საყოველთაობა ბიბლიის მუხლები

იოანეს 3:16-18
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი. ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.

იოანეს 5:24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.

საქმეები 16:30-31
გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?” მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

იაკობის 2:23
და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაჰამი უფალს, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი”.

მათეს 13:30-49
გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”. სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს”. სხვა იგავიც უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”. ყოველივე ამას იესო იგავებით ელაპარაკებოდა ხალხს; იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც წუთისოფლის დასაბამიდანაა დაფარული”. მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი”. მან პასუხად მიუგო: „კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა. ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი. მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან. ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს. წარმოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურსა და ურჯულოების მოქმედს, და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს. კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს; როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის. კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან. ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან.

მათეს 10:22-37
ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისაც მოვა. მოწაფე მოძღვარზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი. მოწაფისთვის საკმარისია ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისთვის – როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს. ჰოდა ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც გეენაში. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ. ამიტომ ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გგონიათ, რომ მშვიდობის მოსატანად მოვედი დედამიწაზე. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისგან, ასული – თავის დედისგან და რძალი – თავის დედამთილისგან. კაცის მტრები კი მისი ოჯახის წევრები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;

მათეს 19:16-29
და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?” ხოლო მან უთხრა: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”. ჰკითხა: „რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: „”არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ. პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”. უთხრა მას ჭაბუკმა: „ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?” უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”. ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა! კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”. ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს: „აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?” გადახედა მათ იესომ და თქვა: „კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”. მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა: „აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოგყევით, მაშ, რა გვექნება?” ხოლო იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად. და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.

რომაელთა 2:7
მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს;

რომაელთა 6:22
ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ბოლო კი – მარადიული სიცოცხლე.

გალატელთა 6:8
ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.

1 ტიმოთეს 4:8
ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.

იაკობის 1:12
ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.

გამოცხადება 2:7
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.

გამოცხადება 3:5-12
გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. „ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი. აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე. რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი. აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.

1 კორინთელთა 6:9
განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,

1 იოანეს 5:12
ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.

Advertisements