მესიანური ეპოქა ბიბლიის მუხლები

დანიელი 2:38-44
აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება. ყველა ადგილი, სადაც კი ადამის ძეები, მინდვრის მხეცები და ცის ფრინველები მკვიდრობენ ხელთ მოგცა; შენ დაგაყენა ყოველივეს მბრძანებლად. შენ, შენ ხარ ის ოქროს თავი. შენს შემდეგ კი აღდგება სხვა სამეფო, შენზე დამდაბლებული; მესამე სამეფო სპილენძის იქნება და მთელ დედამიწაზე იბატონებს. მეოთხე სამეფო კი რკინასავით მაგარი იქნება; როგორც რკინა ამსხვრევს და აქუცმაცებს ყველაფერს, ისე დააქუცმაცებს ყოველივეს და შემუსრავს; როგორც იხილე, ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მექოთნის თიხისა ჰქონდა და ნაწილობრივ – რკინისა, ასევე ის სამეფოც დანაწილებული იქნება. რკინის სიმაგრეც ექნება, თუმცა როგორც იხილე, რკინაში მექოთნის თიხაც იყო შერეული. როგორც ფეხის თითები იყო ნაწილი რკინისა და ნაწილი მექოთნის თიხისა, ასევე იქნება სამეფოც, ნაწილობრივ მაგარი და ნაწილობრივ მყიფე. ხოლო მექოთნის თიხაში შერეული რკინა რომ იხილე, ისევე შეერევიან ისინი ერთმანეთს ქორწინებით, მაგრამ ვერ შეერწყმიან ერთმანეთს, როგორც რკინა ვერ შეერწყმის თიხას. იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.

ზაქარია 14:9
უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.

ფსალმუნები 44:3-6
წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით. შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე – ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლისთვის; გვაჩვენოს საოცრებანი მარჯვენამ შენმა. ისრები შენი წამახულია, გულში ერჭობიან მეფის მტრებს; ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ. ტახტი შენი ღმერთო – უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია – კვერთხი შენი ხელმწიფებისა.

ფსალმუნები 109:5-6
შენს მარჯვნივაა უფალი, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს. გაასამართლებს ხალხებს, გვამებით აავსებს, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.

ესაია 9:3-5
შენ გაამრავლე ერი და გული გაუმხიარულე; შენ წინაშე ხარობდნენ ისინი, როგორც მოსავლის აღებისას ხარობენ, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას. როგორც მიდიანის დღეს, ისე დაამსხვრიე მისი მძიმე უღელი, კვერთხი მის მხრებზე და მისი მჩაგვრელის მათრახი. რადგან მეომრის ყოველი ფეხსაცმელი და სისხლით გაჟღენთილი სამოსელი ცეცხლის კერძი გახდება.

ესაია 42:13
მებრძოლივით გამოვა უფალი, მოშურნეობით აღივსება როგორც მეომარი, დაიგრგვინებს, დიახ, ყიჟინას დასცემს თავის მტრებს და გაიმარჯვებს მათზე.

ესაია 59:17-19
ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა. ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას – შემჭირვებელთ, შურისგებას – თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს. შეეშინდებათ დასავლეთში უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთში – მისი დიდებისა; თუნდაც ნიაღვარივით მოვიდეს მტერი, უფლის სული განდევნის მას.

დანიელი 7:13-14
და ვხედავ ღამის ხილვაში: აჰა, ცაში, ღრუბლებზე მოდის კაცის ძის მსგავსი; მივიდა დღეთა უძველესთან და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და სამეფო, რათა ყველა ხალხი, ტომი და ენა მას ემსახუროს. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.

ფსალმუნები 2:8-9
მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს – საკუთრებად, შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მექოთნის ჭურჭელივით დაამსხვრევ”.

ფსალმუნები 71:8-11
იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარედან დედამიწის კიდეებამდე. ქედს მოიდრეკენ მის წინაშე უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ. თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებას და საბას მეფენი ძღვენს მოართმევენ. ყველა მეფე მოიდრიკება მის წინაშე და ყველა ერი მოემსახურება მას.

ესაია 11:6-9
იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი. ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს. არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.

ესაია 65:25
მგელი და კრავი ერთად იბალახებენ; ლომი, ხარივით შეჭამს თივას, გველს კი მტვერი ექნება საჭმელად. აღარ ავნებენ და დააზიანებენ ისინი მთელს ჩემს წმიდა მთაზე! – ამბობს უფალი.

ამოსი 9:13-15
აჰა, დგება დღეები, – ამბობს უფალი, – როცა მხვნელი წამოეწევა მომკელს და ყურძნის მწურავი – მთესველს; ტკბილ ღვინოს ჩამოწვეთენ მთები და ყველა ბორცვი დადნება. ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ხალხს – ისრაელს, ნანგრევებად ქცეულ ქალაქებს ააშენებენ და იქ იცხოვრებენ; ვენახებს ჩაყრიან და მათ ღვინოს დალევენ, ბაღებს გააშენებენ და მათ ნაყოფს შეჭამენ. თავიანთ მიწაზე დავნერგავ მათ და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, მათ რომ მივეცი! – ამბობს უფალი, შენი ღმერთი.

ფსალმუნები 71:3
მთები მშვიდობას მოუტანენ ხალხს და ბორცვები სიმართლეს.

ესაია 4:2
იმ დღეს გამშვენდება და გაბრწყინდება უფლის ყლორტი, მიწის ნაყოფი კი ისრაელის გადარჩენილთათვის იქნება დიდებად და მშვენებად.

იოველი 3:18
იმ დღეს იქნება: მთები ტკბილ ღვინოს გამოიღებენ, ბორცვებზე კი რძე გადმოდინდება. წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და მორწყავს შიტიმის ველს.

იერემიას 3:18
იმ დღეებში იუდას სახლი ისრაელის სახლთან ერთად ივლის და მოვლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც მე დავუმკვიდრე თქვენს მამებს.

მიქა 4:6-8
იმ დღეს – ამბობს უფალი – შევკრებ კოჭლებს, შევაგროვებ განდევნილებს და მათ, ვიზეც მე მოვაწიე უბედურება. ნატამალად მოვიტოვებ კოჭლებს და გაფანტულთ – ძლიერ ხალხად; და იმეფებს უფალი სიონის მთაზე ამიერიდან საუკუნოდ. შენ კი, სამწყსოს გოდოლო, სიონის ასულის მთაო, შენთან მოვა, უწინდელივით დაგიბრუნდება მეფობა იერუსალიმის ასულისა!

ესაია 60:1-3
„აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე. რადგან, აჰა, სიბნელე დაფარავს დედამიწას და წყვდიადი – ხალხებს, შენზე კი უფალი გაბრწყინდება და მისი დიდება გამოჩნდება. ერები მოვლენ შენს სინათლეზე და მეფენი – შენი განთიადის ბრწყინვალებაზე.

იოველი 3:16-17
სიონიდან დაიგრგვინებს უფ­­ალი და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას; ცანი და მიწა თრთიან; მაგრამ თავშესაფარია უფალი თავისი ხალხისთვის და ციხე-სიმაგრე ისრაელის ძეთათვის. მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე დამკვიდრებული. წმიდა იქნება იერუსალიმი და ვეღარასოდეს გაივლის მასში უცხოელი.

ამოსი 9:11
იმ დღეს აღვმართავ დავითის დაცემულ კარავს, შევკრავ გარღვეულ კედელს, ნანგრევებიდან აღვადგენ და ისე ავაშენებ, როგორც უწინდელ დღეებში იყო,

საქმეები 1:6
ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: „უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?”


მსგავსი თემები:

მესია      მესიანური მოლოდინი       მესიანური ფსალმუნები      მესიანური წინასწარმეტყველებები