მეორე ტაძარი ბიბლიის მუხლები

2 ნეშთა 36:23
ასე ამბობსო კიროსი, სპარსეთის მეფე: „დედამიწის ყველა სამეფო მომცა უფალმა, ზეციერმა ღმერთმა და მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო იუდეის იერუსალიმში; თუ ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, უფალი, მისი ღმერთი იყოს მასთან, შეუძლია წავიდეს!

ეზრა 1:2
„ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: დედამიწის ყოველი სამეფო მე მომცა უფალმა, ცათა ღმერთმა და მან მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო მას იერუსალიმში, რომელიც იუდაშია.

ეზრა 4:1-5
გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ გადასახლებულები ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.  მივიდნენ ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან და უთხრეს: „ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის, დღეებიდან მოყოლებული, რომელმაც აქ მოგვიყვანა”.  უთხრეს მათ ზერუბაბელმა, იეშუამ და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: „რა საქმე გაქვთ ჩვენთან და ჩვენი ღმერთის სახლის შენებასთან?! რადგან ჩვენ თვითონ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის მეფე კიროსს, სპარსეთის მეფეს”.  ხელები მოუსუსტა იმ ქვეყნის ხალხმა იუდას ხალხს და შენების ძალა გამოაცალა მათ.  მრჩევლები დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რომ განზრახვაზე ხელი აეღოთ. ასე იქცეოდნენ სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის დროს, დარიოსის, სპარსეთის მეფის გამეფებამდე.

ეზრა 5:2-17
მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იეშუა იოცადაკის ძე და დაიწყეს ღვთის სახლის შენება იერუსალიმში. მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და ეხმარებოდნენ მათ.  მაშინ იყო, რომ მივიდნენ მათთან თათენაი, მდინარის გაღმელი მთავარი და შეთარ-ბოზნაი, თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად და ასე უთხრეს მათ: „ვინ მოგცათ თქვენ ამ ტაძრის აგებისა და გალავნის დასრულების განკარგულება?” მაშინ ვუთხარი იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აშენებდა.  მათი ღმერთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, რათა არ შეეწყვიტათ მუშაობა, ვიდრე არ შეატყობინებდნენ ამ ამბავს დარიოსს და პასუხი არ დაბრუნდებოდა.  აი, მეფე დარიოსისთვის თათენაის, მდინარის გაღმელი მთავრისა და შეთარ-ბოზნაის მიერ, მდინარის გაღმა მყოფ, თავის თანამოაზრე აფარსახელებთან ერთად, გაგზავნილი წერილის პირი: გაუგზავნეს მას წერილი, რომელშიც ეწერა: „მეფე დარიოსს, სრული მშვიდობა! დაე, ეუწყოს მეფეს, რომ ვიყავით იუდაში, დიდი ღმერთის ტაძართან, რომელიც დიდრონი ქვებით შენდება და მორებს აყოლებენ ზღუდეებში. გულმოდგინედ მუშაობენ და წარმატებით მიმდინარეობს ეს საქმე.  მაშინ ასე ვკითხეთ მათ უხუცესებს: ვინ მოგცათ თქვენ ამ ტაძრის აგებისა და გალავნის დასრულების განკარგულება?  სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა მათი თავკაცების სახელები.  ასე მოგვიგეს: ჩვენ ცისა და მიწის ღმერთის მსახურები ვართ და თავიდან ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინ აშენდა და ისრაელის დიდმა მეფემ აღაშენა და დაასრულა იგი.  მერე განარისხეს ჩვენმა მამებმა ზეციერი ღმერთი, მან ისინი ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორ ქალდეველის ხელს გადასცა, რომელმაც დაანგრია ეს სახლი და ბაბილონში გადაასახლა ხალხი.  მაგრამ კიროსის მეფობის პირველ წელს, ბაბილონში გასცა კიროსმა ღვთის სახლის აშენების განკარგულება.  ღვთის სახლის ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რაც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის ტაძრიდან წაიღო და ბაბილონის ტაძარში მიიტანა, უკან გამოიტანა მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან და გადასცა შეშბაცარს, რომელიც გამგებლად ჰყავდა დანიშნული.  უთხრა მას: აიღე ეს ჭურჭელი და წადი, მიიტანე იერუსალიმის ტაძარში, რათა აშენდეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილზე!  მაშინ მოვიდა შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს იერუსალიმში; იმ დროიდან აქამდე შენდება იგი, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა.  ახლა კი, თუ ინებებს მეფე, დაე მოჩხრიკონ სამეფო მატიანე იქ, ბაბილონში, მართლა გაიცა თუ არა ბრძანება მეფე კიროსისგან უფლის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში და შეგვატყობინოს მეფემ თავისი გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე”.

ანგია 1:2
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო უფლის სახლის აშენების დრო.

ანგია 1:8
ადით მთაზე, მორები აიტანეთ და ხელახლა ააშენეთ ტაძარი. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები – ამბობს უფალი.

ანგია 1:14
და აღძრა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, იესო იეჰოცადაკის ძის, მღვდელმთავრის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,

ზაქარია 1:16
ამიტომ ასე ამბობს უფალი: სიბრალულით მოვბრუნდები იერუსალიმისკენ და აშენდება მასში ჩემი სახლი – ამბობს ცაბაოთ უფალი – საზომი ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.

ზაქარია 8:9
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: გაიმაგრეთ ხელები, ვისაც გესმით ამ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ეს სიტყვები, ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების დღეს რომ წინასწარმეტყველებდნენ, რათა აშენებულიყო ტაძარი.

Advertisements