პატიება ქრისტეს მსახურებაში ბიბლიის მუხლები

იოანეს 1:29
მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.

ლუკას 23:33-34
თხემად წოდებულ ადგილზე რომ მივიდნენ, იქ აცვეს ჯვარს ისიც და ავაზაკებიც – ერთი მის მარჯვნივ, მეორე კი – მარცხნივ. თქვა იესომ: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.

იოანეს 8:3-11
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. უთხრეს იესოს: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული; მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?” ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!” მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: „დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?” ქალმა უპასუხა: „არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.

მათეს 9:1-8
ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და თავის ქალაქში მივიდა. და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: „გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”. ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა, ეს კაცი ღმერთს გმობსო. იესომ კი იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა: „რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში? რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს – მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!” ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.

მარკოზის 2:1-12
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში; ხმა დაირხა, სახლშიაო. უმალვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარებში ტევა აღარ იყო; და ეუბნებოდა მათ სიტყვას. მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება, სახურავი გადახადეს იმ სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და საწოლი, რომელზეც დავრდომილი იწვა, ხვრელიდან ჩაუშვეს შიგნით. მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!” ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა: „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?” იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: „რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში? რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის – მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა – ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!” ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „ასეთი რამ არასოდეს გვინახავს”.

მათეს 18:23-35
ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან. ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა. მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე? განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.

ლუკას 7:36-50
ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა, მასთან ეჭამა პური; შევიდა იმ ფარისევლის სახლში და სუფრას მიუჯდა. და აჰა, ცოდვილი დედაკაცი იყო ქალაქში. როგორც კი გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ნელსაცხებელი მოიტანა ალებასტრონით. უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”. მიუგო მას იესომ და უთხრა: „რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ”. უპასუხა: „თქვი, მოძღვარო”. იესომ თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს – ორმოცდაათი. მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?” სიმონმა უპასუხა: „მე მგონი, რომელსაც უფრო მეტი მიეტევა”. მან კი უთხრა: „სწორად განსაჯე”. მიბრუნდა დედაკაცისკენ და უთხრა სიმონს: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალიც არ მომეცი ფეხებისთვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, ჩემი ფეხების კოცნა არ შეუწყვეტია. შენ ზეთი არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამან კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე. ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”. შემდეგ უთხრა ქალს: „მიგეტევა შენი ცოდვები”. იწყეს მისმა თანამეინახეებმა თავისთვის ლაპარაკი: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?” მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა. მშვიდობით წადი”.

ლუკას 15:11-32
კიდევ თქვა: „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება. და გაუყო შვილებს მამამ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა. ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა. ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა. როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე, ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი! ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა. უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე. მამამ კი უთხრა თავის მონებს: სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით! მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ! ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა. უფროსი ვაჟი კი მინდროში იმყოფებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ეს რა ამბავია? მან უთხრა: შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი ჯანსაღი დაუბრუნდა. ის გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა. მაგრამ მან უთხრა: რამდენი წელია გემსახურები, არასდროს გადავსულვარ შენს ბრძანებას და ციკანიც კი არასოდეს მოგიცია, რომ ჩემს მეგობრებში მემხიარულა. ხოლო, ეს შენი ვაჟი რომ მოვიდა, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაანიავა, ნასუქი ხბო დაუკალი. მან კი მიუგო: შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია. მაგრამ ახლა უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ნაპოვნ იქნა”.

იოანეს 20:21-23
ხელახლა უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”. ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა: „მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ”.

საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

საქმეები 13:37-38
მან კი, ღმერთმა რომ აღადგინა, ხრწნილება არ იხილა! ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ.

საქმეები 26:15-18
მივუგე: ვინ ხარ, უფალო? მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. წამოდექი, ფეხზე დადექი; რადგან იმისთვის გამოგეცხადე, რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა, რაც იხილე და რასაც გიჩვენებ, რადგან გამოგარჩიე ამ ხალხისგან და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გგზავნი მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.

Advertisements