქვაბს რომ ჰგავს და რომლის ჟანგიც არ გადმოდის მისგან. ნაჭერ-ნაჭერ ამოიღე ნაჭრები, რჩევის გარეშე. რადგან მისი სისხლი მის წიაღშია, სალ კლდეზე დაასხა, მიწაზე არ დაუღვრია, მტვრით რომ არ დაფარულიყო. რათა რისხვით ავნთებულიყავი შურისძიებისთვის; მე დავასხი მისი სისხლი სალ კლდეზე, რათა არ დაფარულიყო. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, მე გავაღვივებ კოცონს. შეშა მიუმატე, ცეცხლი გააღვივე, ბოლომდე ჩახარშე ხორცი, ისე, რომ ძვლებიც ჩაიხარშოს. ცარიელი იდგას ნაკვერჩხლებზე, რათა გაცხელდეს და სპილენძი გავარვარდეს, გადნეს შიგნით მისი სიბილწე და გამოიწვას მისი ჟანგი. ჯაფისგან მოიქანცე, და მაინც არ მოცილდა ღრმა ჟანგი, ამიტომ ცეცხლს მიეცი ქვაბი, თავის ჟანგთან ერთად. შენს უწმიდურებაშია შენი სისაძაგლე, რადგან გწმენდდი და არ განიწმინდე შენი უწმიდურებისგან! მეტად აღარ განიწმინდები, სანამ არ დაცხრება შენზე ჩემი გულისწყრომა. მე, უფალმა, ვილაპარაკე, ახლოვდება ეს და მე აღვასრულებ, არ გავაუქმებ, არ დავინდობ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი საქმეების მიხედვით განგიკითხავ!” – ამბობს უფალი ღმერთი.

გალატელთა 4:24
ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, რომელიც მონობისთვის შობს; და ეს აგარია.

ებრაელთა 11:19
ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.

Advertisements