ნოეს კიდობანი ბიბლიის მუხლები

დაბადება 6:7-16
თქვა უფალმა: „აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”. მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი. და ეყოლა ნოეს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ძალადობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე. უთხრა ღმერთმა ნოეს: „დადგა ყოველი ხორციელის აღსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აივსო დედამიწა მათი უსამართლობით; თავიანთ მიწასთან ერთად მოვსპობ მათ. გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი. ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე – ორმოცდაათი და სიმაღლე – ოცდაათი წყრთა. სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე.

დაბადება 7:1
უთხრა უფალმა ნოეს: „შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.

დაბადება 7:5
და ისე გააკეთა ნოემ ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა.

დაბადება 7:15-24
შევიდნენ ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც სიცოცხლის სუნთქვა იყო. მოვიდა ყოველი ხორციელი დაწყვილებული და შევიდა, როგორც ღმერთმა ბრძანა; და დაგმანა უფალმა კარი. ორმოც დღეს იყო წარღვნა დედამიწაზე. ადიდდა წყალი, აიღო და მიწიდან აწია კიდობანი. გაძლიერდა წყალი, ძალიან ადიდდა დედამიწაზე და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. მეტისმეტად გაძლიერდა წყალი დედამიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა, რაც კი იყო ცისქვეშეთში. აიწია წყალი და დაფარა მთები თხუთმეტი წყრთით. და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი: ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძვრის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი. და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სულის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე რაც ხმელეთზე იყო – მოისპო. აღიგავა ყოველივე არსებული მიწის პირისგან. ადამიანიდან დაწყებული ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი, გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი. ას ორმოცდაათი დღე მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.

დაბადება 8:1-19
და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი. დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელნი და შეწყდა წვიმა ციდან. უკუიქცა წყალი დედამიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს. დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე, მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს. იკლებდა წყალი მეათე თვემდე; და გამოჩნდა მთის მწვერვალები მეათე თვის პირველ დღეს. ორმოცი დღის დასასრულს, გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა გაკეთებული. და გამოუშვა ყორანი, რომელიც მიფრინავდა და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე. მერე მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე. ვერ იპოვა მტრედმა ფეხის დასადგმელი და დაბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ ისევ წყალი იდგა დედამიწის ზედაპირზე; და გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. მოიცადა კიდევ შვიდი დღე, და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. მობრუნდა მასთან მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე. კიდევ მოიცადა შვიდი დღე და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და აღარ დაბრუნებულა იგი უკან. ნოეს დაბადებიდან ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და დაინახა, რომ გამშრალიყო დედამიწის ზედაპირი. მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა. და უთხრა ღმერთმა ნოეს: „გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები. თან გამოიყვანე შენთან მყოფი ყველა ცოცხალი არსება – ფრინველთაგან, პირუტყვთაგან და დედამიწის ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და იმრავლონ”. გამოვიდა ნოე კიდობნიდან და მასთან ერთად მისი ძენი, ცოლი და მისი ძეების ცოლები. და ყოველი ცოცხალი არსება: ყველა პირუტყვი, ფრინველი და ქვემძრომი თავიანთი ჯიშებისამებრ გამოვიდა კიდობნიდან.

მათეს 24:38-39
რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა – ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.

ებრაელთა 11:7
რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.

1 პეტრეს 3:20-21
ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან; ეს ნათლობის ხატება იყო – რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის – რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით,

Advertisements