სიცოცხლის ხე ბიბლიის მუხლები

დაბადება 2:8-17
გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით და დასვა იქ კაცი, რომელიც შექმნა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველგვარი ხე, საცქერლად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა. მდინარე გამოედინებოდა ედემიდან ბაღის მოსარწყავად და მერე ოთხ ტოტად იყოფოდა. ერთი ტოტის სახელია ფიშონი; ის გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ბროლიც და ზურმუხტის ქვაც. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი მთელ ეთიოპიის ქვეყანას უვლის გარს. მესამე მდინარეა ტიგროსი. იგი აშურის აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე მდინარეა ევფრატი. აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი და დაასახლა ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი. უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.

დაბადება 3:1-24
ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?” უპასუხა ქალმა: „ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა. მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა – არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”. უთხრა გველმა ქალს: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”. და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა. აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის. მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „სადა ხარ?” მიუგო ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”. „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?” უთხრა ადამმა: „შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”. უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: „ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: „გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ! ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!” უთხრა ქალს: „დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”. უთხრა ადამს: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!” ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ. შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”. და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა. გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა. თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”. და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული. და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.

იგავნი 13:12
გაცრუებული იმედი გულს ასნეულებს, ასრულებული წადილი კი სიცოცხლის ხეა.

იგავნი 11:30
მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.

იგავნი 3:13-18
ნეტარია კაცი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი – გონიერების მომხვეჭი! რადგან მისით მონახვეჭი ვერცხლით მონახვეჭს სჯობია და შემოსავალი – ბაჯაღლოს. მარგალიტზე ძვირფასია იგი და შენი არც ერთი საწადელი არ შეედრება მას. დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი. მისი გზები საამურია, ბილიკები – მშვიდობიანი. სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ჩაეჭიდა მას და ნეტარნი არიან მასზე ჩაბღაუჭებულნი.

იგავნი 15:4
მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.

გამოცხადება 2:7
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.

გამოცხადება 22:1-2
და მაჩვენა ბროლივით ბრწყინვალე სიცოცხლის წყლის მდინარე, ღვთისა და კრავის ტახტიდან რომ მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელსაც თორმეტი ნაყოფი გამოაქვს, თითოეულ თვეს თავისი ნაყოფი; ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.

გამოცხადება 22:14-15
ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.

Advertisements