მოკვდაობა ბიბლიის მუხლები

დაბადება 2:16-17
უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო, ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.

ფსალმუნები 89:3
კვლავ მტვრად აქცევ ადამიანს და ეტყვი: დაბრუნდით, ადამის ძენო!

დაბადება 6:3
და თქვა უფალმა: „არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.

1 კორინთელთა 15:22
რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

2 მეფეთა 14:14
ყველანი მოვკვდებით და აღარ შევგროვდებით მიწაზე დაღვრილი წყალივით; მაგრამ ღმერთი არ ღუპავს კაცის სიცოცხლეს, არამედ გზებს ეძებს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს სამუდამოდ.

რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

რომაელთა 5:12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,

რომაელთა 5:15-19
მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს. ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.

ებრაელთა 9:27-28
და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება, ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.

2 კორინთელთა 5:10
ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს.

ფსალმუნები 102:15-16
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. ქარი გადაუქროლებს და – აღარ არის, ვეღარავინ იცნობს მის ადგილსამყოფელს.

იაკობის 1:10
მდიდარი – თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.

იობი 10:8-9
მთლიანად შენი ხელით ვარ გამოძერწილი და შექმნილი და შენვე მანადგურებ?! გაიხსენე, თიხასავით რომ გამომძერწე; ისევ მტვრად მაქცევ?

იობი 20:6-10
თუნდაც ცას მისწვდეს მისი დიდება და თავით ღრუბლებს შეეხოს, თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ; და იკითხავენ მისი მნახველნი: სადაა იგი? სიზმარივით გაფრინდება, ვერავინ იპოვის და ღამის ხილვასავით განქარდება; თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ოდესმე. მისი შვილები ღატაკებს სთხოვენ მოწყალებას და თავისი ხელით დაუბრუნებენ მის დოვლათს;

ფსალმუნები 88:48
ვინ არის კაცი, რომ იცოცხლოს და სიკვდილი არ იხილოს, თავი გადაირჩინოს საფლავისგან?

ლუკას 12:25
რომელ თქვენგანს შეუძლია, დარდით ერთი საათი მაინც შემატოს თავის სიცოცხლეს?

ესაია 55:6
ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა.

ფსალმუნები 48:4-8
მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და ჩემი დღეების რაოდენობა, რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ. აჰა, გოჯებით მომეცი დღენი, არაფერია შენ წინაშე ჩემი ცხოვრება; დიახ, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე. ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება. და ახლა, რაღას ველი, უფალო? შენზეა ჩემი იმედი. მიხსენი ჩემი ყოველი დანაშაულისგან, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღად.

რომაელთა 7:14-25
რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი. მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა! ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს. ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება. რადგან შინაგანი კაცის მიხედვით ღვთის რჯულით ვხარობ. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით. ამრიგად, ჩემი გონებით ღვთის რჯულის მონა ვარ, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულსა.

ესაია 25:8
სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს უფალი ღმერთი და მოსწმენდს ცრემლს ყველა სახიდან, მოაშორებს სირცხვილს თავის ხალხს მთელ ქვეყნიერებაზე, რადგან თქვა უფალმა.

რომაელთა 8:11
და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.

დანიელი 12:2
მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი – საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი – საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.

1 კორინთელთა 15:53-54
ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა:„სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.

2 ტიმოთეს 1:9-10
რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ; ახლა კი გამოგვეცხადა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოჩენით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს და უკვდავებას სახარების მეშვეობით,

1 იოანეს 5:11-12
ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.

გამოცხადება 22:3-5
მეტად აღარაფერი იქნება დაწყევლილი; და ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში, და მისი მსახურნი ემსახურებიან მას. იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი შუბლზე ექნებათ. ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.

გამოცხადება 14:11
მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.

გამოცხადება 20:10
ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.


მსგავსი თემები:

საუკუნო სიცოცხლე       სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ      სიკვდილი