ქრისტეს მცნებები ბიბლიის მუხლები

მათეს 5:16
ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

მათეს 5:22-24
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: ‘რაკა,’ სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო ვინც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, და მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი.

მათეს 5:27-39
გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. თუ შენი მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. ნათქვამი იყო: ‘ვინც ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.’ მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, მრუშად აქცევს მას. და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისათვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’ მე კი გეუბნებით თქვენ: სრულებით არ დაიფიცოთ! არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი. არც დედამიწა, რადგან მის ფეხთა კვარცხლბეკია. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო, არა, არა, ხოლო რაც ამაზე მეტია, ბოროტისგანაა. გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.’ მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, მეორე ლოყაც მიუშვირე.

მათეს 6:1-4
ერიდეთ მოწყალების გაღებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა ადიდოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. შენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულად იყოს და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.

მათეს 6:6-8
შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი და ილოცე შენი მამისადმი, რომელიც დაფარულია. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. ხოლო ლოცვის დროს ზედმეტს ნუ იტყვით წარმართებივით, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან თქვენმა მამამ თქვენი საჭიროება თხოვნამდე იცის.

მათეს 6:16-25
ხოლო როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი თვალთმაქცებივით. რადგან ისინი მწუხარე სახეებს იღებენ, რათა ადამიანებს მმარხველებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულად მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. ნუ შეკრებთ საუნჯეს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. შეკრიბეთ საუნჯე ცაში, სადაც არც ჩრჩილი და არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ. რადგან, სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც. სხეულის სანთელი თვალია. მაშ, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რაოდენიღა იქნება? არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ანდა ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სამშვინველისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე?

მათეს 22:21
ეუბნებიან მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს!“

მათეს 6:31-34
ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: ‘რა ვჭამოთ?’ ან: ‘რა ვსვათ?’ ან: ‘რით შევიმოსოთ?’ რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გესაჭიროებათ ეს ყველაფერი. ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეყოფა თითოეულ დღეს თავისი საზრუნავი.

მათეს 5:39-48
მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს შენთან დავას და შენი პერანგის წაღებას, მოსასხამიც გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვს, მიეცი და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ მე კი გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა გახდეთ შვილები თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე ამოჰყავს და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. რადგან, თუ თქვენს მოყვარულებს შეიყვარებთ, რა საზღაური გექნებათ? განა მებაჟენიც ასევე არ იქცევიან? და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მიესალმებით, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.

მათეს 16:24
მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

მათეს 7
ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. რადგან, როგორი განსჯითაც განსჯით, იმავეთი განისჯებით; და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘მოდი, ამოგიღო თვალიდან წველი’ და, აჰა, შენს თვალში კი დირეა! თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან. ნუ მისცემთ სიწმიდეს ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ. ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და ჰპოვებთ. დარეკეთ და გაგეღებათ. რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება. განა არის თქვენს შორის კაცი, რომელსაც საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მით უფრო თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს მათ, ვინც სთხოვს.  ამიტომ, ყველაფერი, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც ასევე გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი. შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია დაღუპვისაკენ მიმავალი გზა, და მრავალნი არიან მასზე მავალნი. რადგან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი არიან, ვინც ჰპოვებს მას. ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს?  ამგვარად, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო უკეთური ხე ცუდ ნაყოფს ისხამს. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უკეთურ ხეს – კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ამგვარად, მათი ნაყოფით იცნობთ მათ. ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ვერ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს? და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!’ ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. და მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაუბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაუბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა ის, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა.“ და როდესაც იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით, რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.

მათეს 18:8-10
თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს ხეიბარი ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში.  გაფრთხილდით, არ უგულებელყოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში მუდამ ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.

მათეს 18:15-17
ხოლო თუ შესცოდავს შენი ძმა შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი პირისპირ. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.  ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე.

მათეს 18:21-22
მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენგზის უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდგზის?“ ეუბნება მას იესო: „მე არ გეუბნები, შვიდგზის, არამედ სამოცდაათჯერ შვიდგზის.

მათეს 19:16-19
და, აჰა, მივიდა მასთან ერთი ვინმე და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ ხოლო მან უთხრა მას: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები.“ ეუბნება მას: „რომლები?“ იესომ თქვა: „არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ იმოწმო ცრუდ,  პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“

მათეს 20:25-28
იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ ხალხზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის სურს იყოს უდიდესი, იყოს თქვენი მსახური. და ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, იყოს თქვენი მონა, ისე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და თავისი სიცოცხლე გასცეს მრავალთა გამოსასყიდად.“

მათეს 22:34-40
როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, რომ სადუკეველები გააჩუმა, შეიკრიბნენ ერთად. და შეეკითხა მას ერთი მათგანი, რჯულის მცოდნე, გამოსაცდელად:36     „მოძღვარო, რომელი მცნებაა რჯულში ყველაზე დიდი?“ უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამ ორ მცნებას ემყარება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“

Advertisements