სამყარო ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 133:3
სიონიდან გაკურთხოს უფალმა, ცისა და დედამიწის შემოქმედმა.

გამოცხადება 4:11
„ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.

დაბადება 14:19
აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ.

დაბადება 1:1-31
დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!” და იქმნა ნათელი. იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო ნათელი და გაყო ღმერთმა ნათელი ბნელისგან. უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს – ღამე. იყო საღამო და იყო დილა – დღე ერთი. თქვა ღმერთმა: „იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”. შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე. უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა – მეორე დღე. თქვა ღმერთმა: „ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე. უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს – ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. შემდეგ თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე. აღმოაცენა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. იყო საღამო და იყო დილა – მესამე დღე. თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი – დღის მმართველად, ხოლო მცირე – მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები. დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად, რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. იყო საღამო და იყო დილა – მეოთხე დღე. თქვა ღმერთმა: „წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”. იყო საღამო და იყო დილა – მეხუთე დღე. თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. თქვა ღმერთმა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის. თქვა ღმერთმა: „აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”. მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე. იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე.

რომაელთა 11:3
რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.

ფსალმუნები 18:1
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.

ესაია 40:22
ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.

ფსალმუნები 8:3-4
როცა შენს ზეცას ვუმზერ – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან – ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?

იობი 26:5-13
ლანდები ძრწიან წყლებისა და მათში მობინადრეთა ქვეშ, გაშიშვლებულია შავეთი მის წინაშე და არა აქვს საფარველი შავეთს. მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა; იგი ჰკრავს წყლებს თავის ღრუბლებში და არ სკდება ღრუბელი მათ ქვეშ. სახეს უფარავს მთვარეს და თავისი ღრუბელი განავრცო მასზე; წრე შემოავლო წყალთა ზედაპირს ისევე, როგორც საზღვარი ნათელს ბნელთან ერთად; ზეცის სვეტები თრთიან და ძრწიან მის რისხვაზე; თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით შემუსრა ზღვის ურჩხული; თავისი სულით გააბრწყინა ცანი და მისმა ხელმა განგმირა სრიალა გველი;

იოანეს 1:3
ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

ფსალმუნები 146:4
ის თვლის ვარსკვლავებს, ყველას თავის სახელს უწოდებს.

იობი 38:4-18
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება. ვინ დაადგინა მისი საზომი, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკვლები, ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი? როცა ერთობლივად გალობდნენ ცისკრის ვარსკვლავები და ყიჟი­ნებდა ღვთის ყველა შვილი? ვინ ჩაკეტა ზღვა კარიბჭეებით, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? როცა ნისლი სამოსელად მივეცი და სქელი ღრუბელი – სახვევებად, როცა დავუდგინე ჩემი წესები, დავუყენე ურდული და ბჭენი? ვუთხარი: აქამდე მოხვალ, მეტად არა; აქ უნდა შედგნენ შენი ამაყი ზვირთები-მეთქი. შენს დღეში თუ გიბრძანებია განთიადისთვის და გიჩვენებია მისი ადგილი ცისკრისთვის, რომ მოეცვა დედამიწის კიდეები და ბოროტეულნი ჩამოეფერთხა მისგან, შეეცვალა იგი, როგორც თიხა ტვიფარის ქვეშ და ისინი დგანან, როგორც სამოსელი. რათა წართმეოდათ ნათელი ბოროტეულთ და შემუსვროდათ შემართული მკლავი. თუ ჩასულხარ ზღვის სიღრმეებში და უფსკრულის ფსკერზე თუ გივლია? თუ გახსნილან შენთვის სიკვდილის ბჭენი და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს? თუ განგიჭვრიტავს დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი.

კოლოსელთა 1:15-17
ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.

რომაელთა 11:33-36
ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი? ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს?36რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!

მათეს 24:35
ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.

2 პეტრეს 3:13
ხოლო ჩვენ, მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათ და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.

Advertisements