მკითხაობა ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19:26-31
არაფერი ჭამოთ სისხლითურთ; არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ. არ შეიჭრათ თმის კიდე თავის ირგვლივ და არ წაიხდინო კიდე შენი წვერისა. არ დაისეროთ მკვდრისთვის სხეული და ნურც რაიმე ნიშნებს ამოისვირინგებთ; მე ვარ უფალი. ნუ მიუშვებ შენს ასულს საროსკიპოდ, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აღივსოს მრუშობით. ჩემი შაბათები დაიცავით და თაყვანი ეცით ჩემს საწმიდარს; მე ვარ უფალი. ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაუწმიდურდებით მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

ლევიანნი 20:6
თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან.

რიცხვნი 23:23
რადგან არაა მისნობა იაკობის წინააღმდეგ. და არაა ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. თავის დროზე ეტყვიან იაკობსა და ისრაელს: ‘რა მოიმოქმედა ღმერთმა.’

მეორე რჯული 18:9-14
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ დაიწყო შენც იმ ხალხის მსგავსად სისაძაგლეების კეთება. ნუ იქნება თქვენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მისანი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნეული, მესულთანე, ჯადოქარი და მკვდართა გამომხმობი, ვინაიდან სისაძაგლეა უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, სდევნის მათ შენგან. უნაკლო იყავი უფალთან, შენს ღმერთთან, რადგან ის ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებსა და მისნებს უსმენენ. შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს, შენს ღმერთს.

1 მეფეთა 28:7
სხვა სამოსელი გადაიცვა საულმა, რომ ვერ ეცნოთ მეფე, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ დედაკაცთან ღამით, და უთხრა: „დაეკითხე გარდაცვლილთა სულებს და ამომიხმე, ვისაც გეტყვი.“

4 მეფეთა 17:17
ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ძეებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, მისნობდნენ და აღარ ერიდებოდნენ ბოროტის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად. მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელიანთ, და თავიდან მოიშორა ისინი. მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა შერჩა.

ესაია 8:19
თუ გეტყვიან: რჩევისთვის მიმართეთო მკვდრის გამომძახებელთ და გრძნეულთ, მოჩურჩულეთ და მობუტბუტეთ – განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ გამოჰკითხავს მკვდართა მეშვეობით ცოცხალთათვის?

ესაია 19:3
დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის თათბირს; კერპებს, მჩხიბავებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს დაუწყებენ ძებნას სამკითხაოდ.

ესაია 19:11-12
შეიშალნენ ცოყანის მთავრები: ფარაონის ბრძენ მრჩეველთა თათბირი გაცუდდა! როგორ ეტყვით ფარაონს: „მე ბრძენთა ძე ვარ, ძე უწინდელ მეფეთა?“ სად არიან ისინი? სად არიან შენი ბრძენნი? ახლა გითხრან მათ და შეიტყონ, რა გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს!

იერემია 10:2
ასე ამბობს უფალი: ნუ ისწავლით წარმართთა გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რომლებისაც წარმართებს ეშინიათ.

იერემია 29:8-9
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ნუ გაცდუნებენ თქვენ თქვენი წინასწარმეტყველნი, რომელნიც თქვენს შორის არიან, და თქვენი მისნები, და ნუ დაუჯერებთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ. რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი ჩემი სახელით: მე არ გამომიგზავნია ისინი, – ამბობს უფალი.

ეზეკიელი 12:24-25
რადგან აღარ იქნება არავითარი ცრუ ხილვა და მაცდუნებელი მისნობა ისრაელის სახლში. რადგან მე ვარ უფალი, და რასაც მე ვლაპარაკობ, ის მოხდება და აღარ გადაიდება, რადგან თქვენს დღეებში, მეამბოხეთა სახლო, ვიტყვი სიტყვას და ავახდენ მას! – ამბობს უფალი ღმერთი.

ეზეკიელი 13:6-7
ამაოა მათი ხილვები და სიცრუეა მათი მისნობა და მათი ნათქვამი: უფალმა ბრძანაო. უფალს არ გამოუგზავნია ისინი; მათ კი იმედი აქვთ, რომ უფალი აღასრულებს მათ სიტყვას. განა ამაო ხილვა არ იხილეთ და სიცრუეს არ მისნობდით, რომ ამბობდით: უფლის სიტყვა არისო! მე კი არაფერი მითქვამს.

ეზეკიელი 21:21-23
რადგან დადგა ბაბილონის მეფე გზათა გასაყართან, ორი გზის დასაწყისში, სამისნოდ: შეარხია ისრები, ჰკითხა თერაფიმებს, ათვალიერებს ღვიძლს. მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები. და იქნება ეს მათ თვალში, როგორც ფუჭი მისნობა; ფიცთა ფიცი აქვთ დადებული, მაგრამ ის ახსენებს იმ ურჯულოებას, რის გამოც შეპყრობილ იქნებიან.

ეზეკიელი 22:28
მისი წინასწარმეტყველნი ეპირფერებიან მათ, ფუჭად მხილველნი და ცრუმისანნი, ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს.

დანიელი 2:2
მოახმობინა მეფემ გრძნეულები, ჯადოქრები, მისნები და ქალდეველნი, რათა მათ მისთვის აეხსნათ მისი სიზმარი. მოვიდნენ ისინი და წარსდგნენ მეფის წინაშე.

დანიელი 2:10
მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: „ქვეყანაზე არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისათვის ამ ბრძანების შესრულება რომ შეეძლოს, რადგან არც ერთ მეფეს, არც დიდებულს, ან განმგებელს მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე გრძნეულისაგან, ჯადოქრისაგან თუ ქალდეველისაგან.

მიქა 3:6-7
ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე – მისნობის გარეშე; მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ. გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს მოკუმავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი.

ზაქარია 10:2
რადგან კერპები ტყუილს ლაპარაკობენ, მისნები სიცრუეს ხედავენ და არაფრისმთქმელ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.

მალაქია 3:5
და აჰა, მოვალ თქვენს განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწამე ჯადოქართა, მრუშთა და ფიცის გამტეხთა წინააღმდეგ, მოჯამაგირისათვის გასამრჯელოს დამკავებელთა, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა და ხიზანთა შემვიწროებლების წინააღმდეგ, და მათ წინააღმდეგ ვინც არ მეკრძალვის, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –

საქმეები 16:16
როდესაც სალოცავში მივდიოდით, შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც წინასწარმეტყველების სული ჰქონდა და თავისი მკითხაობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.