ქრისტე და შაბათი ბიბლიის მუხლები

მათეს 12:2-6
დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”.  იესომ უპასუხა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?  როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?  ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან? ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.

იოანეს 5:10-11
ამიტომ იუდევლებმა განკურნებულს უთხრეს: „შაბათია და სარეცლის აღების უფლება არა გაქვს”.  მან კი მიუგო: “ვინც განმკურნა, მანვე მითხრა, აიღე შენი სარეცელი და გაიარეო”.

ლუკას 13:14-16
სინაგოგის უფროსი კი გაჯავრდა, შაბათს რომ განკურნა იესომ და უთხრა ხალხს: „ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება; ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს – არა”. უფალმა კი უთხრა პასუხად: „თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად? ეს კი აბრაჰამის ასულია, რომელიც აგერ უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრა სატანამ. განა არ შეიძლებოდა ამ ხუნდებიდან შაბათ დღეს მისი გათავისუფლება?”

მათეს 12:10-13
და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?  მან კი უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?  ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”. და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.

მარკოზის 3:2
უთვალთვალებდნენ მას, განკურნავს თუ არაო შაბათ დღეს, რომ ბრალი დაედოთ მისთვის.

იოანეს 9:14-16
ის დღე, ტალახი რომ მოზილა იესომ და თვალები აუხილა, შაბათი იყო.  ფარისევლებმაც ჰკითხეს, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ”. მაშინ თქვა ზოგმა ფარისეველმა: „ის კაცი შაბათს არ იცავს, ამიტომ ღმერთისგან არ არის”. სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?” და იყო მათ შორის დავა.

იოანეს 7:23
თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?

მარკოზის 2:28
ამიტომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.

კოლოსელთა 2:16
ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის.

Advertisements