მანუგეშებელი ბიბლიის მუხლები

რომაელთა 8:28
ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.

იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.

ფსალმუნები 22:4
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

ფსალმუნები 33:17-19
მართალნი მოუხმობენ და ისმენს უფალი, იხსნის მათ ყველა გასაჭირისგან. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის ის. მრავალია სიძნელე მართლისა; მაგრამ ყველაფრისაგან იხსნის უფალი.

იგავნი 3:5-6
მიენდე უფალს მთელი გულით და შენს გონებას ნუ დაენდობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი იგი, და ის წარმართავს შენს ბილიკებს.

მათეს 5:4
ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშისცემულ იქნებიან.

გამოცხადება 21:4
და მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“

მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. რადგან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“

ფსალმუნები 17:2
უფალი არის ჩემი კლდე და სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი, ღმერთი ჩემი, – ჩემი კლდე, თავშესაფარი, ფარი ჩემი და ჩემი ხსნის რქა, საყრდენი ჩემი.

იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.“

რომაელთა 8:31-32
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვის შეუძლია იყოს ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?

2 კორინთელთა 1:3-4
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ყოველი ნუგეშის ღმერთი, ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.

იერემია 29:11
რადგან მე კარგად ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.

2 ტიმოთეს 1:7
რადგან ღმერთმა მოგვცა ჩვენ სული არა სიმხდალისა, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა.

რომაელთა 5:5
ხოლო სასოება არასოდეს გვიმტყუნებს, რადგან ღმერთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი ბედი და ის განგამტკიცებს, არასოდეს არ დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.

ფსალმუნები 45:1
ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, სწრაფი შემწე გასაჭირში.

ნაუმი 1:7
კეთილია უფალი – ციხე-სიმაგრე გასაჭირში – და ცნობს თავის მოიმედეთ.

ფსალმუნები 72:26
ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; მაგრამ ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.

1 პეტრეს 5:7
მიანდეთ მას ყველა თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

ფსალმუნები 15:8
უფალი მუდამ ჩემს თვალწინაა; რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.

რომაელთა 8:18
რადგან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.

ესაია 12:2
აჰა, ღმერთია ჩემი მხსნელი! მას მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან უფალია ჩემი ძლიერება, ის არის ჩემი ძალა! ის არის ჩემი მხსნელი.

ესაია 43:2
როდესაც გაივლი წყლებში, მე შენთანა ვარ, მდინარეებში გატოპავ და ვერ წაგლეკავენ ისინი. ცეცხლში გაივლი და არ დაიწვები, მისი ალი არ მოგედება.

იოანეს 14:1-3
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ თქვენ. და როდესაც წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.

2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

ფსალმუნები 9:9
უფალი არის ჩაგრულის შემწე, დასაყრდენი გასაჭირის ჟამს.

ფსალმუნები 21:24
რადგან არ დაამცირა და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, არ მოარიდა პირი თვისი, უსმინა მას, როს მოუხმობდა.

2 კორინთელთა 5:17
ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა, აჰა, ყოველივე ახალია.

იაკობის 1:2-4
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალგვარ განსაცდელს შეხვდებით, რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა შობს მოთმინებას; მოთმინებას კი უნდა ჰქონდეს სრულმქმნელი მოქმედება, რათა იყოთ სრულყოფილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.

რომაელთა 12:12
იხარეთ იმედით, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.

Advertisements