კეთილმოსურნეობა ბიბლიის მუხლები

გალატელთა 6:10
მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე ვაკეთოთ ყველამ, და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით.

მეორე რჯული 15:7-11
თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი ძმათაგანი, ერთ-ერთ შენს კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ გაიქვაო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი გლახაკი ძმის მიმართ, არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება. გაფრთხილდი, რომ გულში უღირსი ფიქრი არ შეგეპაროს და არ თქვა: „მოახლოვდა მეშვიდე წელი, წელიწადი პატიებისა”, და არ აითვალწუნო შენი გლახაკი ძმა და უარი არ უთხრა მას. ის შეჰღაღადებს შენზე უფალს და შენზე იქნება ცოდვა. მიცემით მიეცი მას, და მიცემისას ნუ იწუხებს შენი გული, რადგან გაკურთხებს ამისათვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ შენს საქმეში და შენი ხელის ყოველ ნაამაგარში. რადგან არ დაილევა გლახაკი ქვეყანაში, ამიტომ გიბრძანებ ხელგაშლილი იყო შენი ძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი გლახაკის მიმართ შენს ქვეყანაში.

ლუკას 6:38
მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.”

საქმეები 20:35
ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.”

მსაჯული 19:16-21
და აჰა, საღამოხანს ერთი ბერიკაცი ბრუნდებოდა თავისი სამუშაოდან, მინდვრიდან; და ეს კაცი ეფრემის მთიდან იყო და გიბყაში ცხოვრობდა. ამ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინის ძენი იყვნენ. და აახილა თვალი, და დაინახა მგზავრი ქალაქის მოედანზე. და უთხრა ამ ბერიკაცმა: „საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?” და მან უპასუხა: „ჩვენ იუდას ბეთლემიდან მოვდივართ და მივალთ ეფრემის მთის კალთებამდე, რადგან იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი წასული და ახლა უფლის სახლისაკენ მივდივარ; და შინ არავინ შემიშვა. ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის, აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც, და ამ მსახური ბიჭისთვისაც, არაფერი მაკლია.” და უთხრა მას ბერიკაცმა: „მშვიდობა შენდა, რაც კი რამ გაკლია, ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს.” და შინ შეუშვა, და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.

2 მეფეთა 9:7
და უთხრა დავითმა: „ნუ გეშინია, წყალობას გიზამ მამაშენის, იონათანის, გულისათვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.”

ნეემია 5:8-12
და ვუთხარი მათ: „ჩვენ გამოვისყიდეთ სხვა ხალხებს მიყიდული ჩვენი იუდაელი ძმები, როგორც შეგვეძლო, თქვენ კი საკუთარ ძმებს ჰყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ!” და დუმდნენ ისინი და სიტყვას ვეღარ პოულობდნენ. და ვთქვი: „არ არის კარგი ეს საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ! განა ღვთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისა და მტრების დაცინვა აიცილოთ? მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურნი სესხად ვაძლევთ ვერცხლს და ხორბალს. მოდით მივუტევოთ მათ ეს ვალი. დღესვე დაუბრუნეთ მათ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, და სარგებელი ვერცხლის, ხორბლის, ღვინის, და ზეთის, რასაც მათგან ითხოვდით.” და თქვეს: „დავუბრუნებთ და აღარ მოვთხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ!” და მღვდლებს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რომ იმ სიტყვისამებრ მოქცეულიყვნენ.

ნეემია 8:10-11
და უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი და იქიდან წილობები იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; და ნუ სწუხხართ, რადგან სიხარული უფლის წინაშე სიმტკიცეა თქვენი.” და ლევიანები აწყნარებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: “დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხხართ.”

იობი 29:11-17
ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა, რადგან მიხსნია ღატაკი, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა. კურთხევა განწირულისა ჩემზე მოსულა, და ქვრივის გული გამიხარებია. სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი. ბრმისათვის თვალები ვყოფილვარ, და კოჭლისთვის – ფეხები; გლახაკისთვის მამა ვყოფილვარ; და ჩემთვის უცნობი საქმე გამომიძიებია. უკეთური კაცისთვის ყბები დამილეწავს, და კბილებიდან ნატაცარი გამომიგლეჯია.

ეფესელთა 4:32
მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.

იობი 31:16-23
თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს, ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს, რადგან ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ჩემთან, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი მას; თუ მენახოს მომაკვდავი უსამოსლოდ ან გლახაკი უმოსასხამოდ, და მის საზარდულს არ დაველოცე და არ გამთბარიყო ჩემი ცხვრის მატყლით, თუ ობოლზე ხელი აღმემართოს, როცა კარიბჭესთან ჩემს შემწეს დავინახავდი, მაშინ ბეჭს მოსწყდეს ჩემი მხარი და მკლავი იდაყვში გადამიტყდეს! რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიმძიმეს ვერ გავუძლებ.

ფსალმუნები 40:1
ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე; უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი.

ფსალმუნები 111:9
განაბნია და მისცა ღატაკთ; მისი სიმართლე მარადიულია, მისი რქა ამაღლდება დიდებით.

იგავნი 3:27-28
ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც ერგება, როდესაც შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება. ნუ ეტყვი მოყვასს: „წადი და ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ,” თუ თანა გაქვს.

იგავნი 11:25
კურთხეულის სული დამსუყდება და, ვინც სხვას ასმევს წყალს, თვითონაც დარწყულებული იქნება.

იგავნი 22:9
კეთილმოსურნე კურთხეულ იქნება, რადგან თავისი პურიდან მისცა ღარიბს.

იგავნი 25:21
თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი და, თუ სწყურია, შეასვი წყალი,

იგავნი 28:27
ვინც ღარიბს აძლევს, არ ექნება გაჭირვება, ხოლო ვინც თვალს არიდებს, მდიდარია წყევლით.

ესაია 21:14
მწყურვალის შესახვედრად გამოჰქონდათ წყალი; თემას ქვეყნის მცხოვრებნი პურით ეგებებოდნენ მოხეტიალეს.

ესაია 58:7
განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ.

ესაია 58:10
და მისცემ მშიერს შენს სულს და წამებულის სულს გააძღობ, მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წყვდიადი შუადღესავით იქნება.

ეზეკიელი 18:7
არავის არ ჩაგრავს და თავის მევალეს ვალს უბრუნებს, ძარცვით არ ძარცვავს, თავის პურს მშიერს აძლევს და შიშველს სამოსით მოსავს.

მათეს 5:42
ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.

მათეს 19:21
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.”

მათეს 25:35-45
ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’ მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’ მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’ მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ.’ მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?’ მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’

მარკოზის 9:41
ვინც წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.

ლუკას 3:11
მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს.”

ლუკას 10:33-35
მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო.

ლუკას 11:41
არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ.

ლუკას 19:8
ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ.”

საქმეები 2:44-46
ველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ქონებას და სარჩო-საბადს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, საჭიროებისამებრ. დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდელს მხიარულებით და გულუბრალოებით.

საქმეები 4:32-37
მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული და სული ჰქონდა, და არავინ თავის ქონებას არ უწოდებდა თავისას, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე. არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც მინდვრების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა და დებდა მოციქულთა ფერხთით და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა. ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, გაყიდა თავისი მინდორი, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.

საქმეები 9:36-39
იყო იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა. იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედათვალში. ახლოს იყო ლიდა იაფოსთან და, მოწაფეებმა შეიტყეს პეტრე იქ არისო, და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა. ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როცა მივიდა, აიყვანეს ზედათვალში, და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უმზადებდა, სანამ მათთან იყო.

საქმეები 10:2
კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო და მთელს თავის სახლთან ერთად, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე.

საქმეები 11:29
ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, შეწევნა გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ.

1 კორინთელთა 13:3
მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.

1 კორინთელთა 16:1-3
რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, რამდენადაც ხეირი ნახოს, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მოვავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში.

Advertisements