სოდომი და გომორა ბიბლიის მუხლები

დაბადება 10:19
და იყო ქანაანელთა საზღვარი სიდონიდან გერარის მიმართულებით – ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით – ლაშაყამდე.

დაბადება 13:10-13
აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა. და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას. აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.13ბოროტნი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე.

დაბადება 14:1-24
შინყარის მეფის, ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა, ყელამის მეფემ და თიდყალმა, გოიმის მეფემ, ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან. ყველანი სიდიმის ველზე შეიკრიბნენ, სადაც ახლა მლაშე ზღვაა. თორმეტ წელს ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს აუჯანყდნენ. მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი, მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და დაამარცხა რეფაიმელნი ყაშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელნი – ჰამში, ემიელნი – შავეკირიათაიმში. ხორიელები კი – სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან. უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, რომელიც კადეშშია და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, ასევე ამორელნიც, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი. და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა. ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს – ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს. და იყო სიდიმის ველზე უამრავი ფისოვანი ორმო; და შიგ ჩაცვივდნენ უკუქცეული სოდომისა და გომორას მეფენი; დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ. და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ. ლოტიც, აბრამის ძმისწულიც წაიყვანეს, მთელი მისი ქონებითურთ და წავიდნენ. და მოვიდა ერთი ლტოლვილი ებრაელ აბრამთან და შეატყობინა ეს ამბავი. მაშინ იგი ამორელი მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმის მუხნარში ბინადრობდა; აბრამის მოკავშირენი იყვნენ ისინი. როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე. გაიყვნენ ღამე აბრამი და მისი კაცნი, დაამარცხეს ისინი და ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს მარცხნივაა. დაიბრუნა მთელი ქონება და თავისი ძმისშვილი ლოტიც, მისი ქალებითა და ქონებითურთ. გამოეგება სოდომის მეფე შავეს ველზე, რომელსაც ახლა სამეფო ველს უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ. და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ. კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან. უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: „ხალხი მომეცი, ქონება კი შენთვის დაიტოვე”. უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის მფლობელისადმი, რომ ძაფსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ ავიღებ იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო – მე გავამდიდრეო აბრამი! გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ხვდათ წილად; ყანერმა, ეშქოლმა და მამრემ თავ-თავიანთი წილი წაიღონ”.

დაბადება 18:16-32
ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად. თქვა უფალმა: „დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ? აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი. რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”. და თქვა უფალმა: „რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,” ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”. გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა. მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად? ეგებ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდეს მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს, იქ არსებული ორმოცდაათი მართალის გამო? შორს შენგან ასეთი საქმე – რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან – რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!” უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”. მიუგო აბრაჰამმა: „გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი. იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!” განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: „იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”. კვლავ თქვა აბრაჰამმა: „ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”. კვლავ უთხრა: „გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „ოცისთვისაც არ დავღუპავ”. თქვა აბრაჰამმა: „ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: „არც ათისთვის დავღუპავ”. და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.

დაბადება 19:13
რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რაკი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა.

დაბადება 19:23-29
ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს. და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა. უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად. ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა. გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს. როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა.

მეორე რჯული 29:23
გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.

ლუკას 17:29
იმ დღეს კი, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაიღუპა.

ესაია 3:9
მათივე სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ, სოდომელებივით ამჟღავნებენ თავიანთ ცოდვებს, არ ფარავენ; ვაი მათ, რადგან ბოროტებას მოაწევენ საკუთარ თავებს.

ესაია 13:19
და იქნება ბაბილონი, სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა სიამაყის შარავანდედი – ღვთის მიერ დამხობილი სოდომსა და გომორასავით.

იერემია 23:14
იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელება დავინახე: მრუშობენ, სიცრუეში დადიან და ბოროტმოქმედებს უჭერენ მხარს, რათა არც ერთი მათგანი არ მობრუნდეს თავისი ბოროტებისგან. ყველანი სოდომივით გახდნენ, გომორას მკვიდრებივით.

გოდება იერემიასი 4:6
გადააჭარბა ჩემი ხალხის ასულის ურჯულოებამ სოდომის ცოდვას, რომელიც წამში მოისპო ისე, რომ ხელიც არ შეხებია.

მათეს 10:14-15
ხოლო ვინც არ მიგიღებთ და არც თქვენს სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.

მათეს 11:23-24
შენ კი, კაპერნაუმო, ცამდე კი არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა. მეტსაც გეტყვით: სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ”.

Advertisements