საუკუნის აღსასრული ბიბლიის მუხლები

ესაია 65:17
რადგან, აჰა, ვქმნი ახალ ცას და ახალ დედამიწას. აღარ გაახსენდებათ პირვანდელი და გულზეც აღარავის მოუვა.

ესაია 66:22
რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც ვქმნი მე, იქნებიან ჩემს წინაშე – ამბობს უფალი – ასევე იქნება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.

მათეს 19:28
ხოლო იესომ უთხრა მათ: “ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად.

ეფესელთა 1:9-10
გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში. რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;

ებრაელთა 1:11:12
ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები; და ყოველივე დაძველდება სამოსელივით. მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან; შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება”.

2 პეტრეს 3:10-12
ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა, და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, დაიწვებიან. თუკი ყველაფერი ასე დაირღვევა, თქვენ როგორიღა სიწმიდე გმართებთ ქცევასა და ღვთისმოსაობაში?  რაკიღა მოელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან და გადაბუგული საწყისები დადნებიან.

გამოცხადება 21:1-5
და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო.  და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.   და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.   მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.   და თქვა ტახტზე მჯდომმა: „აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: „დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”.

მათეს 13:36-43
მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი”.  მან პასუხად მიუგო: „კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა.  ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი.  მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან.  ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს.  წარმოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურსა და ურჯულოების მოქმედს,  და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.  მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!

მათეს 25:32-41
შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან.  დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი – თავის მარცხნივ.  მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო.  ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ;  შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.  მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?  როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?  როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?  მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.  მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.

2 თესალონიკელთა 1:8-10
და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,   რომლებიც მარადიულ დაღუპვას მიიღებენ სასჯელად უფლის პირისა და მისი სიძლიერის დიდებისგან.  როცა ის მოვა, რათა იმ დღეს განდიდდეს თავის წმიდანებში და გააოცოს ყველა მორწმუნე; რადგან იწამეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.

Advertisements