ქრისტეს სასწაულები ბიბლიის მუხლები

იოანეს 2:6-10
იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა განწმენდის წესის თანახმად, თითოში ორი თუ სამი საწყაო ჩადიოდა. უთხრა მათ იესომ: „აავსეთ წყლით ეს ჭურჭლები”. მათაც პირთამდე აავსეს. კვლავ უთხრა მათ: „ახლა ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით!” და მიართვეს. როცა თამადამ ღვინოდქცეული წყალი გასინჯა, მან კი არ იცოდა საიდან იყო ეს ღვინო, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი, ნეფეს დაუძახა მან და უთხრა: „ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს”.

იოანეს 4:46-53
ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში. როგორც კი გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რომელიც სიკვდილის პირას იყო. იესომ უთხრა: „არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ”. მეფის მოხელემ მიუგო: „უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა”. უთხრა მას იესომ: „წადი, ცოცხალია შენი შვილი”. ირწმუნა იმ კაცმა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა. შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი იყო მისი ვაჟი. გამოიკითხა, რომელ საათზე გამოკეთდაო და უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ. მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.

მათეს 8:5-13
კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა. უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”. იესომ მიუგო: „მოვალ და განვკურნავ”. ასისთავმა კი პასუხად უთხრა: „უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სამეფოში. ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”. უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს”. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.

ლუკას 5:4-6
ლაპარაკი რომ დაამთავრა, უთხრა სიმონს: „შეცურდით ღრმად და ბადეები ჩაუშვით თევზის დასაჭერად”. მიუგო სიმონმა პასუხად: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენ სიტყვისამებრ ჩავუშვებთ ბადეს”. ასეც მოიქცნენ და იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ.

იოანეს 21:6
უთხრა მათ: „ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე და იპოვით”. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.

მათეს 8:28-32
გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში რომ მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული. სამარხებიდან იყვნენ გამოსულნი, ძალზედ მძვინვარენი; ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. და აჰა, მორთეს ყვირილი, ამბობდნენ: „რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად?” მათგან მოშორებით ღორების დიდი კოლტი ძოვდა. ეშმაკებმა ვედრება დაუწყეს: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი”. უთხრა მათ: „წადით!” ისინიც გამოვიდნენ და ღორებში შევიდნენ. და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და წყალში დაიღუპა.

მათეს 9:32-33
გავიდნენ ისინი და აჰა, მოიყვანეს მასთან მუნჯი კაცი, ეშმაკით შეპყრობილი. როცა ეშმაკი განიდევნა, ალაპარაკდა მუნჯი; ამბობდა განცვიფრებული ხალხი: ასეთი რამ არასოდეს უნახავთო ისრაელში.

მათეს 15:22-28
და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”. მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოგვყვირის”. მან კი უთხრა პასუხად: „მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული”. მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: „მიშველე, უფალო!” ხოლო მან მიუგო: „არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”. უთხრა დედაკაცმა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”. მაშინ მიუგო იესომ პასუხად: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.

მათეს 17:14-18
ხალხთან რომ მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა მას მუხლმოდრეკით. უთხრა: „უფალო! შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში ან წყალში ვარდება. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება”. იესომ თქვა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!” მოყვანისთანავე შერისხა იგი იესომ და გამოვიდა მისგან ეშმაკი. იმ ჟამიდან განიკურნა ყმაწვილი.

მათეს 8:14-15
მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და მიატოვა ქალი ცხელებამ; წამოდგა და ემსახურა მათ.

მათეს 8:3
გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: „მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.

ლუკას 17:14
დაინახა და უთხრა: „წადით და მღვდლებს ეჩვენეთ”. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.

მარკოზის 2:3-12
მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება, სახურავი გადახადეს იმ სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და საწოლი, რომელზეც დავრდომილი იწვა, ხვრელიდან ჩაუშვეს შიგნით. მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!” ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა: „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?” იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: „რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში? რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის – მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა – ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!” ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „ასეთი რამ არასოდეს გვინახავს”.

მათეს 12:10-12
და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს მან კი უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”. და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.

იოანეს 5:5-9
იქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით.6იესომ მწოლარე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დიდი ხნის სნეული იყო და ჰკითხა: „გინდა გამოჯანმრთელდე?” მიუგო ავადმყოფმა: „უფალო, არავინა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ აუზში ჩამიშვას. ჩემს მისვლამდე სხვა ჩადის”. უთხრა იესომ: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე”. იგი მყისვე გამოჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს კი შაბათი იყო.

ლუკას 7:12-15
ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა აჰა, მოასვენებენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი ახლდა თან. ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: „ნუ სტირი”. მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ. მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!” მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო; და მის დედას ჩააბარა იგი.

იოანეს 11:11-44
ამის შემდეგ უთხრა მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მის გასაღვიძებლად მივდივარ”. მოწაფეებმა უთხრეს: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება”. იესო სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, ბუნებრივ ძილზე ლაპარაკობდა. მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა: „ლაზარე მოკვდა”. მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ, წავიდეთ მასთან”. მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა დანარჩენ მოწაფეებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ”. როცა მივიდა იესო, ნახა, რომ უკვე ოთხი დღეა, რაც სამარხში ასვენია. ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმთან, თხუთმეტი სტადიონის მანძილზე. ბევრი იუდეველთაგანი მივიდა მართასთან და მარიამთან, რომ ძმის გამო ენუგეშებინათ ისინი. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, წინ შეეგება. მარიამი კი შინ დარჩა. უთხრა მართამ იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. თუმცა, ახლაც ვიცი, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი”. იესომ უთხრა: „აღდგება შენი ძმა”. მართამ უთხრა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”. იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს! ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?” უთხრა: „დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, რომელიც მოდის წუთისოფელში”. ეს რომ თქვა, წავიდა, თავის დას, მარიამს ჩუმად დაუძახა და უთხრა: „მოძღვარია აქ და შენ გიხმობს”. როგორც კი გაიგო ეს, მაშინვე წამოდგა და მასთან მივიდა. იესო ჯერ არ შესულიყო სოფელში, იქვე იდგა, სადაც მართა შეეგება. მასთან სახლში სანუგეშებლად მისული იუდევლები, მარიამს გაჰყვნენ; ეგონათ, რომ სამარხისკენ მიდიოდა სატირლად. მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და მოძღვარი რომ დაინახა, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა”. იესომ ატირებული მარიამი და მასთან ერთად მოსული მტირალი იუდევლები რომ დაინახა, სულით შეიძრა და აღელდა. ჰკითხა: „სად დაასვენეთ იგი?” მიუგეს: „მოდი და ნახე, უფალო”. აცრემლდა იესო. თქვეს იუდევლებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია!” ზოგი მათგანი ამბობდა: „ნუთუ ბრმისთვის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ არც ეს მომკვდარიყო?” იესო კი, კვლავ სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. თქვა იესომ: „მოაშორეთ ლოდი”. უთხრა მართამ, მიცვალებულის დამ: „უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა”. უთხრა მას იესომ: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?” და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე”. ეს რომ თქვა, დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი!” გამოვიდა მიცვალებული; ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეხვეული, სახე კი – სუდარით დაბურული. უთხრა მათ იესომ: „გახსენით, გაუშვით, იაროს”.

მარკოზის 8:22-25
მივიდნენ ბეთსაიდაში. მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას. მან ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე დააფურთხა, ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?” მან აიხედა და თქვა: „ვხედავ მოსიარულე ადამიანებს, როგორც ხეებს”. შემდეგ კვლავ დაადო ხელები თვალებზე და აახელინა; და აღუდგა მას მხედველობა, და ყველაფერი მკაფიოდ დაინახა.

იოანეს 9:1-7
ერთხელ მიდიოდა და დაბადებიდან ბრმა კაცი დაინახა. ჰკითხეს მოწაფეებმა: „რაბი, თვითონ მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?” უპასუხა იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, ღმერთის საქმენი რომ გამოჩდნენ მასში. სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას. სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით ტალახი მოზილა და ბრმას თვალებზე წაუსვა. უთხრა: „წადი და დაიბანე სილოამის ანუ მოვლინებულის საბანელში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.

მარკოზის 7:32-35
მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და ევედრებოდნენ ხელი დაედო მისთვის. ცალკე გაიყვანა, ხალხისგან მოშორებით, თითებით ყურები დაუცო, დააფურთხა და შეეხო მის ენას; ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა”, რაც ნიშნავს: „განიხსენ”. მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის შებოჭილობაც აეხსნა და გამართულად დაიწყო ლაპარაკი.

მათეს 14:15-21
როცა მოსაღამოვდა მივიდნენ მასთან მოწაფენი და უთხრეს: „აქ უკაცრიელი ადგილია, ჟამიც გვიანია; გაუშვი ეს ხალხი, რომ სოფლებში წავიდნენ და საჭმელი იყიდონ თავიანთთვის”. იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა; თქვენ მიეცით საჭმელი”. უპასუხეს: „არაფერი გვაქვს გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა”. უთხრა: „აქ მომიტანეთ ისინი”. უბრძანა ხალხს ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და მისცა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს დაურიგეს. ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი თორმეტი გოდორი აივსო. მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.

მათეს 15:32-38
მოუხმო იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, საჭმელი კი არაფერი აქვთ. არ მინდა, მათი უჭმელად გაშვება, გზაში რომ არ დაუძლურდნენ”. მოწაფეებმა უთხრეს: „უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?” იესომ ჰკითხა: „რამდენი პური გაქვთ?” უთხრეს: „შვიდი, და ცოტაოდენი თევზი”. მაშინ უბრძანა ხალხს, მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლობა შესწირა, დაამტვრია და მისცა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი შვიდი კალათი გაივსო. ხოლო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა.

მათეს 14:25-29
ღამის მეოთხე გუშაგობა იყო, ზღვაზე სვლით რომ მივიდა მათთან. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ მოწაფეები; ამბობდნენ, მოჩვენებააო და შიშისგან შეჰყვირეს. მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!” მიუგო პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, რომ წყალდაწყალ მოვიდე შენთან”. უთხრა: „მოდი!” პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალზე გაიარა, რათა იესოსთან მისულიყო.

მათეს 14:32
ნავში რომ ავიდნენ, ქარი ჩადგა.

იოანეს 6:21
უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი, მაგრამ ნავი მაშინვე იმ ნაპირთან აღმოჩნდა, საითაც მიცურავდნენ.

მათეს 17:27
მაგრამ ისინი რომ არ ვაცდუნოთ, წადი ზღვაზე და ანკესი ისროლე; და პირველი თევზი, რომელიც ამოყვება, გაუღე პირი და შიგ სტატირს იპოვი. წამოიღე და მიეცი შენთვის და ჩემთვის”.

ლუკას 13:11-13
და აჰა, დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით იყო შეპყრობილი; დაკრუნჩხული, წელში ვერ იმართებოდა. დაინახა იგი იესომ, მოიხმო და უთხრა: „დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისგან”. დაასხა ორივე ხელი, მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს.

ლუკას 14:2-4
და აჰა, მის წინაშე ერთი წყალმანკით დაავადებული კაცი წარსდგა. ჰკითხა იესომ რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?” ისინი დუმდნენ. მაშინ შეეხო მას, განკურნა და გაუშვა.

მათეს 21:19
გზაზე ერთი ლეღვი დაინახა, მივიდა მასთან და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა. უთხრა: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე” და უცბად გახმა ლეღვი.

ლუკას 22:50-51
ერთმა მათგანმა დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა. მაშინ იესომ უთხრა:„თავი დაანებეთ, კმარა!” შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.

ლუკას 7:21-22
იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა. უთხრა მათ იესომ პასუხად: „წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ – ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

მათეს 4:23-24
დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში. და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.

მათეს 14:14
გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.

მათეს 15:30
დიდძალი ხალხი მივიდა მასთან; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი,

Advertisements