ნეტარებანი ბიბლიის მუხლები

მათეს 5:3
„ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.

ლუკას 6:20
აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა: “ნეტარნი ხართ, გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი.

ფსალმუნები 69:22-23
ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ, და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმრთისა. რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.

ესაია 61:1
უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა;

მათეს 23:12
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.

ლუკას 18:9-14
ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი: „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად – ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’ ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’ თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.”

მათეს 5:4
ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

ლუკას 6:21
ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ.

ფსალმუნები 50:17
შესაწირავი ღმერთისა – სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.

ესაია 57:18-21
მისი გზები ვიხილე მე, მაგრამ განვკურნავ მას და წავიყვან, ვანუგეშებ და გავამართლებ მის მგლოვიარეთ და გავაჩენ ბაგეთა ნაყოფს: მშვიდობა, მშვიდობა შორებელს და ახლობელს,” – ამბობს უფალი, – „და განვკურნავ მას!” ბოროტეულნი კი ზღვასავით ბობოქრობენ, როცა ვერ ცხრება, და ანთხევს მისი წყალი შლამსა და ტალახს. „არაა მშვიდობა, – ამბობს ჩემი ღმერთი, – ბოროტეულთათვის!”.

ესაია 61:1-3
უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა; გამოვაცხადო უფლის სასურველი წელი და ჩვენი ღმერთის შურისგების დღე, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე. დავადგენ, რათა სიონის მგლოვიარეთ მიეცეს გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, მხიარულება – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – სასოწარკვეთის ნაცვლად. და უწოდებენ მათ მუხებს, უფლის დარგულთ, მის სადიდებლად.

იერემია 31:13
მაშინ გამხიარულდება ქალწული გუნდში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად, და მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ და ვანუგეშებ მათ, და გავახარებ მათი დარდის შემდეგ.

გამოცხადება 7:17
ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს”.

გამოცხადება 21:4
მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.”

მათეს 5:5
ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

ფსალმუნები 36:11
ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.

მათეს 11:29
იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.

მათეს 5:6
ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.

ესაია 55:1-2
„ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყლებთან, და ფულის უქონელნო, მიდით და იყიდეთ და ჭამეთ. მიდით და იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ. რატომ იხდით ვერცხლს იმისათვის, რაც პური არ არის? და თქვენს ჭირნახულს იმისათვის, რაც არ აძღობს? სმენით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია, და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში.

მათეს 6:33
თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

1 პეტრეს 3:12
რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ, ხოლო ღვთის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.

მათეს 5:7
ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.

გამოსვლა 34:6-7
და გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი, ინახავს წყალობას ათასეულებისათვის, შეუნდობს ბრალს და დანაშაულს, და ცოდვას. დამნაშავეს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე.”

მათეს 6:12
და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.

მათეს 6:14-15
ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

მათეს 18:21-35
მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?” უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ. ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი კაცსა მეფესა, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება. როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა. მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონას გამოსვლისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ‘ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?’ განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს.”

ლუკას 6:36
იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.

იაკობის 2:13
რადგან, უწყალო მსჯავრი – უმოწყალოს. წყალობა აღემატება მსჯავრს.

მათეს 5:8
ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

ფსალმუნები 23:3-5
ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს, ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.

ფსალმუნები 50:10
სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.

ფსალმუნები 72:1
რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.

1 იოანეს 3:2-3
საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის. ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.

მათეს 5:9
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან.

ფსალმუნები 33:14
ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.

მათეს 5:44-45
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.

რომაელთა 12:18
თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.

რომაელთა 14:19
მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.

იაკობის 3:17-18
ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ.

მათეს 5:10-12
ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

ლუკას 6:22
ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო.

იოანეს 15:18-21
„თუ თქვენ სოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა. თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.

Advertisements