ლევიანები ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 1:48-53
უთხრა უფალმა მოსეს: „მხოლოდ ლევის ტომი არ აღრიცხო და ნუ მიათვლი მათ ისრაელის ძეებს. დაადგინე ლევიანები მოწმობის კარავზე, ყოველ მის ჭურჭელზე და ყოველივეზე, რაც მასშია; დაე, ისინი ატარებდნენ მას თავის ჭურჭელთან ერთად და დაიბანაკონ კარვის გარშემო. გამგზავრებისას ან დაბანაკებისას ლევიანებმა დაშალონ და აღმართონ სავანე; უცხოთაგან მიახლოებული კი მოიკლას.  ისრაელის ძეთ, თითოეულმა თავის ბანაკში, თავის დროშასთან დაიბანაკოს, თავისი ლაშქრით.  ლევიანებმა კი დაიბანაკონ მოწმობის კარვის ირგვლივ, რათა არ იყოს რისხვა ისრაელიანებზე; და იფხიზლებენ ლევიანები მოწმობის კარვის სადარაჯოზე”.

რიცხვნი 2:17
მერე დაიძრება საკრებულო კარავი, ლევიანთა ბანაკი – ბანაკთა შუაში იქნება; როგორც დაბანაკდნენ – ისევე უნდა იყვნენ გზაში, თითოეული თავის დროშასთან.

მეორე რჯული 10:8
იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი უფლის აღთქმის კიდობნის სატარებლად, რომ მდგარიყვნენ და ემსახურათ უფლის წინაშე და მისი სახელით ეკურთხებინათ, როგორც დღემდეა.

რიცხვნი 3:25-26
გერშონიანების პასუხისმგებლობაში შედიოდა სავანე, კარავი თავისი გადასაფარებლით და კრეტსაბმელი, საკრებულო კარვის შესასვლელში;  ეზოს ფარდები, აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივ ეზოს კარიბჭის ფარდა, თავისი მისაბმელებითა და სრული აღჭურვილობით.

რიცხვნი 3:15
„აღრიცხე ლევის ძენი მათი მამის სახლეულითა და გვარებით; აღრიცხე ყოველი მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი”.

რიცხვნი 1:47
არ აღრიცხულან მათ შორის ლევიანნი, მათი მამისეული ტომის მიხედვით.

რიცხვნი 4:24-27
ეს გერშონის საგვარეულოს სამსახურია, მსახურებად და ტვირთის სატარებლად.  მათ უნდა ატარონ სავანის და საკრებულო კარვის გადასაფარებლები, მისი საბურველი და მაჩვის ტყავის საბურველი, რომელიც მასზეა ზემოდან და საკრებულო კარვის შესასვლელის კრეტსაბმელი. ეზოს ფარდები და ეზოს კარიბჭის შესასვლელის ფარდა, რომელიც აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივაა, მათი საბელები, მთელი მათი ჭურჭელი მსახურებისთვის და ყოველივე, რაც მისთვისაა საჭირო, რათა შეძლონ მსახურება.  აჰარონისა და მისი ძეების ბრძანების მიხედვით უნდა სრულდებოდეს გერშონის ძეთა ყოველი მსახურება, ყოველი ტვირთის ტარება და საქმის კეთება; მათ დაავალე ყველაფრის დაცვა, რაც მათი სატარებელია.

რიცხვნი 3:31
მათ პასუხისმგებლობაში შედიოდა კიდობანი, მაგიდა და სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლეული, რომლითაც მსახურებდნენ და კრეტსაბმელი მთელი მისი აღჭურვილობით.

რიცხვნი 4:20
ეს არის კეჰათის ძეთა სამსახური საკრებულო კარავში, წმიდათა წმიდაში.  ბანაკის დაძვრისას შევიდნენ აჰარონი და მისი ძენი, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი კრეტსაბმელი და გადააფარონ მოწმობის კიდობანს.  ზედ მაჩვის ტყავის საბურველი დააფარონ, ზემოდან გადააფარონ ცისფერი ქსოვილი და გაუყარონ კეტები.  საწინაშეო პურის მაგიდაზე გაშლიან ცისფერ ქსოვილს და დააწყობენ მასზე ლანგრებსა და კოვზებს, ჯამებსა და საღვრელ ფიალებს, მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე.  გაშლიან ზედ ძოწეულ ქსოვილს, გადააფარებენ მაჩვის ტყავის საბურველს და გაუყრიან კეტებს.  აიღებენ ცისფერ ქსოვილს და გადააფარებენ სასანთლეს მისი ლამპრებით, მის მაშებს, აქანდაზებს და მთელ ჭურჭელს მისი ზეთისთვის, რომელთაც მისთვის იყენებენ. მოათავსებენ მას და მთელ მის ჭურჭელს მაჩვის ტყავის საფარველში და ძელზე ჩამოკიდებენ. ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ცისფერ ქსოვილს, გადააფარებენ მაჩვის ტყავის საფარველს და კეტებს გაუყრიან.  აიღებენ ყველა სამსახურებელ ჭურჭელს, რომლითაც საწმიდარში მსახურებენ, დააწყობენ ცისფერ ქსოვილზე, დაბურავენ მაჩვის ტყავის საბურველით და ძელზე ჩამოკიდებენ. მოაშორებენ სამსხვერპლოს ნაცარს და მასზე წითელისფერ ქსოვილს გაშლიან.  დააწყობენ ზედ ყოველ მის ჭურჭელს, რომლითაც მსახურებენ: აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს და სასხურებლებს – სამსხვერპლოს ყოველ ჭურჭლეულობას; გადააფარებენ მაჩვის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.  როცა დაასრულებენ აჰარონი და მისი ძენი საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლეულის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მხოლოდ ამის შემდეგ შევლენ კეჰათის ძენი წასაღებად; არ შეეხონ წმიდას, რათა არ მოკვდნენ. ესაა კეჰათის ძეთა ტვირთი საკრებულო კარვიდან.  ელეაზარს, აჰარონ მღვდლის ძეს ევალება ზედამხედველობა: ლამპრის ზეთზე, კეთილსურნელოვან საკმეველზე, მუდმივი პურის შესაწირზე და ზეთსაცხებელზე, ზედამხედველობა მთლიანად კარავსა და ყოველივეზე, რაც მასშია, წმიდაზე და მის ჭურჭელზე.  უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:  „ნუ მოკვეთავთ კეჰათის საგვარეულოთა ტომს ლევიანთაგან. ეს უნდა გააკეთოთ მათთვის, რომ იცოცხლონ და არ მოკვდნენ, როდესაც მიუახლოვდებიან ისინი წმიდა საგნებს: შევიდნენ აჰარონი და მისი ძენი და თითოეული მათგანი თავის სამსახურზე, თავის ტვირთთან დააყენონ.  ნუ მივლენ შეფუთული საწმიდრის სახილველად, თორემ დაიხოცებიან”.

რიცხვნი 8:19
მივეცი ლევიანები აჰარონსა და მის ძეებს ისრაელის ძეთაგან, რათა შეასრულონ მსახურება ისრაელიანთათვის საკრებულო კარავში და შესწირონ მათთვის გამოსასყიდი; რათა არ იყოს ისრაელიანთა შორის მომსვრელი სენი, როცა კი მიეკარებიან საწმიდარს”.

რიცხვნი 8:20-21
ასე გააკეთეს მოსემ, აჰარონმა და ისრაელიანთა მთელმა თემმა ლევიანთათვის; ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გააკეთეს მათთვის ისრაელიანებმა. განიწმიდნენ ლევიანები, გაირეცხეს სამოსელი და წარადგინა ისინი აჰარონმა უფლის წინაშე, როგორც ძვირფასი შესაწირი და შესწირა გამოსასყიდი აჰარონმა, რათა განეწმიდა ისინი.

რიცხვნი 4:1-3
უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:  „აღრიცხე კეჰათის ძენი ლევის ძეთაგან, მათი ოჯახებითურთ, მათი მამისსახლების მიხედვით.  ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვისაც კი სამსახურში ჩადგომა შეუძლია, საკრებულო კარავში სამსახურებლად.

1 მეფეთა 6:15
გადმოიღეს ლევიანებმა უფლის კიდობანი და მის გვერდით მდგარი სკივრი, რომელშიც ოქროს ნივთები იყო და დადეს იმ დიდ ქვაზე. ბეთ-შემეშელებმა კი სრულადდასაწველი აღუვლინეს და მსხვერპლები შესწირეს უფალს იმ დღეს.

2 მეფეთა 15:24
აჰა, ყველა ლევიანთან ერთად მოჰქონდა ცადოკს ღვთის აღთქმის კიდობანი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა აბიათარი მაღლობზე, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.

3 მეფეთა 8:3-5
მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს კიდობანი მღვდლებმა.  გამოიტანეს მღვდლებმა და ლევიანებმა უფლის კიდობანი, საკრებულო კარავი და ყოველი წმიდა ჭურჭელი, რომელიც იყო კარავში. მღვდლები და ლევიანნი ზიდავდნენ.  ხოლო მეფე სოლომონი, ისრაელის მთელ თემთან ერთად მიუძღოდა წინ კიდობანს, უამრავ ცხვარსა და ხარს სწირავდნენ; ვერ დაითვლებოდა სიმრავლის გამო.

2 ნეშტთა 5:4-6
მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს ლევიანებმა კიდობანი.  გამოიტანეს კიდობანი და საკრებულო კარავი და მთელი წმიდა ჭურჭელი, რომელიც კარავში იყო. მღვდლები და ლევიანნი ეზიდებოდნენ.  მეფე სოლომონი და მთელი ისრაელის თემი, რომელიც მასთან შეიკრიბა, კიდობნის წინ სწირავდნენ ცხვრებსა და ხარებს, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.

1 ნეშტთა 23:2-6
და შეკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი, მღვდელი და ლევიანი.  აღირიცხა ყველა ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანი და გამოვიდა ოცდათვრამეტი ათასი კაცი.  ამათგან ოცდაოთხი ათასი უფლის სახლის საქმეებს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ;  ოთხი ათასი კარისმცველი იყო, ოთხი ათასი კი იმ საკრავებით აქებდა უფალს, რომლებიც დავითმა გააკეთა.  ლევის, გერშონის, კეჰათისა და მერარის ძეთა დასებად დაჰყო ისინი დავითმა.

1 ნეშტთა 16:4-6
ლევიანთაგან ზოგი უფლის კიდობნის მსახურად დაადგინა, რათა მის საქმეებზე ელაპარაკათ, ექოთ და სამადლობელი აღევლინათ უფლის, ისრაელის ღმერთისადმი:  ასაფი მათი მეთაური იყო და მეორე მის შემდგომ – ზაქარია; შემდეგ იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითიაჰუ, ელიაბი, ბენაიაჰუ, ყობედ-ედომი და იეყიელი, ბობღნებზე და ქნარებზე უკრავდნენ, ასაფი კი ხმამაღალ წინწილებზე უკრავდა.  ბენაიაჰუ და იახაზიელ მღვდლები გამუდმებით ბუკებს აყვირებდნენ ღვთის აღთქმის კიდობნის წინ;

2 ნეშტთა 29:3-36
მან თავისი მეფობის პირველსავე წელს, პირველ თვეში, გააღო უფლის სახლის კარებები და შეაკეთა ისინი.  მოიყვანა მღვდლები, ლევიანები და აღმოსავლეთის მოედანზე შეკრიბა.  უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! ახლა, განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამების ღმერთის სახლი და გამოიტანეთ უწმიდურება წმიდა ადგილიდან.  რადგან შესცოდეს ჩვენმა მამებმა, ბოროტად იქცეოდნენ უფლის, ჩვენი ღმერთის თვალში, მიატოვეს იგი, პირი იბრუნეს უფლის სამყოფელისგან და ზურგი აქციეს მას.  ჩაკეტეს დარბაზის კარები და ჩააქრეს ლამპრები, აღარც საკმეველს აკმევდნენ და აღარც სრულადდასაწველებს აღუვლენდნენ წმიდა ადგილზე ისრაელის ღმერთს.  უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს და გადასცა ისინი ნგრევას, გატიალებასა და შერცხვენას, როგორც თქვენი თვალით ხედავთ.  აჰა, მახვილით დაეცნენ ჩვენი მამები; ჩვენი ძეები, ასულები და ცოლები კი ტყვეობაში არიან ამის გამო.  ახლა გულით მსურს აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი მწველი რისხვა.  ჩემო ძეებო, ნუ იქნებით დაუდევარნი! რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა მის წინაშე მდგარიყავით, გემსახურათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმეველები ყოფილიყავით”.  ადგნენ ლევიანები: კეჰათის ძეთაგან – მახათ ყამასაის ძე და იოელ ყაზარიას ძე; მერარის ძეთაგან – კიში ყაბდიას ძე და ყაზარია იეჰალელელის ძე; გერშონის ძეთაგან – იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე. ელიცაფანის ძეთაგან – შიმრი და იეყიელი; ასაფის ძეთაგან – ზაქარია და მათანია;  ჰემანის ძეთაგან – იეხიელი და შიმყი; იედუთუნის ძეთაგან – შემაყია და ყუზიელი.  შეკრიბეს თავიანთი ძმები და განიწმიდნენ. მივიდნენ მეფის ბრძანებით, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად.  შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდა ოთახში დასასუფთავებლად და გამოიტანეს ყველაფერი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარში და მის ეზოში იპოვეს; აიღეს ლევიანებმა ეს უწმიდურება, გამოიტანეს და კედრონის ხევში გადაყარეს.  პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს განწმენდა, თვის მერვე დღეს კი უფლის დარბაზში შევიდნენ; რვა დღეს წმინდეს უფლის სახლი და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს დაასრულეს.  შევიდნენ მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრეს: „გავასუფთავეთ უფლის მთელი სახლი, სრულადდასაწველის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭელი, საწინაშეო პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭელი;  ასევე მთელი ჭურჭელი, რომელიც მიატოვა მეფე ახაზმა თავის მეფობაში ორგულობის გამო – ჩვენ მოვამზადეთ და განვწმიდეთ. აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინაშეა ისინი”.  დილაადრიანად ადგა მეფე ხიზკიაჰუ, შეკრიბა ქალაქის მთავრები და უფლის სახლში ავიდა.  შვიდი მოზვერი, შვიდი ვერძი, შვიდი კრავი და შვიდი ვაცი მიიყვანეს – სამეფოს, საწმიდარისა და იუდას ცოდვისთვის; და უბრძანა მღვდლებს, აჰარონის ძეებს, რომ უფლის სამსხვერპლოზე აღევლინათ ისინი.  დაკლეს მოზვრები; აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს; დაკლეს ვერძები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს; დაკლეს კრავები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს.  მოიყვანეს განტევების ვაცები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაასხეს მათ.  დაკლეს ისინი მღვდლებმა და მთელი ისრაელის ცოდვების გამოსასყიდად გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო; რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი.  დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით, დავითისა და გადის, მეფის მხილველის და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი ბრძანების მიხედვით, რადგან ასე იყო ნაბრძანები ეს უფლის მიერ წინასწარმეტყველთა მეშვეობით. ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით.  ბრძანება გასცა ხიზკიაჰუმ, რომ სრულადდასაწველი აღევლინათ სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო სრულადდასაწველის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი დავითის, ისრაელის მეფის საკრავებისა და საყვირების თანხლებით.  მთელი კრებული თაყვანს სცემდა; მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდნენ; ასე გრძელდებოდა სრულადდასაწველის დამთავრებამდე. სრულადდასაწველი რომ აღასრულეს, მეფემ და ყველა მასთან მყოფმა ქედი მოიხარეს და თაყვანი სცეს.  უბრძანეს მეფე ხიზკიაჰუმ და მთავრებმა ლევიანებს, რომ ედიდებინათ უფალი, დავითისა და ასაფ წინასწარმეტყველის სიტყვებით; ისინიც სიხარულით აქებდნენ, ქედს იხრიდნენ და თაყვანს სცემდნენ.  მიუგო ხიზკიაჰუმ და თქვა: „ახლა უკვე განწმედილნი ხართ უფლისთვის; მოდით, მოიტანეთ მსხვერპლები და სამადლობელნი უფლის სახლში”. მოიტანა მთელმა კრებულმა მსხვერპლები და სამადლობელნი, ხოლო ვისაც გულით სურდა მოიტანა სრულადდასაწველი.  იმ სრულადდასაწველთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ვერძი, ორასი კრავი; ყოველივე ეს უფლისთვის იყო სრულადდასაწველად. სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი.  ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და ვეღარ შეძლეს სრულადდასაწველის გატყავება, ამიტომ მათი ძმები ლევიანები ეხმარებოდნენ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და სხვა მღვდლებიც არ განიწმიდნენ, რადგან ლევიანები უფრო წრფელი გულებით იწმიდებოდნენ, ვიდრე მღვდლები.  თანაც უამრავი იყო სრულადდასაწველი, სამშვიდობო შესაწირის ქონთან და საღვრელ შესაწირებთან ერთად. ასე განახლდა უფლის სახლის მსახურება.  გაიხარეს ხიზკიაჰუმ და მთელმა ხალხმა იმის გამო, რაც ხალხს მოუმზადა ღმერთმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი.

Advertisements