ლოცვა, ურთიერთობა ღმერთთან ბიბლიის მუხლები

ესაია 64:8-9
ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი. მეტისმეტად ნუ განრისხდები, უფალო, სამუდამოდ ნუ დაიხსომებ ჩვენს დანაშაულს. აჰა, შეხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი.

ფსალმუმნები 102:13-14
როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები. ვინაიდან იცის ჩვენი აგებულება, ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ.

ესაია 63:16
რადგან შენა ხარ ჩვენი მამა, თუმცა არ გვიცნობს აბრაამი და ისრაელი არ გვაღიარებს; ო, უფალო, შენა ხარ ჩვენი მამა და საუკუნოდ ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი.

მათეს 6:9-13
თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა; პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს; და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!

მათეს 6:6
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.

მათეს 7:7-11
ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს – ღებულობს, ვინც ეძიებს – პოულობს და ვინც აკაკუნებს – გაეღება. არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.

რომაელთა 8:15
ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!”

გალატელთა 4:6
და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო!”

მარკოზის 14:36
თქვა: „აბბა, მამაო, ყოველივე შესაძლებელია შენთვის. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ”.

იოანეს 17:1-26
ამ ლაპარაკის შემდეგ, იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. ვინაიდან ყველა ხორციელზე მას მიეცი ხელმწიფება, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს. მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი გასაკეთებლად. ახლა კი განმადიდე შენით მამაო, იმავე დიდებით, რაც წუთისოფლის გაჩენამდე მქონდა შენთან. გამოვუცხადე შენი სახელი იმ ადამიანებს, შენ რომ მომეცი წუთისოფლისგან. შენები იყვნენ ისინი, მე მომეცი და დაიცვეს შენი სიტყვა. ახლა შეიცნეს, რომ რაც მომეცი, ყველაფერი შენგანაა; ვინაიდან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ მივეცი; მათ კი მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი; და ირწმუნეს, რომ შენ წარმომგზავნე. მათთვის გთხოვ, წუთისოფლისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი. და მე მათში განვდიდდი. მე აღარ ვარ წუთისოფელში, ისინი კი წუთისოფელში არიან; მე შენთან მოვდივარ. წმიდა მამავ, შენი სახელით დაიცავი ესენი, შენ რომ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ! ვიდრე მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, შენ რომ მომეცი; და დავიცავი, არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი. ახლა კი შენთან მოვდივარ; და ამას ვლაპარაკობ წუთისოფელში, რათა სრული იყოს მათში ჩემი სიხარული. მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა. არ გთხოვ, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისგან.  წუთისოფლისგან არ არიან ისინი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისგან. განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება. როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში. ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც განწმედილნი იყვნენ ჭეშმარიტებით. მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე. დიდება, შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამავ, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც, შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე. მამავ მართალო, წუთისოფელმა ვერ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ წარმომგზავნე. მე განვუცხადე მათ შენი სახელი და კვლავაც განვუცხადებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათშიც იყოს და მეც ვიყო მათში”.

ებრაელთა 10:19-22
მაშ, ძმანო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით გაბედულება გვაქვს შევიდეთ წმიდათა წმიდაში, ჩვენთვის ბოძებული ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა, კრეტსაბმელით, – რაც მისი სხეულია, და მღვდელმთავრით ღვთის სახლზე, მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

ეფესელთა 3:12
რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.

ებრაელთა 7:15-19
და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით. ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“ ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უსუსურობისა და უსარგებლობის გამო, ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.

ფსალმუნები 41:1-2
როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადებისკენ, ისე მიილტვის ჩემი სული შენკენ ღმერთო! ღმერთი, ცოცხალი ღმერთი სწყურია ჩემს სულს, როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.

იერემია 29:12-13
მომიხმობთ და მოვალ, შემევედრებით და მოგისმენთ. ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, როცა მთელი გულით მომძებნით.

ფსალმუნები 129:5-6
უფალს ვენდობი, მას მოელის სული ჩემი და მისი სიტყვის იმედი მაქვს. სული ჩემი მოელის უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგი დილას, დიახ, ვიდრე გუშაგი დილას.

ფსალმუნები 144:18-19
ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას. მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადისს ისმენს და იხსნის მათ.

იგავნი 8:17
მიყვარს ჩემი მოყვარულნი და გულმოდგინედ მაძიებელნი მიპოვნიან.

ესაია 26:9
შენკენ ილტვის ღამღამობით ჩემი სამშვინველი; დიახ, ჩემში მყოფი სულით გეძებ დილაობით; როცა შენი სამართლით განიკითხავ ქვეყანას, მაშინ ისწავლიან სიმართლეს ქვეყნიერების მკვიდრნი.

ესაია 33:2
უფალო, შეგვიწყალე! შენ გელოდით, მათი მკლავი იყავი დილაობით და ჩვენი მხსნელი გაჭირვების ჟამს.

გოდება იერემიასი 3:25
კეთილია უფალი მისი მომლოდინესთვის, მისი მაძიებელი სულისთვის.

Advertisements