რჯულის მოძღვრები ბიბლიის მუხლები

ეზრა 7:1-21
ამ ამბების შემდეგ ართახშასთას მეფობისას სპარსეთში, ეზრა ძე სერაიასი, აზარიასი, ხილკიასი,  შალუმისა, ცადოკისა, ახიტუბისა,  ამარიასი, ყაზარიასი, მერაიოთისა, ზერახიასი, ყუზისა, ბუკისა,  აბიშუაყისა, ფინხასისა, ელეაზარისა, აჰარონ მღვდელმთავრისა –  ეს ეზრა ამოვიდა ბაბილონიდან. უფლის, ისრაელის ღმერთის მიერ მოსესთვის მიცემულ რჯულში განსწავლული მწიგნობარი იყო იგი. ყოველივე მისცა მას, მისი თხოვნისამებრ მეფემ, ვინაიდან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.  ამოვიდნენ იერუსალიმში ისრაელის ძეთაგან, მღვდლები, ლევიანნი, მგალობელნი, კარიბჭის მცველნი და ნეთინელნი (ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი) იერუსალიმში, ართახშასთას მეფობის მეშვიდე წელს.  და მივიდა იგი იერუსალიმში მეფობის მეშვიდე წლის მეხუთე თვეს.  ბაბილონიდან პირველი თვის პირველ დღეს გამოვიდა, იერუსალიმში კი მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა, ვინაიდან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე,  რადგან გულში ჩაიდო ეზრამ, უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესებისა და დადგენილებების სწავლება ისრაელში.  აი, იმ წერილის პირი, რომელიც მეფე ართახშასთამ მისცა ეზრა მღვდელსა და მწიგნობარს, რომელიც უფლის მცნებებსა და დადგენილებებს წერდა ისრაელისთვის.  „მეფეთ მეფე ართახშასთა, ეზრა მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის მწიგნობარს, სრული მშვიდობა! განკარგულებას ვიძლევი, რომ ყოველი მსურველი ისრაელის ხალხთაგან ჩემს სამეფოში, მათი მღვდელნი და ლევიანნი, ვინც ისურვებს შენთან ერთად იერუსალიმში წასვლას, წავიდეს.  რადგან მეფისა და მისი შვიდი მრჩევლის მიერ ხარ წარგზავნილი, რომ შენს ხელთ არსებული შენი ღმერთის რჯულის მიხედვით გამოიკვლიო რა ხდება იუდეასა და იერუსალიმში;  და რომ წაიღო იქ ვერცხლი და ოქრო, რომელიც მეფემ და მისმა მრჩევლებმა შესწირეს იერუსალიმში დავანებულ ისრაელის ღმერთს,  და მთელი ოქრო-ვერცხლისა, რამდენსაც მოიძიებ მთელ ბაბილონის მხარეში, ხალხისგან თუ მღვდელთაგან, რასაც კეთილი ნებით შესწირავენ ღვთის სახლს, რომელიც იერუსალიმშია.  ამიტომ, ამ ფულით, დაუყოვნებლივ შეიძინე ზვარაკნი, ცხვარნი, კრავნი, თავის პურეულ და საღვრელ შესაწირებთან ერთად და შესწირე ყოველივე ღვთის სახლის სამსხვერპლოზე, რომელიც იერუსალიმშია.  დანარჩენი ოქრო-ვერცხლით კი ის გააკეთეთ, რასაც კეთილად მიიჩნევთ შენ და შენი ძმები, თქვენი ღმერთის ნების თანახმად.  ჭურჭელი, რომელიც შენი ღვთის სახლის მსახურებისთვის მოგეცა, სრულად მიიტანე იერუსალიმში ღვთის წინაშე.  დანარჩენი, რის გაცემაც დაგჭირდება შენი ღმერთის სახლის გამო, სამეფო სასახლის საგანძურიდან გაეცი.  მე კი, მეფე ართახშასთა, განკარგულებას გავცემ მდინარისგაღმელი ყოველი ხაზინადარისადმი: ყველაფერი, რასაც ეზრა მღვდელი, ციური ღმერთის რჯულის მწერალი გთხოვთ, აღსრულდეს გულმოდგინებით!

იოანეს 3:10
მიუგო იესომ: „ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?

საქმეები 5:34
მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები.

მათეს 5:20
გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!

მათეს 9:2-8
და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: „გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”.  ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა, ეს კაცი ღმერთს გმობსო.  იესომ კი იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა: „რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში?  რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე?  ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს – მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!”  ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.  ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.

მარკოზის 2:5-12
მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!” ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა:  „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?”  იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: „რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?  რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის – მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა – ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?  ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!”  ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „ასეთი რამ არასოდეს გვინახავს”.

ლუკას 5:20-26
იხილა რა მათი რწმენა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები”.  მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა გამართეს ერთმანეთში; ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს?! ვის ძალუძს ცოდვების მიტევება, ერთი ღმერთის გარდა?”  იცოდა რა იესომ მათი ზრახვები, ჰკითხა: „რაზე მსჯელობთ თქვენს გულებში?   რისი თქმა უფრო ადვილია: მოგეტევა შენი ცოდვები თუ ადექ და გაიარე?  მაგრამ, რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე – უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი სარეცელი და შინ წადი”.  მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, თავის სახლში წავიდა და ადიდებდა ღმერთს.  ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და შეშინებულები ამბობდნენ: „საოცრება ვიხილეთო დღეს”.

მარკოზის 11:27-33
კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როდესაც ტაძარში მიმოდიოდა მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან.  ჰკითხეს: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება, რომ ესენი მოიმოქმედო?”  იესომ უპასუხა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ!”  ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ; ამბობდნენ: თუ ვიტყვით, ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რატომ არ იწამეთო მისი?  თუ ვიტყვით – კაცთაგანო, ხალხის ეშინოდათ, რადგან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო.  უთხრეს იესოს: არ ვიცითო. მაშინ იესომაც მიუგო: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას!”

მათეს 12:38-39
მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან”.  მან კი უპასუხა: „ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.

მარკოზის 12:38-40
ამბობდა თავის მოძღვრებაში: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი;  სინაგოგებში – წინა რიგები და ნადიმებზე – საპატიო ადგილები.  რომლებიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ მსჯავრს იტვირთავენ”.

ლუკას 20:46
„ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც მოსწონთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მისალმებანი, სინაგოგებში წინა რიგებში და ნადიმებზე საპატიო ადგილებზე ჯდომა;

მათეს 15:1-8
ამბობდა თავის მოძღვრებაში: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი;  სინაგოგებში – წინა რიგები და ნადიმებზე – საპატიო ადგილები.  რომლებიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ მსჯავრს იტვირთავენ”.

ესაია 29:13
და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.

მარკოზის 2:16-17
დაინახეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რომ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა და ჰკითხეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?” ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.

ლუკას 15:1-7
უახლოვდებოდა მას ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა.  აბუზღუნდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი; ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.  მან კი იგავი უთხრა მათ:  „რომელიმე თქვენგანს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?  იპოვის და სიხარულით შეისვამს მხარზე.  შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად გაიხარეთ, ვიპოვე ჩემი ცხვარი, დაკარგული რომ იყოო.  თქვენ გეუბნებით: უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ მონანიება.

მარკოზის 12:35-37
იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში; თქვა: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?  რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა ქვეშ. თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?” და მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით.

მათეს 26:57-60
იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც მწიგნობრებსა და უხუცესებს მოეყარათ თავი.  ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე; შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,  და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი

მარკოზის 14:53-56
მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა.  პეტრე შორიახლო მიჰყვებოდა მას თვით მღვდელმთავრის ეზომდე; დაჯდა მსახურებთან და ცეცხლთან თბებოდა.  ხოლო მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი იესოს წინააღმდეგ მოწმობას ეძებდნენ, რომ მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. 56 მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

იოანეს 8:3-6
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.  უთხრეს იესოს: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;  მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”  ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.

მარკოზის 11:18
გაიგონეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა და ეძიებდნენ როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით.

ლუკას 19:47
ყოველდღე ტაძარში ასწავლიდა. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი მის დაღუპვას ცდილობდნენ.

ლუკას 22:2
მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ხერხს ეძებდნენ, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.

ლუკას 20:19
მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი მაშინვე შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.

მათეს 16:21
ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დიდად დატანჯულიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.

მარკოზის 8:31
დაუწყო სწავლება, რომ ძე კაცისას მრავალი ტანჯვის ატანა მოუწევდა; რომ მას უარყოფენ უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.

ლუკას 9:22
უთხრა: „მრავალ ტანჯვას გადაიტანს ძე კაცისა და უარყოფილ იქნება უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკვლება და მესამე დღეს აღდგება”.

მარკოზის 10:33-34
„აჰა, იერუსალიმში ავდივართ, სადაც ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს გადაეცემა; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;  შეურაცხყოფენ, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება”.

საქმეები 6:12
აღძრეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები; თავს დაესხნენ, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს.

მათეს 8:19-20
მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ”.  უთხრა მას იესომ: „მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს – ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია!”

ლუკას 20:39
ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა უთხრა: „კარგად თქვი, მოძღვარო”.

მათეს 7:28-29
როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით. რადგან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები.

საქმეები 23:9
ატყდა დიდი აურზაური. წამოდგნენ მწიგნობრები ფარისეველთა მხრიდან, დავობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ, იქნებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას, ღმერთს ნუ ეწინააღმდეგებით!”

Advertisements