მარხვის მიზეზები ბიბლიის მუხლები

იოველი 2:12-15
„თუმცა, ახლაც” – ამბობს უფალი, – „დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით; გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე. ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს და გვითანაგრძნოს, თან მოიყოლოს უფლის, თქვენი ღმერთის კურთხევა, მარცვლეული და საღვრელი შესაწირი. საყვირს ჩაბერეთ სიონზე, მარხვა დათქვით, გამოაცხადეთ შეკრება.

1 მეფეთა 31:11-13

ადგა ყველა ვაჟკაცი, მთელი ღამე იარეს, ჩამოხსნეს საულისა და მისი ძეების გვამები ბეთ-შანის გალავნიდან, იაბეშში წაიღეს და დაწვეს. აიღეს მათი ძვლები და დაკრძალეს იაბეშის იალღუნის ქვეშ; და იმარხულეს შვიდი დღე.

2 მეფეთა 1:10-11
ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე მოიქცა ყველა, ვინც მასთან იყო. გოდებდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ხალხისა და ისრაელის სახლის გამო, რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.

ფსალმუნები 34:13-14
მე კი ძაძებს ვიცვამდი მათი სნეულების ჟამს, ჩემს სულს მარხვით ვიძაბუნებდი, მაგრამ ჩემი ლოცვა უკან მიბრუნდებოდა. ისე ვწუხდი, როგორც მეგობრისთვის ან ძმისთვის, დედაზე მგლოვიარესავით დავიარებოდი დანაღვლიანებული და თავდახრილი.

ეზრა 8:21
და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე და მისთვის გვეთხოვა, დაცული გზა ჩვენთვის, ჩვენი პატარებისთვის და მთელი ჩვენი ქონებისთვის,

მსაჯულნი 20:26-28
ავიდა ბეთელს მთელი ისრაელი, მთელი ერი და შესტიროდა უფალს, იჯდა და მარხულობდა საღამომდე, აღავლინეს უფლის წინაშე სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები. ჰკითხეს ისრაელის ძეებმა უფალს, (იმ დღეებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა. და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აჰარონის ძისა, იდგა მის წინაშე იმ დღეებში.) თქვეს: „ისევ გავიდეთ ჩვენს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად, თუ შევწყვიტოთ?” უთხრა მათ უფალმა: “გადით, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მათ”.

მეორე რჯული 9:8-10
ხორებშიც განარისხეთ უფალი და განადგურება დაგიპირათ თქვენზე გამწყრალმა. როცა მთაზე ავედი, ქვის დაფების ჩამოსატანად, აღთქმის დაფების, რომელიც აღგითქვათ უფალმა, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი მთაზე, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია; და მომცა უფალმა ღვთის თითით დაწერილი ქვის ორი დაფა, ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც შუაგულ ცეცხლიდან წარმოთქვა მთაზე უფალმა, შეკრების დღეს;

დანიელი 9:1-6
დარიოს ახაშვეროშის ძის, მოდგმით მიდიელის, მეფობის პირველ წელს, ქალდეველთა სამეფოზე რომ გამეფდა, მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ. პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში. ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: „ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ! აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს. ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.

იოველი 1:13-14
ძაძით შეიმოსეთ და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურებო! მოდით, ძაძებში გაათიეთ ღამე, ჩემი ღმერთის მსახურნო, რადგან შეწყდა თქვენი ღმერთის სახლში შესაწირი და საღვრელი. მარხვა დათქვით და საყოველთაო შეკრება გამოაცხადეთ. შეკრიბეთ უხუცესნი და ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის სახლთან და შეჰღაღადეთ უფალს.

იონა 3:3-9
ადგა იონა და უფლის სიტყვის თანახმად წავიდა ნინევეში. ძალზე დიდი ქალაქი იყო ნინევე, სამი დღის სავალი. ერთი დღე იარა იონამ ქალაქში; ქადაგებდა და ამბობდა: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე!” იწამეს ღმერთი ნინეველებმა, მარხვა გამოაცხადეს და დიდიდან პატარამდე ჯვალოთი შეიმოსნენ. ეუწყა ეს ამბავი ნინევეს მეფეს; ჩამოვიდა ტახტიდან, გაიხადა სამეფო სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა და ნაცარში ჩაჯდა. ბრძანა და გამოაცხადა: „ნინევეში, მეფისა და მთავრების განკარგულებით, არც კაცმა და არც პირუტყვმა, არც ძროხამ და არც ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს! კაცმაც და პირუტყვმაც ჯვალო ატაროს და მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, რათა მოექცეს ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და ძალადობისგან, რაშიც ხელი აქვს გარეული! ვინ იცის, იქნებ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს მგზნებარე რისხვა და აღარ დაგვღუპოს”.

2 მეფეთა 12:15-17
წავიდა ნათანი თავის სახლში და დალახვრა უფალმა ბავშვი, რომელიც ურიას ცოლმა უშვა დავითს და დასნეულდა იგი. ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს. თავზე დაადგნენ სახლის უხუცესნი მიწიდან ასაყენებლად, მაგრამ არ ინება და არც პური ჭამა მათთან.

დანიელი 10:1-2
სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს; ჭეშმარიტი იყო ეს სიტყვა და დიდ ომს შეეხებოდა; ჩაწვდა იგი ამ სიტყვას და მიხვდა ამ ჩვენებას. იმ დღეებში მე, დანიელი, მგლოვიარედ ვიყავი სამი კვირა:

2 მეფეთა 3:31-35
უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ ხალხს: „შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ აბნერი”. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს. როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, აღიმაღლა ხმა და ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა ხალხიც. დაიტირა მეფემ აბნერი და თქვა: „განა უგუნური კაცივით უნდა მომკვდარიყო აბნერი? ხელები შეკრული არ გქონია, ფეხებზე ბორკილი არ გდებია. ისე დაეცი, როგორც ავაზაკთა წინაშე ეცემიან”. და კიდევ უფრო ატირდა ხალხი. ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურის ჭამას სთავაზობდნენ დავითს. იფიცებოდა დავითი: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ ვიგემო მზის ჩასვლამდე პური ან სხვა რამე”.

1 მეფეთა 7:6
შეიკრიბნენ მიცფაში, ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე; იმარხულეს იმ დღეს და თქვეს: „შევცოდეთ უფალს”. და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეებს მიცფაში.

ნეემია 9:1-3
იმავე თვის ოცდამეოთხე დღეს მარხვით შეიკრიბნენ ისრაელის ძენი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი. გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს. თავ-თავის ადგილებზე იდგნენ და მეოთხედი დღე უფლის, თავისი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, დღის მეორე მეოთხედი კი აღიარებასა და უფლის, თავიანთი ღმერთის თაყვანისცემაში იყვნენ.

მათეს 17:21
ეს მოდგმა კი არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით”.

საქმეები 13:2
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: `გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.

საქმეები 14:23
ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.


მსგავსი თემები:

მარხვა        მარხვა გლოვის დროს       მარხვის წესი       რეგულარული მარხვა