სისხლი და ძველი აღთქმის მსხვერპლი ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 24:4-8
და დაწერა მოსემ ყოველი სიტყვა უფლისა, და ადგა დილაადრიანად, და ააშენა სამსხვერპლო მთის ძირას და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი ტომის რიცხვისამებრ. და წარავლინა მოსემ ჭაბუკი ისრაელის ძენი და აღუვლინეს სრულადდასაწველნი, და დაკლეს მოზვრები სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის. აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, და ნახევრით აპკურა სამსხვერპლოს. და აიღო აღთქმის წიგნი, და წაიკითხა ხალხის გასაგონად, და მათ თქვეს: „ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ და ვიქნებით მორჩილნი.” და აიღო მოსემ სისხლი და აპკურა ხალხს და თქვა: „აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა თქვენ, ყველა ამ სიტყვისამებრ.”

ებრაელთა 9:18-20
ამიტომ არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე. ვინაიდან მოსემ, როცა წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს. და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ”.

გამოსვლა 29:10-21
და მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა თავიანთი ხელები მოზვერს თავზე. და დაკალი მოზვერი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. და აიღე მოზვრის სისხლიდან, და წასცხე თითით სამსხვერპლოს რქებს. მთელი სისხლი კი დაღვარე სამსხვერპლოს საძირკველთან. და აიღე მთელი ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათივე ქონითურთ, და აკმიე სამსხვერპლოზე. ხოლო მოზვრის ხორცი და მისი ტყავი და მისი სიბინძურე დაწვი ცეცხლში ბანაკის გარეთ. ცოდვის მსხვერპლია იგი. და აიყვანე ერთი ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და მოაპკურე სამსხვერპლოს ირგვლივ. და ვერძი დაჭერი ნაწილებად და გარეცხე მისი შიგნეული და მისი კანჭები, და დაადე ისინი მის გაკვეთილ ნაწილებს და მის თავს. და აკმიე მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი მსხვერპლია უფლისა, კეთილსურნელებაა, საცეცხლო მსხვერპლია იგი უფლისათვის. და აიყვანე მეორე ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძის თავს. და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და სცხე აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მის ძეთა მარჯვენა ყურის ბიბილოს, და მათი მარჯვენა ხელის ცერს და მათი მარჯვენა ფეხის ცერს. და მოაპკურე სისხლი სამსხვერპლოს, ირგვლივ. და აიღე სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზეა, და საცხებელი ზეთი და მოასხურე აარონსა და მის შესამოსელს, და მის ძეებსა და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განიწმიდება იგი და მისი შესამოსელნი, და მის ძეთა შესამოსელნი მასთან ერთად.

ლევიანნი 8:14-24
და მიიყვანა მოზვერი ცოდვის მსხვერპლისა და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ცოდვის მოზვერის თავს. და დაკლა ის და აიღო მოსემ სისხლი და დაადო სამსხვერპლოს რქებს ირგვლივ თავისი თითით, და წარხოცა ცოდვა სამსხვერპლოდან, და სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან და განწმიდა იგი, რათა შეენდო მისთვის. და აიღო მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და აპკი ღვიძლისა, და ორივე თირკმელი მათი ქონით, და დააკმია მოსემ სამსხვერპლოზე. მოზვერი და მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი სკორე დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მიიყვანა ვერძი სრულადდასაწველად და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკლა მოსემ და მოაპკურა სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. და ვერძი დაჭრა ასო-ასოდ, და დააკმია მოსემ თავი და ნაჭრები, და ქონი. და შიგნეული და კანჭები გარეცხა წყლით. და დაწვა მოსემ მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელებაა, იგი საცეცხლო შესაწირავია უფლისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მოჰგვარა მეორე ვერძი, ავსების ვერძი, და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკლა იგი და აიღო მოსემ მისი სისხლი და სცხო აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მისი მარჯვენა ხელის ცერს, და მისი მარჯვენა ფეხის ცერს. და მოიყვანა აარონის ძენი, და სცხო მოსემ სისხლი მათი მარჯვენა ფეხის ცერს, და მოაპკურა მოსემ ეს სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.

ლევიანნი 9:8-14
და მიუახლოვდა აარონი სამსხვერპლოს და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდლად. და მიიტანეს აარონის ძეთ მასთან სისხლი, და ამოაწო მან მასში თითი, და მოასხურა სამსხვერპლოს რქებს, და დანარჩენი სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან. ქონი და თირკმელები და აპკი ღვიძლისა ცოდვის მსხვერპლიდან დააკმია სამსხვერპლოზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს; ხოლო ხორცი და ტყავი დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ. დაკლა სრულადდასაწველი და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი, და მან მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ. ხოლო სრულადდასაწველი მიართვეს მას, ასო-ასო დაჭრილი, მათ შორის თავიც, და დააკმია მან სამსხვერპლოზე. გარეცხა შიგნეული და კანჭები, და დააკმია სრულადდასაწველთან ერთად სამსხვერპლოზე.

ლევიანნი 16:1-14
და ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა მიეახლნენ უფალს და დაიხოცნენ. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს, შენს ძმას, ნუ შევა ყოველჟამს წმიდაში ფარდის მიღმა თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანზეა, რათა არ მოკვდეს, რადგან გამოვჩნდები თავსარქველზე ღრუბელში. „ამით შევა აარონი წმიდაში: ნორჩი მოზვრით ცოდვის მსხვერპლად და სრულადდასაწველი ვერძით. წმიდა სელის კვართი შეიმოსოს და სელის ქვედა სამოსი იყოს მის სხეულზე, და სარტყელი სელისა შეირტყას, და თავსაბურავი სელისა დაიხუროს, რადგან ეს წმიდა შესამოსელია; და განიბანოს მან თავისი სხეული წყლით და მაშინ შეიმოსოს ისინი. და ისრაელის ძეთა თემისგან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად. „და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე. და აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. და ყაროს აარონმა ორივე ვაცზე წილი: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი განტევებისათვის. და შესწირავს აარონი ვაცს, რომელსაც ხვდა წილი უფლისათვის, და შესწიროს იგი ცოდვის მსხვერპლად. და ვაცი, რომელსაც ხვდა წილი განტევებისა, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში. „და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე, და დაკლას თავისი მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად. და აიღოს ნაკვერცხლებით სავსე საცეცხლური სამსხვერპლოდან, რომელიც უფლის წინაშეა, და სავსე პეშვი წმიდა კეთილსურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს ფარდის მიღმა; და დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის ღრუბელმა თავსარქველი, რომელიც მოწმობაზეა, რათა არ მოკვდეს. და აიღოს მოზვრის სისხლი და მოასხუროს თითით თავსარქველის ზედაპირს აღმოსავლეთიდან, და თავსარქველის წინ მოასხუროს სისხლი შვიდგზის თითით.

ლევიანნი 1
და მოუხმო უფალმა მოსეს, და უთხრა მას საკრებულო კარვიდან: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შესწიროს ვინმე თქვენთაგანმა მსხვერპლი უფალს საქონელთაგან, მსხვილფეხათაგან და ცხვართაგან და თხათგან შესწირეთ ეს მსხვერპლი. „‘თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მაშინ მსხვილფეხა საქონლიდან უნაკლო მოზვერი შესწიროს. საკრებულო კარვის შესავალთან შესწიროს იგი კეთილმოსურნეობით უფლის წინაშე. და დაადოს თავისი ხელი სრულადდასაწველს თავზე, რათა მოიპოვოს მან წყალობა თავის ცოდვათა შესანდობად. და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; და შესწირონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მოიტანონ სისხლი და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურონ, რომელიც არის საკრებულო კარვის შესასვლელთან. და გაატყაოს სრულადდასაწველის მსხვერპლი და დაჭრას იგი ნაწილებად. და დადონ აარონ მღვდლის ძეთ ცეცხლი სამსხვერპლოზე და განალაგონ შეშები ცეცხლზე. და განალაგონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, ეს ნაწილები და თავი და ქონი შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. და შიგნეული და კანჭები მისი წყლით გამორეცხოს; და დააკმიოს მღვდელმა ყოველივე სამსხვერპლოზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისათვის.  „‘და თუ წვრილფეხიდან იქნება მისი მსხვერპლი, ცხვართაგან ან თხათაგან, სრულადდასაწველად უნაკლო მამალი ცხოველი შესწიროს. და დაკლას იგი სამსხერპლოსთან, ჩრდილოეთ მხარეს, უფლის წინაშე და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. და დაჭრას იგი ნაწილებად, მის თავიანად და ქონიანად, და დააწყოს ისინი მღვდელმა შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. და შიგნეული და კანჭები გამორეცხოს წყლით; და შესწიროს მღვდელმა ყოველი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე; ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის. „‘და თუ ფრინველთაგანა მოაქვს მას უფლისათვის სრულადდასაწველი, მაშინ შესწიროს გვრიტთაგან ან მტრედის ხუნდთაგან თავისი მსხვერპლი. და შესწიროს იგი მღვდელმა სამსხვერპლოსთან, და წარკვეთოს მას თავი და დააკმიოს სამსხვერპლოზე; და მისი სისხლი დაწრიტოს სამსხვერპლოს კედელთან; და მოაშოროს ჩინჩახვი ბუმბულითურთ და გადაისროლოს იგი სამსხვერპლოსთან, სანაცრის ადგილზე. და გახლიჩოს იგი ფრთებში, არ გააცილოს ისინი და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა; სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.

ლევიანნი 3
„‘და თუ სამშვიდობო მსხვერპლია მისი მსხვერპლი, თუ იგი სწირავს მსხვილფეხას, მამალს ან დედალს, უმანკო შესწიროს იგი უფლის წინაშე. და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე, და დაკლას იგი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლისაგან საცეცხლო შესაწირავად უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და ყოველი ქონი, რომელიც შიგნეულზეა. და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა და აპკზეა, რაც ღვიძლზეა, თირკმელებთან ერთად განაშოროს იგი. აარონის ძეთ დააკმიონ იგი სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც შეშებზეა, ცეცხლზე, საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის. „‘და თუ წვრილფეხისგანაა მისი მსხვერპლი სამშვიდობო შესაწირავად უფლისათვის, უმანკო მამალი ან დედალი შესწიროს. და თუ ცხვარს სწირავს ის თავის შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე. და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და აარონის ძეთ მოაპკურონ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლიდან საცეცხლო შესაწირავად უფლისთვის მისი ქონი, მთელი დუმა კუდუსუნითურთ მოჰკვეთონ, და ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა,  და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა და ღვიძლის აპკზეა, თირკმელებითურთ მოჰკვეთოს იგი. და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო პური, შესაწირავი უფლისათვის. „‘და თუ თხაა მისი შესაწირავი, შესწიროს იგი უფლის წინაშე; და დაადოს თავისი ხელი მას თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და მოაპკურონ აარონის ძეთ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. და შესწიროს მისგან თავისი შესაწირავი საცეცხლოდ უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა. და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა, და აპკი, რომელიც ღვიძლზეა; თირკმელებიანად მოჰკვეთონ იგი. და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის საცეცხლო პური, კეთილსურნელება, მთელი ქონი უფლისაა. „‘ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში, ყოველ თქვენს სადგომში: არავითარი ქონი და არავითარი სისხლი არ ჭამოთ.’”

ლევიანნი 4
და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ შესცოდოს ვინმემ უნებლიეთ უფლის რომელიმე მცნებათა წინააღმდეგ და ქმნას რაიმე, რაც აკრძალულია – „‘თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა ხალხის გარევით დანაშაულში, დაე, შესწიროს უფალს თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, მოზვერი მსხვილფეხიდან, უბიწო, ცოდვის მსხვერპლად. და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, და დაადოს თავისი ხელი მოზვერს თავზე, და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე. და აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან და მიიტანოს იგი საკრებულო კარავში. და ამოაწო მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის მოასხუროს სისხლიდან უფლის წინაშე წმიდა ფარდის წინ. და სცხოს მღვდელმა სისხლიდან უფლის წინაშე საკმევლის სამსხვერპლოს რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია, და მთელი ნარჩენი სისხლი მოზვრისა მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა. და მთელი ქონი ცოდვის შესაწირავის მოზვრისა, ამოაცალოს მას, ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა, და აპკი ღვიძლზე, თირკმელებითურთ მოკვეთოს იგი, როგორც მოიკვეთება სამშვიდობო შესაწირავის მოზვრიდან; და დააკმიოს ისინი მღვდელმა, სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე. ხოლო ტყავი მოზვრისა და მთელი მისი ხორცი თავითა და კანჭებითურთ, და მისი შიგნეული სკორეთურთ, მთელი მოზვერი გაიტანოს ბანაკის გარეთ, წმიდა ადგილზე, სადაც იყრება ნაცარი, და დაწვას იგი შეშებზე ცეცხლით. ნაცრის გადაყრის ადგილზე დაიწვას იგი. „‘და თუ მთელი თემი ისრაელისა შეცდება და დაიფარება საქმე კრებულის თვალთაგან, და ჩაიდენს რაიმეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რომელიც არ უნდა ჩადენილიყო, და დადანაშაულდნენ, როდესაც შეიტყობენ ცოდვას, რომლითაც შესცოდეს მათ, შესწიროს კრებულმა მოზვერი მსხვილფეხიდან ცოდვის მსხვერპლად და მიიტანოს იგი საკრებულო კარვის წინ. და დაასხან თემის უხუცესებმა ხელები მოზვრის თავს უფლის წინაშე, და დაკლან მოზვერი უფლის წინაშე და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან საკრებულო კარავში. და ამოაწოს მღვდელმა თითი სისხლში და მოასხუროს შვიდგზის უფლის წინაშე, ფარდის წინ. და სისხლიდან მოსცხოს სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშეა საკრებულო კარავში, და მთელი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სრულადდასაწველი სამსხვერპლოს საძირკველს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა. და მთელი მისი ქონი ამოიღოს მისგან და დააკმიოს სამსხვერპლოზე. და გაუკეთოს ამ მოზვერს იგივე, რაც გაუკეთა ცოდვის შესაწირავის მოზვერს, და შეუნდობს მათ მღვდელი და მიეტევებათ მათ. და გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას იგი, როგორც დაწვა პირველი მოზვერი. ეს კრებულის ცოდვის შესაწირავია. „‘თუ მთავარმა შესცოდოს და გააკეთოს შეცდომით რამე უფლის, თავისი ღმერთის, მცნებათა წინააღმდეგ, რომელიც არ უნდა გაკეთებულიყო, და ჩაიდინა დანაშაული, ან ცნობილი გახდება მისთვის მისი ცოდვა, რომლითაც მან სცოდა, მიიტანოს თავისი შესაწირავი, უმანკო თხა, და დაადოს ხელი თხას თავზე, და დაკლას იგი ადგილზე, სადაც კლავენ სრულადდასაწველს უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლია იგი. და აიღოს მღვდელმა ცოდვის შესაწირავის სისხლიდან თითით და მოსცხოს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს, დანარჩენი მისი სისხლი მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველს. და მთელი მისი ქონი დააკმიოს სამსხვერპლოზე, როგორც ქონი სამშვიდობო მსხვერპლისა, და შეუნდობს მღვდელი მის ცოდვას და ეპატიება მას. „‘და თუ ჩაიდენს ვინმე ხალხიდან შეცდომით რაიმეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო, და დადანაშაულდება, ან, როდესაც ცნობილი გახდება მისთვის მისი ცოდვა, რომლითაც მან შესცოდა, მიიტანოს მსხვერპლად დედალი თხა, უნაკლო, თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა. და დაადოს თავისი ხელი ცოდვის მსხვერპლს თავზე, და დაკლას ეს ცოდვის მსხვერპლი სრულადდასაწველის ადგილზე. და აიღოს მღვდელმა მისი სისხლიდან თითით და მოასხუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს; და მთელი მისი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სამსხვერპლოს საძირკველს. და მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთა ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას. „‘და თუ ცხვრის ფარიდან მიიტანს ცოდვის მსხვერპლად, უმანკო იყოს, დედალი. და დაადოს თავისი ხელი ცოდვის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი ცოდვის მსხვერპლად იმ ადგილზე, სადაც კლავენ სრულადდასაწველს. და აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლისაგან თითით და მოასხუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს, ხოლო მთელი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სამსხვერპლოს საძირკველს. და მთელი მისი ქონი მოკვეთოს, როგორც მოიკვეთა ცხვრის ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა ისინი უფლის სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირავად; და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, და მიეტევება მას.

Advertisements