ქრისტეს აღსრულებული წინასწარმეტყველება ბიბლიის მუხლები

მათეს 1:22-23
ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა, ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ამბობს: „აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“

მათეს 2:15
და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.“

მათეს 2:23
და მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა მიერ თქმული, რომ მას ნაზარეველი დაერქმევა.

მათეს 4:14-16
რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ზებულონის მიწავ და ნეფთალემის მიწავ, ზღვისპირა გზავ იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეავ! ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, და სიკვდილის ქვეყანასა და ჩრდილში მსხდომთ ნათელი გამოუბრწყინდა.“

მათეს 8:17
რათა აღსრულებულიყო თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „მან იკისრა ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი.“

მათეს 12:17-21
რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სამშვინველმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამსჯავროს წარმართებს. არ იდავებს და არც იყვირებს, და არც ქუჩებში გაიგონებენ მის ხმას. დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს და მის სახელს მიენდობიან წარმართნი.“

მათეს 13:35
რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. აღმოვთქვამ, რაც სამყაროს დასაბამიდან დაფარულია.“

მათეს 21:4-5
ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „უთხარით სიონის ასულს: ‘აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.’“

მათეს 26:56
მაგრამ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები.“ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.

მათეს 27:35
ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.

ლუკას 24:44
და უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.“

იოანეს 12:38
რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი უწყება და ვის გამოეცხადა უფლის მკლავი?“

იოანეს 15:25
მაგრამ აღსრულდება მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: ‘უმიზეზოდ მომიძულეს მე.’

იოანეს 17:12
როდესაც მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, დავიფარე, და არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულდეს წერილი.

იოანეს 19:24
უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ, ვის შეხვდება.“ რათა აღსრულებულიყო წერილი: „გაიყვეს ჩემი სამოსი, და წილი იყარეს ჩემს კვართზე.“ ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს.

საქმეები 3:18
ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.

საქმეები 13:29
და როდესაც აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, გარდამოხსნეს ძელიდან და დაასვენეს სამარხში.

Advertisements