მლოცველები ბიბლიის მუხლები

დანიელი 9:3-19
პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში. ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: „ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ! აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს. ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს. სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს. უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ. უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით. ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ. დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ. დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მომხდარა იმის მსგავსი მთელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა. როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება. ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას. ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით. უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან. ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო. უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.

2 მეფეთა 15:31
შეატყობინეს დავითს, აბესალომთან შეითქვაო ახითოფელიც და თქვა დავითმა: „უგუნურებად აქციე ახითოფელის რჩევა უფალო”.

2 მეფეთა 7:18-29
მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: „უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე? ესეც გეცოტავა შენს თვალში უფალო, ღმერთო ჩემო და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. კაცთა წესია ეს, უფალო, ღმერთო! კიდევ რისი თქმა შეუძლია შენთვის დავითს? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო! შენი სიტყვისა და შენი ნების თანახმად მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რომ ამცნო შენს მსახურს. ამიტომაც დიადი ხარ შენ, უფალო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც მოგვისმენია ჩვენი ყურით. რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე? შენ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად გაგეხადა უკუნისამდე, ხოლო შენ, უფალო, მათი ღმერთი გამხდარიყავი. ახლა კი, უფალო ღმერთო, იმოქმედე შენი აღთქმისამებრ და აღასრულე შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურზე და მის სახლზე თქვი, რათა განდიდდეს სახელი შენი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი. და მტკიცე იყოს, შენი მსახურის დავითის სახლი შენს წინაშე. რადგან შენ, ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, გამოუცხადე შენს მსახურს და უთხარი, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაბედა შენმა მსახურმა, რომ ასე ელოცა შენს მიმართ. ახლა, უფალო ღმერთო! ჭეშმარიტია შენი სიტყვები და ასეთი სიკეთე გაქვს აღთქმული შენი მსახურისთვის. ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ასე გაქვს ნაბრძანები, უფალო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი უკუნისამდე”.

იაკობის 4:17-18
ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი.

3 მეფეთა 17:19-21
უთხრა ელიამ: „მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე. უფალს მოუხმო და თქვა: „უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?” სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: „უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”

ეზრა 10:1
როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული – კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.

1 მეფეთა 1:10-17
სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა. აღთქმა დაუდო და უთხრა: „ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”. დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა. გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის. უთხრა მას ყელიმ: „როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!” მიუგო მას ხანამ: „არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს. უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”. უთხრა მას ყელიმ: „მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.

დაბადება 32:9
და თქვა იაკობმა: „მამაჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.

4 მეფეთა 13:4
შეევედრა იეჰოახაზი უფალს და შეისმინა უფალმა, რადგან დაინახა ისრაელიანების შეჭირვება, როგორ ავიწროებდა მათ არამის მეფე.

იონა 2:1
და შეჰღაღადა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის მუცლიდან.

იონა 4:2-3
შეღაღადა უფალს და უთხრა: „გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას. ახლა კი, უფალო, გემუდარები, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს!”

აბაკუმის 3:1
აბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად.

4 მეფეთა 19:14-19
გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა და ავიდა უფლის სახლში. უფლის წინაშე გაშალა ხიზკიაჰუმ წერილი. ილოცა ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბებზე მჯდომო! შენ ხარ დედამიწის ყველა სამეფოს ერთადერთი ღმერთი! შენ შეჰქმენი ცა და მიწა! ყური მომაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის სალანძღავად რომ გამოუგზავნია კაცები. მართალია, უფალო, ააოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები. ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგან ღმერთები კი არა, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით გამოთლილი ქმნილებანი იყვნენ და მოსპეს ისინი. ახლა, გევედრები, რომ გვიხსნა, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან; გაიგოს დედამიწის ყველა სამეფომ, რომ შენ, უფალო, ერთადერთი ღმერთი ხარ!”

იერემია 32:16-25
მას შემდეგ, რაც ნასყიდობის წერილი ბარუხ ნერიას ძეს მივაბარე, ასე ვილოცე უფლისადმი: „ოჰ, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცანი და დედამიწა შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით, შეუძლებელი არაფერია შენთვის! სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი. აღმატებულია განზრახვაში და დიდებულია საქმეებში; მისი თვალები ღიაა ადამიანის ძეთა გზების მიმართ, რათა თითოეულს თავისი გზებისა და ნამოქმედარის ნაყოფის მიხედვით მიუზღო. რომელმაც ნიშნები და სასწაულები მოახდინა ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენს ისრაელში და ადამიანთა შორის; და სახელი მოიხვეჭე, დღეს რომ გაქვს. შენი ერი, ისრაელი, შენ გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშნებითა და სასწაულებით, ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და დიდი შიშისზარით. და მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელზეც მათ მამებს შეჰფიცე, რომ მისცემდი; ქვეყანა, რომელშიც რძე და თაფლი მოედინება. მოვიდნენ და დაიმკვიდრეს იგი, მაგრამ არ დაემორჩილნენ შენს ხმას, შენი რჯულით არ იარეს, შენი ბრძანებები არ შეასრულეს. ამიტომ მოაწიე მათზე ყველა ეს უბედურება. აჰა, მიწაყრილები წამოიმართა ქალაქთან მის დასაპყრობად; მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით აკლებული ქალაქი ხელში უვარდებათ ქალდეველებს, რომლებიც უტევენ მას; სრულდება შენი ნათქვამი. აჰა, შენც ხედავ ამას. მაინც მითხარი, უფალო ღმერთო: ვერცხლით იყიდე მინდორი და მოწმეებს დაუძახეო. ქალაქი კი ქალდეველებს უვარდებათ ხელში”.

მსაჯულნი 13:8
ილოცა მანოახმა უფლის წინაშე და თქვა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ შობილ ყრმას”.

გამოსვლა 15:25
შეჰღაღადა მოსემ უფალს და უჩვენა მას უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა ისრაელს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.

მეორე რჯული 3:23
ასე შევევედრე იმ დროს უფალს:

ნეემია 1:4-11
ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი; მრავალ დღეს ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე. ვეუბნებოდი: „გევედრები, უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიადო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო მათთვის, ვისაც უყვარხარ და იცავს შენს მცნებებს! მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ. დანაშაულს ჩავდიოდით შენ წინაშე, არ ვიცავდით მცნებებს, წესებსა და სამართალს, რომელიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს. გაიხსენე, გემუდარები, სიტყვა, რომელიც ამცნე მოსეს, შენს მსახურს: თუ მიორგულებთ, ხალხებში გაგაბნევთო. ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო! ისინი ხომ შენი მსახურები და შენი ხალხია, რომელიც გამოისყიდე შენი დიადი ძალითა და ძლიერი ხელით! ო, უფალო, გევედრები, მსმენელი ყური მიაპყარ შენი მორჩილისა და იმ მსახურთა ლოცვას, რომელთაც სწყურიათ შენი სახელის მოშიშება და გევედრები, ხელი მოუმართე შენს მსახურს დღეს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე”, რადგან მეფის ღვინისმწდე ვიყავი.

ნეემია 2:4
მკითხა მეფემ: „რას ითხოვ?” და ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.

ნეემია 4:9
ჩვენ კი ვილოცეთ ჩვენი ღმერთის წინაშე და დაცვა დავაყენეთ მათ გამო დღითა და ღამით.

საქმეები 16:25
შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.

2 კორინთელთა 12:8
ამისათვის, სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი.

საქმეები 9:40
პეტრემ ყველა გარეთ გაისტუმრა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და უთხრა: „ტაბითა, აღსდექ!” ქალმა თვალი გაახილა და პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.

მსაჯულნი 16:28
მოუხმო სამსონმა უფალს და თქვა: „უფალო ღმერთო, ხელახლა გამიხსენე და ერთხელ კიდევ გამაძლიერე, ღმერთო! ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო”.

1 მეფეთა 8:6
არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, რომ თქვეს: „მეფე მოგვეციო მსაჯულად!” და ილოცა სამუელმა უფლის მიმართ.

3 მეფეთა 8:22-54
დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოსა და უფლის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არავინაა შენი სადარი, ღმერთო, მაღლა ზეცაში თუ დაბლა დედამიწაზე, აღთქმას და სიკეთეს უნახავ შენს მსახურთ, ვინც მთელი გულით დადის შენ წინაშე. შენ აღუსრულე შენს მსახურს დავითს, მამაჩემს, რაც ნათქვამი გქონდა მისთვის; შენი პირით ელაპარაკე და შენივე ხელით აღუსრულე, რაც დღეს ხდება. ახლა კი, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შეუნახე დავითს, შენს მსახურს, მამაჩემს, რაც ნათქვამი გაქვს მისთვის: არ დაგელევაო ჩემ წინაშე ისრაელის ტახტზე მჯდომი კაცი, ოღონდ თუ დაიცავენ თავის გზებს შენი ძენი, რათა ისე იარონ ჩემ წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემ წინაშე. ახლა კი, ღმერთო ისრაელისა, შესრულდეს შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურს, დავითს, მამაჩემს უთხარი! ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე? აჰა, ცანი და ცანი ცათანი ვერ გიტევენ შენ, როგორღა დაგიტევს ეს სახლი, რომელიც მე ავაშენე? მაგრამ, მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომელთაც შენი მსახური აღავლენს დღეს შენ წინაშე. თვალი გეჭიროს ამ სახლზე დღითა და ღამით, ადგილზე, რომელზეც თქვი: იქ იქნებაო ჩემი სახელი, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც შენი მსახური ილოცებს ამ ადგილზე. მოისმინე ვედრება შენი მსახურისა და ხალხისა, ისრაელისა, როცა ილოცებენ ამ ადგილზე, მოისმინე შენი ზეციური სამყოფელიდან; მოისმინე და მოგვიტევე. თუ შესცოდავს კაცი თავის მოყვასს და მოითხოვს მისგან, რომ დაიფიცოს და მოვლენ შენი სამსხვერპლოსა და ამ სახლის წინაშე ფიცის აღსავლენად, მაშინ ზეციდან მოისმინე და სამართალი გაუჩინე შენს მსახურებს; მსჯავრი დასდე დამნაშავეს, რათა მასზევე მიაქციო მისი ცოდვა, მართალი კი გაამართლე, რათა თავისი სიმართლისამებრ მიაგო მას. როცა დამარცხდება შენი ხა­ლხი, ისრაელი, მტრის წინაშე, იმ­ის გამო, რომ შეგცოდეს, მაგრამ მობრუნდებიან შენკენ, აღიარებენ შენს სახელს, ილოცებენ და შემოგევედრებიან ამ სახლში; ზეციდან მოისმინე და აპატიე შეცოდება შენს ხალხს, ისრაელს, და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათი მამებისთვის გაქვს მიცემული. როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იქნება წვიმა, იმის გამო, რომ შემოგცოდეს; თუ ილოცებენ ამ ადგილზე, შენს სახელს აღიარებენ და მობრუნდებიან თავისი ცოდვებისგან, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, ზეციდან მოისმინე და შეუნდე შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, დააყენე სასიკეთო გზაზე, რომელზეც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც შენი ხალხისთვის გაქვს მიცემული სამკვიდრებლად. შიმშილი იქნება ქვეყანაში, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, გუდაფშუტა, კალია თუ მატლი, მტერი შეაჭირვებს მას თავის მიწაზე და ქალაქებში, თუ რაიმე წყლული ან სენი, ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი გულის შეჭირვება და ამ სახლისკენ გამოიწვდის ხელებს, ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს; რათა დღენიადაგ ეშინოდეთ შენი, სანამ ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი მამებისთვის გაქვს მიცემული. უცხოელიც, რომელიც არ იქნება შენი ხალხიდან, არ იქნება ისრაელიანი და შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო, ვინაიდან, გაგონილი ექნება შენი დიადი სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში, ზეციდან მოისმინე, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე უცხოტომელს ყოველივე, რასაც შემოგავედრებს, რათა დედამიწის ყოველმა ხალხმა იცოდეს შენი სახელი, ეშინოდეთ შენი, როგორც შენ ხალხს, ისრაელს და გაიგონ რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე. როცა მტრის წინააღმდეგ გავა საომრად შენი ხალხი, იმ გზით, რომლითაც შენ წარგზავნი მათ და ილოცებენ უფლისადმი შენი რჩეული ქალაქისა და იმ სახლისკენ პირმიქცეულნი, რომელიც მე ავაშენე შენს სახელზე. ზეციდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე მათ სამართალი. თუ შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს კაცი, რომ არ შესცოდოს, და განურისხდები, მტრის ხელში ჩააგდებ, რათა ტყვედ წაიყვანონ მტრის მიწაზე, შორს ან ახლოს. მაგრამ მოაქცევენ თავის გულებს იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნენ წაყვანილნი, მოგიბრუნდებიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში: შეგცოდეთ, ურჯულოება ჩავიდინეთ და ბოროტად მოვიქეცითო! მთელი გულითა და სულით მობრუნდებიან შენკენ მათი მტრების ქვეყანაში, სადაც ტყვედ წაასხეს და ილოცებენ შენკენ პირმოქცეულნი, იმ ქვეყნისკენ, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე და იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე სამართალი. შეუნდე შენს ხალხს ყოველი დანაშაული და უმართლობა შენ წინაშე და წყალობა აპოვნინე თავის დამატყვევებელთა თვალში. რადგან შენი ხალხი და სამკვიდრებელი არიან ისინი, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან გამოიყვანე. ღია გქონდეს თვალი შენი მსახურის ვედრების მიმართ და შენი ხალხის, ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა კი შემოგღაღადებენ. რადგან შენ გამოარჩიე ისინი დედამიწის ყველა ხალხთაგან შენთვის სამკვიდრებლად, როგორც შენი მსახურის, მოსეს მეშვეობით გაქვს ნათქვამი, ეგვიპტიდან ჩვენი მამების გამოყვანისას, ღმერთო, უფალო!” და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წა­მო­იმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.

Advertisements