იგავები უკანასკნელ სამსჯავროზე ბიბლიის მუხლები

მათეს 13:47-50
კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან. ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან. ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.

მათეს 25:31-46
ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან. დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი – თავის მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ? მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ. მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი, და საპყრობილეში, და არ მომინახულეთ. მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, როგორც არც ერთს ამ მცირეთაგანს არაფერი გაუკეთეთ – არც მე გამიკეთეთ! და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში”.

მათეს 13:24-30
სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: „ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა. ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია? მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ და გავმარგლავთ. მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.

მათეს 13:36-43
მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი”. მან პასუხად მიუგო: „კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა. ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი. მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან. ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს. წარმოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურსა და ურჯულოების მოქმედს, და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!