სატანა, ღვთის მოწინააღმდეგე ბიბლიის მუხლები

1 ნეშტთა 21:1
აღდგა სატანა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად.

იობი 2:1-7
მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად; და მათ შორის სატანაც მივიდა უფლის წინაშე წარსადგომად. უთხრა უფალმა სატანას: „საიდან მოდიხარ?” მიუგო სატანამ უფალს: „ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”. უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე; უმწიკვლო, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. კვლავაც უმწიკვლოდ ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი, რომ უმიზეზოდ დამეღუპა”. მიუგო სატანამ უფალს: „ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერს გაიღებს კაცი; აბა, გაიწოდე ხელი და მის ძვალსა და ხორცს შეეხე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა! უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, შენს ხელშია იგი, ოღონდ მის სიცოცხლეს არ შეეხო!” გავიდა სატანა უფლისგან და ტერფიდან თხემამდე საშინელი ქეცი შეჰყარა იობს.

ზაქარია 3:1-2
დამანახა უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი იესო მღვდელმთავარი და სატანა, მის მარჯვნივ რომ იდგა, რათა ბრალი დაედო მისთვის. უთხრა უფალმა სატანას: უფალი გიკრძალავს, სატანავ, დიახ, უფალი გიკრძალავს, რომელმაც იერუსალიმი ამოირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?

1 თესალონიკელთა 2:18
ამისთვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.

გამოცხადება 12:9-10
და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: „დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე;

1 ტიმოთეს 5:14
ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ.

გამოცხადება 2:10
ნუ შეგეშინდება ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს ეშმაკი, რათა გამოიცადოთ. გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.

ეფესელთა 6:11-13
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.

დანიელი 10:13
მაგრამ სპარსეთის სამეფოს მთავარი მეწინააღმდეგებოდა ოცდაერთი დღე. და აჰა, მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავართაგან, მოვიდა ჩემს დასახმარებლად და იქ დავტოვე იგი სპარსეთის მეფესთან.

დანიელი 12:1
„მიქაელი, დიადი მთავარი, აღდგება იმ დროს შენი ერის ძეთა დასაფარად; ისეთი უბედურების ჟამი დადგება, როგორიც ხალხის გაჩენიდან ამ დრომდე არ ყოფილა. იმ დროს ყველა გადარჩება შენი ერიდან, ვინც ჩაწერილი აღმოჩნდება წიგნში.

გამოცხადება 12:7
შეიქნა ომი ცაში: და ებრძოდნენ მიქაელი და მისი ანგელოზები გველეშაპს; გველეშაპიც შეებრძოლა თავის ანგელოზებთან ერთად,

მათეს 16:23
ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.

მათეს 13:3-19
მრავლად ელაპარაკა მათ იგავებით და ეუბნებოდა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს. ზოგი ქვიან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო; და მალევე აღმოცენდა, ვინაიდან სიღრმე არ ჰქონდა ნიადაგს. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო ისინი. სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!” მივიდნენ მასთან მოწაფეები და ჰკითხეს: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?” პასუხად კი უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არ მიეცათ. ამიტომ, ვისაც აქვს, მას მიეცემა და უხვად ექნება, ხოლო, ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი. ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და ყურები – რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს. თქვენ კი მოისმინეთ იგავი მთესველზე. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი.

მათეს 13:24-29
სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: „ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა. ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია? მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ და გავმარგლავთ. მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”. სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს”. სხვა იგავიც უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”. ყოველივე ამას იესო იგავებით ელაპარაკებოდა ხალხს; იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც წუთისოფლის დასაბამიდანაა დაფარული”. მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი”. მან პასუხად მიუგო: „კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა. ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი. მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან.

საქმეები 13:8-10
თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული. სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა და უთხრა: „ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?

1 იოანეს 3:7-10
შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი. ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სცოდავს, რადგან მისი თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისგან არის შობილი. ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.

გამოცხადება 13:6
გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე და ცაში დავანებულნი.

ზაქარია 3:2
უთხრა უფალმა სატანას: უფალი გიკრძალავს, სატანავ, დიახ, უფალი გიკრძალავს, რომელმაც იერუსალიმი ამოირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?

ლუკას 10:19
აჰა, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველთა, მორიელთა და მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად; თქვენ კი არაფერი გევნებათ.

გამოცხადება 20:2-3
შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით გათავისუფლდება.

2 კორინთელთა 6:15
რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?

მეორე რჯული 13:13
გამოჩნდა უღირსი ხალხი შენი წიაღიდან და შეაცდინეს ქალაქის მცხოვრებლები ამ სიტყვებით: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ,

დაბადება 3:1-5
ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?” უპასუხა ქალმა: „ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა. მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა – არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”. უთხრა გველმა ქალს: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.

2 კორინთელთა 11:3
მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.

იოანეს 14:30
ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ამ წუთისოფლის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში.