მესიანური ფსალმუნები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 2:1-12
რატომ ბობოქრობენ ხალხები და რატომ ესწრაფიან ერები ამაოებას? ამხედრებულან ქვეყნიერების მეფენი და მბრძანებელნი და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ. ამბობენ: მოდით, დავგლიჯოთ მათი საკვრელნი და მოვიშოროთ მათი სადავენი. გაიცინებს ზეცის მკვიდრი, დასცინებს მათ უფალი. მაშინ ილაპარაკებს თავისი რისხვით და შეაძრწუნებს თავისი გულისწყრომით; მე დავადგინე ჩემი მეფე სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე. გაუწყებთ უფლის დადგენილებას – მან მითხრა: „ძე ხარ შენ ჩემი, მე გშობე დღეს; მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს – საკუთრებად, შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მექოთნის ჭურჭელივით დაამსხვრევ”. ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! ემსახურეთ უფალს მოშიშებით, გიხაროდეთ და თრთოდეთ. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება მისი რისხვა. ნეტარია ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

ფსალმუნები 44:1-17
აღივსო ჩემი გული მშვენიერი სიტყვებით. ჩემი სიმღერა მეფეს ეკუთვნის, ენა ჩემი კალამია ხელოვანი მწერლისა. ადამის ძეთა შორის უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენს ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა სამარადჟამოდ. წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით. შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე – ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლისთვის; გვაჩვენოს საოცრებანი მარჯვენამ შენმა. ისრები შენი წამახულია, გულში ერჭობიან მეფის მტრებს; ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ. ტახტი შენი ღმერთო – უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია – კვერთხი შენი ხელმწიფებისა. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთით, შენს მეგობრებზე მეტად. მთელი შენი სამოსი, როგორც მური, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან ქნართა ხმა გაგამხიარულებს შენ; მეფეთა ასულები შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა ოფირის ოქროთი შემკული დედოფალი. მისმინე, ასულო, მოიხედე და ყური მომაპყარ. დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა. მაშინ ისურვებს ხელმწიფე შენს მშვენებას, რადგან ის არის შენი უფალი, თაყვანი ეცი მას. ტვიროსის ასული ძღვენით მოვა შენთან; ხალხთა შორის უმდიდრესნი, შენს წყალობას მოძებნიან. შიდა ოთახში – მეფის ასულია, მოოქროვილია მისი სამოსი. მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; უკან მოჰყვებიან ქალწულნი, დობილნი მისნი. სიხარულით და ლხინით შედიან მეფის სასახლეში. შენს წინაპართა ადგილას იქნებიან შენი ძენი; მთავრებად დაადგენ მათ მთელ დედამიწაზე. თაობიდან თაობაში დავადგენ შენს სახელს გასახსენებლად, ამიტომ ხოტბას შეგასხამენ ხალხები უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნები 71:1-21
ღმერთო, შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე – მეფის ძეს. რათა სიმართლით განსაჯოს შენი ერი და შენი ჩაგრულნი – სამართლიანად. მთები მშვიდობას მოუტანენ ხალხს და ბორცვები სიმართლეს. სამართალს გაუჩენს ჩაგრულ ხალხს, იხსნის ღარიბთა შვილებს და შემუსრავს მჩაგვრელთ. შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე. ის წვიმასავით ჩამოვა მოთიბულ ბალახზე, შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ალბობს. მის დღეებში გაიფურჩქნება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე იარსებებს მთვარე. იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარედან დედამიწის კიდეებამდე. ქედს მოიდრეკენ მის წინაშე უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ. თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებას და საბას მეფენი ძღვენს მოართმევენ. ყველა მეფე მოიდრიკება მის წინაშე და ყველა ერი მოემსახურება მას. რადგან იხსნის ღარიბს, როდესაც შეჰღაღადებს და ჩაგრულს, რომელსაც შემწე არა ჰყავს. შეიწყნარებს დავრდომილსა და გაჭირვებულს, იხსნის ღარიბთა სიცოცხლეს. ჩაგვრისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სიცოცხლეს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში. დღეგრძელი იყოს და მიეცეს მას შებას ოქრო; განუწყვეტლივ ილოცონ მისთვის და მთელ დღეს აქებდნენ მას. იყოს სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალებზე. ლიბანის ტყესავით იბიბინებს მისი ნაყოფი; აყვავდნენ კაცნი ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე. უკუნისამდე დამკვიდრდეს მისი სახელი, იდიდებს – ვიდრე მზე არსებობს, მის მიერ იკურთხება ყოველი ერი და უწოდებს მას კურთხეულს. კურთხეულ იყოს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მხოლოდ ის ახდენს სასწაულებს. კურთხეულ იყოს მისი დიდებული სახელი უკუნისამდე და აივსოს მისი დიდებით მთელი დედამიწა. ამინ, ამინ! დასრულდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.

ფსალმუნები 109:1-7
უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ. უფალი გამოგზავნის შენი ძლიერების კვერთხს სიონიდან, იტყვის: იბატონე შენს მტრებს შორის. მოხალისედ წამოვა შენი ხალხი, შენი გალაშქრების დღეს, წმიდა სამოსლით შემოსილნი; განთიადის დადგომასთან განიახლებ ძალას – შენი სიყრმის ნამს. დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე, მელქისედეკის წესით. შენს მარჯვნივაა უფალი, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს. გაასამართლებს ხალხებს, გვამებით აავსებს, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე. გზაში ნაკადულიდან დალევს, ამიტომ ასწევს თავს მაღლა.

ფსალმუნები 21:1-31
ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? რატომ ხარ შორს, როცა საშველად შემოგღაღადებ? ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით – არ მპასუხობ, ღამით – და არა მაქვს მოსვენება. შენ კი წმიდაო, ისრაელის ხოტბათა შორის მკვიდრობ. შენ გენდობოდნენ ჩვენი მამები, გენდობოდნენ და იხსენი კიდეც. შენ შემოგღაღადეს და გადარჩნენ; მოგენდნენ და არ გაწბილებულან. მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერის მიერ. ყველა, ვინც მხედავს, დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ. უფალს მიენდო და უფალმა იხსნას; მან გადაარჩინოს, რაკი ისურვა იგი. რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან და დამამშვიდე მის მკერდზე. დაბადებიდანვე შენ მოგანდეს ჩემი თავი; დედის მუცლიდანვე ჩემი ღმერთი ხარ შენ. ნუ განმშორდები, რადგან ახლოა უბედურება, შემწე კი არავინაა. უამრავი ხარი შემომერტყა გარს, ალყაში მომიქციეს ბაშანის ძლიერმა ხარებმა. პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, მსხვერპლს დადევნებული და მბრდღვინავი ლომივით. წყალივით დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს შინაგანში. თიხასავით გამოიფიტა ჩემი ძალა; ენა სასაზე მიმეკრა, ჩამიყვანე სიკვდილის მტვერში. რადგან გარს შემომეხვივნენ ძაღლები, ბოროტმოქმედთა ხროვა წრედ შემომერტყა, ხელ-ფეხი განმიგმირეს. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ნიშნის მოგებით მიყურებენ. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს მოსასხამზე. შენ კი, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე. იხსენი ჩემი სული მახვილისგან და ძაღლებისგან სიცოცხლე ჩემი. ლომის ხახისგან მიხსენი და გარეული ხარების რქისგან. ვუამბობ ჩემს ძმებს შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგასხამ ხოტბას. უფლის მოშიშნო, აქეთ იგი; ადიდეთ იგი, იაკობის შთამომავალნო და გეშინოდეს მისი, ისრაელის მთელო მოდგმავ. რადგან არ მოიძულა და არ უგულებელყო მან ჩაგრულის ტანჯვა და არ დაუფარავს სახე მისგან, არამედ უსმინა მას, როცა საშველად მოუხმობდა. ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე აღგისრულებ აღთქმულს. შეჭამენ ღარიბები და დანაყრდებიან, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; უკუნისამდე იცოცხლონ თქვენმა გულებმა. გაიხსენებენ და დედამიწის ყოველი კიდიდან დაბრუნდებიან უფალთან და თაყვანს გცემს ყველა ერი. რადგან უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის მბრძანებელი ერებისა. შეჭამს და თაყვანს გცემს ქვეყნის ყველა ამაყი; მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა. შთამომავლობა მოემსახურებიან მას და თაობებს მოუთხრობენ უფლის შესახებ. მოვლენ და განუცხადებენ მის სიმართლეს ხალხს, ჯერ არ შობილს და მოუთხრობენ იმაზე, რაც უფალმა მოიმოქმედა.

ფსალმუნები 39:1-17
უფალზე ვამყარებდი იმედს, ყური მომაპყრო და ისმინა ჩემი ვედრება. საზარელი ორმოდან და გაუვალი ლაფიდან ამომიყვანა; კლდეზე დააყენა ჩემი ფეხები და განმიმტკიცა ნაბიჯები. ახალი სიმღერა მისცა ჩემს ბაგეებს ჩვენი ღმერთის განსადიდებლად. მრავალნი იხილავენ შეშინდებიან და მიენდობიან უფალს. ნეტარია კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს და არ მიმართავს ამაყებს და სიცრუის მოყვარულებს. მრავალი სასწაული მოიმოქმედე უფალო, ღმერთო ჩემო; ჩვენს წინაშეა შენი სასწაულები და ზრახვანი – ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე, თუმცა ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო. მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე, მაგრამ სასმენელი გამიხსენი; ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი არ მოგითხოვია; მაშინ ვთქვი – აჰა, მოვდივარ, როგორც გრაგნილში წერია ჩემზე. შენი ნების აღსრულება მწადია ღმერთო და რჯული შენი ჩემს გულშია. შენი სამართალი გამოვუცხადე დიდ კრებულს; აჰა, ბაგე ჩემი არ მომიკუმავს უფალო, შენ უწყი. გულში არ დამიფარავს შენი სიმართლე, შენს ერთგულებასა და შენმიერ ხსნაზე ვლაპარაკობდი, არ დამიმალავს დიდ კრებულში შენი წყალობა და ჭეშმარიტება. ო, უფალო, არც შენ შეაკავო შენი თანაგრძნობა; დაე, მუდამ მიცავდეს შენი წყალობა და ჭეშმარიტება. რადგან აურაცხელი უბედურება მახვევია გარს, ჩემი ცოდვები წამომეწია და ვეღარაფერს ვხედავ; ჩემი თავის თმაზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა. ისურვე უფალო ჩემი ხსნა; გამოეშურე ჩემს დასახმარებლად უფალო. ერთიანად შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემს დაღუპვას ეძებს, უკუიქცნენ და დამცირდნენ, ვინც ბოროტებას მისურვებს; დაე, შეძრწუნდნენ სირცხვილისგან, ვინც მეუბნება: ოჰო, ოჰო! იზეიმოს და იმხიარულოს ყველამ, ვინც შენ გეძებს. შენი ხსნის მოყვარულებმა თქვან მუდამ: დიდია უფალი! მე კი ღატაკი და გაჭირვებული ვარ, დაე უფალმა იზრუნოს ჩემზე. შენა ხარ ჩემი დამხმარე და მხსნელი; ო, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.


მსგავსი თემები:

მესია      მესიანური ეპოქა      მესიანური მოლოდინი      მესიანური წინასწარმეტყველებები