პავლეს ცხოვრება ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 3:4-5
თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე – მით უმეტეს. წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი,

საქმეები 22:27-28
მივიდა ათასისთავი და ჰკითხა: „მითხარი, რომაელი ხარ?” მიუგო: „დიახ”. უთხრა ათასისთავმა: „მე დიდი თანხით მოვიპოვე რომის მოქალაქეობა”. ხოლო პავლემ მიუგო: „მე კი – დაბადებით”.

საქმეები 22:3
„მე იუდეველი კაცი ვარ, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფეხებთან აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის ისეთივე მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს.

საქმეები 18:1-3
ამის შემდეგ, ათენიდან წამოსული, კორინთოში მივიდა. ნახა იქ ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან თავის ცოლთან, პრისკილასთან ერთად, რადგან კლავდიუსის ბრძანებით, ყველა იუდეველს უნდა დაეტოვებინა რომი; და მივიდა მათთან. და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მუშაობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.

საქმეები 9:1-2
სავლე კი, რომელიც უფლის მოწაფეებისადმი ჯერ კიდევ სიკვდილითა და მუქარით სუნთქავდა, მღვდელმთავართან გამოცხადდა. ითხოვა მისგან წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც ამ გზაზე მდგომს იპოვიდა, მამაკაცსა თუ დედაკაცს, შებოჭილი აეყვანა იერუსალიმში.

საქმეები 22:19-20
ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს. როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი ამას და მისი მკვლელების ტანისამოსს ვდარაჯობდი.

გალატელთა 1:13
რადგან გსმენიათ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდევლობაში, რა სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის ეკლესიას.

საქმეები 9:1-19
სავლე კი, რომელიც უფლის მოწაფეებისადმი ჯერ კიდევ სიკვდილითა და მუქარით სუნთქავდა, მღვდელმთავართან გამოცხადდა. ითხოვა მისგან წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც ამ გზაზე მდგომს იპოვიდა, მამაკაცსა თუ დედაკაცს, შებოჭილი აეყვანა იერუსალიმში. გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან. მიწაზე დაცემულს, ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?” ჰკითხა: „ვინა ხარ, უფალო?” მან მიუგო: „მე ვარ იესო, შენ რომ სდევნი. გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა”. უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: „რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?” უთხრა მას უფალმა: „ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო”. კაცები, მას რომ ახლდნენ, ენაჩავარდნილნი იდგნენ: ხმა ესმოდათ, თუმცა ვერავის ხედავდნენ. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა; ხელი მოჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში. სამი დღე ვერაფერს ხედავდა. არც ჭამდა, არც სვამდა. იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. უფალმა ჩვენებაში უთხრა: „ანანია!” უპასუხა: „აქ ვარ, უფალო”. უთხრა უფალმა: „ადექი და წადი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „პირდაპირი” და იუდას სახლში, სავლედ წოდებული ტარსუსელი კაცი მოიკითხე, რადგან, აჰა, ლოცულობს იგი”. იხილა სავლემ ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი ახელოდა. მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენ ბოროტად ექცეოდა შენს წმიდებს იერუსალიმში. აქაც აქვს ძალაუფლება მღვდელმთავართაგან, შეიპყროს ყველა, ვინც შენს სახელს მოუხმობს”. მაგრამ უთხრა მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე. რადგან მე ვაჩვენებ, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გამო”. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”. და მაშინვე, თითქოს ქერცლი გადასძვრაო მის თვალებს, თვალი აეხილა, ადგა და მოინათლა. საჭმელი ჭამა და მომაგრდა. რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა.

საქმეები 26:9-18
მართალია, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ, ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში; და მღვდელმთავართა მიერ მოცემული ძალაუფლებით აღჭურვილმა მრავალი წმიდანი ჩავყარე საპყრობილეში და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი. ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ. მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ. სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ძალაუფლებითა და დავალებით. შუადღისას, მეფევ, გზაზე ციდან გადმოსული, მზეზე ბრწყინვალე სინათლე ვიხილე, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრებს მოგვეფინა. ყველანი მიწაზე დავემხეთ. ხმა მომესმა, რომელმაც ებრაულ ენაზე მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა. მივუგე: ვინ ხარ, უფალო? მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. წამოდექი, ფეხზე დადექი; რადგან იმისთვის გამოგეცხადე, რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა, რაც იხილე და რასაც გიჩვენებ, რადგან გამოგარჩიე ამ ხალხისგან და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გგზავნი მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.

გალატელთა 1:15-17
ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით, გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რათა წარმართებისთვის მეხარებინა იგი; მყისვე როდი ვეთათბირე ხორცსა და სისხლს. არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოში.

2 კორინთელთა 11:32-33
დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დამასკელთა მთელ ქალაქს დარაჯობდა, რათა შევეპყარი. სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედლის ჩასწვრივ და ხელიდან დავუსხლტი მას.

საქმეები 9:19-25
საჭმელი ჭამა და მომაგრდა. რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა. მაშინვე დაიწყო სინაგოგებში იესოს ქადაგება, რომ ის არის ძე ღვთისა. ყველა მსმენელს უკვირდა და ამბობდა: “ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში ამ სახელის მხმობელთ რომ სპობდა? განა აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეიპყროს და მღვდელმთავრებთან წაიყვანოს ისინი?” სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და აოგნებდა დამასკოში მცხოვრებ იუდევლებს და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე. კარგა ხნის შემდეგ, მის მოსაკლავად შეითქვნენ იუდევლები. გაიგო სავლემ მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღე და ღამ კარიბჭესთან დარაჯობდნენ, რომ მოეკლათ იგი. მაგრამ ღამით აიყვანეს იგი მოწაფეებმა და გოდრით ჩაუშვეს გალავნიდან.

გალატელთა 1:18
მერე, სამი წლის შემდეგ, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.

საქმეები 9:26-28
იერუსალიმში რომ ავიდა, ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა; მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ მისი მოწაფეობა. წაიყვანა იგი ბარნაბამ, მიჰგვარა მოციქულებს და უამბო მათ, როგორ გამოეცხადა გზაში უფალი, რა უთხრა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით. დარჩა იგი მათთან, გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით.

საქმეები 9:29-30
გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ. ეს რომ ძმებმა შეიტყვეს, წაიყვანეს კესარიაში და ტარსუსში გაგზავნეს.

საქმეები 13:1-6
ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი – მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე. უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს. სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს. სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა. პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ,

გალატელთა 2:1-10
მერე, თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში ბა­რ­ნაბასთან ერთად. ტიტეც თან წავიყვანე. ავედი გამოცხადებით და წარვუდგინე მათ სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებს შორის; განსაკუთრებით წარვუდგინე იგი წარმოჩენილთ, ამაოდ ხომ არ დავრბივარ ან ვშრომობ-მეთქი; მაგრამ ჩემთან მყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა. ხოლო ცრუ ძმებს, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისთვის, რომელიც იესო ქრისტეში გვაქვს, და დავემონებინეთ, ერთი საათითაც არ დავნებებულვართ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცულიყო თქვენში. ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც რამედ ჩანან, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩემთვის სულ ერთია – ღმერთი გარეგნობის მიხედვით არ სჯის, მათაც არაფერი დაუკისრებიათ. პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე წინადაუცვეთელებისთვის მაქვს მონდობილი ხარება, ისევე, როგორც პეტრეს _ წინადაცვეთილებისთვის – რადგან ის, ვინც პეტრესთან იღწვოდა წინადაცვეთილებისთვის მოციქულობაში, ჩემთანაც იღწვოდა წარმართებისთვის – და როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, ბურჯებად რომ ითვლებოდნენ, მოგვცეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან. ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, რასაც ისედაც ვესწრაფოდი.

საქმეები 15:1-6
იუდეიდან ჩამოსულთაგან კი, ზოგიერთი ასწავლიდა ძმებს, თუ მოსეს წესით წინ არ დაიცვეთთ, ვერ გადარჩებითო. პავლესა და ბარნაბას უთანხმოება და არამცირე დავა მოუხდათ მათთან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვაც ამ საკითხის გამო იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ. ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკიასა და სამარიაში გაიარეს, იქაურებს წარმართთა მოქცევაზე უამბობდნენ, და ძმათაგან ყველას დიდად ახარებდნენ. იერუსალიმში რომ მივიდნენ, ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა მიიღეს; და უამბეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით. მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება. შეიკრიბნენ მოციქულნი და უხუცესნი ამ საკითხის გასარჩევად.

საქმეები 15:36-41
რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა პავლემ ბარნაბას: „წავიდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები იმ ქალაქებში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა; ვნახოთ, როგორ არიან”. ბარნაბას მარკოზად წოდებული იოანეს წაყვანა უნდოდა. პავლე კი ფიქრობდა, რომ უკეთესი იყო არ წაეყვანათ ის, ვინც პამფილიაში ჩამოშორდა მათ და თან არ წაჰყვა საქმეზე. ჩამოვარდა უთანხმოება; ისე რომ, დასცილდნენ ერთმანეთს; ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და კვიპროსისკენ გასცურა. ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.

საქმეები 16:6-8
კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში. მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა. გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ.

საქმეები 16:9-12
და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო; ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად. გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკეს მივაშურეთ, მეორე დღეს კი – ნეაპოლისს; იქიდან – ფილიპეს, რომელიც მაკედონიის ამ ნაწილის მთავარი ქალაქი-კოლონიაა. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.

საქმეები 17:15
გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს პავლე; მიიღეს ბრძანება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.

საქმეები 18:18-22
პავლე კიდევ კარგა ხანს დარჩა იქ; მერე გამოეთხოვა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად სირიისკენ გასცურა. კენქრეში გადაიპარსა თავი, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული. ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ესაუბრა იუდევლებს. სთხოვეს, მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, მაგრამ არ დათანხმდა. გამოეთხოვა მათ და თქვა: „მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო; თუ ღმერთმა ინება, თქვენთან ისევ დავბრუნდები”. და გასცურა ეფესოდან. კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმში ავიდა, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში წავიდა.

1 კორინთელთა 15:32
თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!

1 კორინთელთა 16:8-9
ხოლო ეფესოში ორმოცდამეათე დღის ზეიმამდე დავრჩები, ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.

საქმეები 27:1-28
იტალიაში ჩვენი გადაცურვა რომ გადაწყდა, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის კოჰორტის ასისთავს, სახელად იულიუსს გადასცეს. ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. თესალონიკელი არისტარქოს მაკედონელიც ჩვენთან იყო. მეორე დღეს სიდონს მივადექით. იულიუსმა პავლეს მიმართ კაცთმოყვარეობა გამოიჩინა და ნება დართო მეგობრებთან წასულიყო, რათა შემწეობა მიეღო მათგან. იქიდან გამგზავრებულებმა კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო. განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და ლიკიას მირაში მივედით. იქ ასისთავმა ალექსანდრიული ხომალდი მონახა, რომელიც იტალიისკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა. მრავალი დღე ნელა მივცურავდით და როგორც იქნა გავუსწორდით კნიდონს; ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო წინ ვეღარ წავიწიეთ და სალმონის მხრიდან, კრეტასთან მივცურეთ. მას რომ გავცდით, მივადექით „კეთილ ნავსაყუდლად” წოდებულ ადგილს, რომლსაც ქალაქი ლასეა ემიჯნება. რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობაც გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ: „კაცნო, ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა საზიანო და დანაკარგიანი იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისთვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც”. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის მეპატრონეს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, ამიტომ უმრავლესობამ იქიდან გამგზავრება ისურვა, რომ როგორმე ფინიკიამდე მიეღწიათ და იქ გამოეზამთრათ, კრეტას ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული. სამხრეთის ქარმა რომ დაუბერა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, ღუზა ასწიეს და გაცურეს კრეტას გასწვრივ. მაგრამ სულ მალე ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა ამოვარდა, წარიტაცა ხომალდი და რაკი აღარ შეგვეძლო ქარის გამკლავება, დავნებდით და დაგვაქროლებდა.  ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, რომელსაც კაუდა ერქვა, როგორღაც მოვახერხეთ ნავის შენარჩუნება. მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სირტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ. რაკი კვლავ ძლიერად დაგვაქროლებდა ქარიშხალი, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დავიწყეთ. მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა. რადგან მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ქარიშხალი ცხრებოდა, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა. დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: „კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და არ წამოსულიყავით კრეტადან, ამ ზიანსა და დანაკარგს აღარ ნახავდით. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა, რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები, და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით. ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა: რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ”. ადრიატიკის ზღვაში ქროლვის მეთოთხმეტე ღამეს, შუაღამისას, მიხვდნენ მეზღვაურები, რომ რომელიღაც სანაპიროს უახლოვდებოდნენ. გაზომეს სიღრმე და ოცი მხარი აღმოჩნდა. შემდეგ კვლავ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა.

საქმეები 28:11-16
სამი თვის შემდეგ, დიოსკურიის ნიშნის მატარებელი ალექსანდრიული ხომალდით გავემგზავრეთ, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა. სირაკუზაში ჩავედით და სამი დღე დავყავით იქ. იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პუტეოლისს მივაღწიეთ, სადაც ძმები ვნახეთ და მათი თხოვნით, შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში ჩავედით. იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოვიდნენ. ისინი რომ დაინახა, პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა. როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ცალკე ეცხოვრა, მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.

1 ტიმოთეს 1:3
მაკედონიაში გამგზავრებამდე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა ზოგიერთებისთვის გემცნო, რომ არ ასწავლონ განსხვავებული მოძღვრება.

ტიტეს 1:5
იმიტომ დაგტოვე კრეტაში, რომ დაასრულო დასასრულებელი და ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე:

რომაელთა 15:25-26
ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად. ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ მოწყალების გაღება ინებეს ღარიბი წმიდანებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.