სულიწმინდა გვანიჭებს სიცოცხლეს ბიბლიის მუხლები

დაბადება 1:2
მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ.

დაბადება 2:7
გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.

იობი 26:13
თავისი სულით გააბრწყინა ცანი და მისმა ხელმა განგმირა სრიალა გველი;

იობი 27:3
ვიდრე ვსუნთქავ და ღმერთის სუნთქვაა ჩემს ნესტოებში,

იობი 32:8
მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;

იობი 33:4
ღმერთის სულმა შემქმნა და ყოვლისშემძლის სუნთქვა მასულდგმულებს.

იობი 34:14
თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი გული და უკანვე წაიღო თავისი სული და სუნთქვა,

ფსალმუნები 103:30
წარგზავნი შენს სულს – წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.

ეზეკიელი 37:1-14
უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე.  გამატარა მათ შორის; ირგვლივ, აჰა, ფრიად ბევრი ეყარა ველზე და ძალზე გამხმარი იყო.  მკითხა: „ძეო კაცისავ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?” ვთქვი: „უფალო ღმერთო, შენ იცი!”  მითხრა: „უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა.  ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, სულს შევიყვან თქვენში და გაცოცხლდებით. 6 ძარღვებს მოგცემთ, ხორცით შეგმოსავთ, კანით დაგფარავთ და სულს ჩაგბერავთ, რომ გაცოცხლდეთ; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”.  ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე; ვწინასწარმეტყველებდი, რომ ხმაური გავიგონე და, აჰა, ზანზარი და ძვალი თავის ძვალს მიედგა.  შევხედე და, აჰა, ძარღვები აჩნდება, ხორცით იმოსება და კანით იფარება, სული კი არ იყო მათში.  მითხრა: „უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ”. ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე, შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; ფრიად დიდძალი ლაშქარი წამოდგა ფეხზე.  მითხრა: „ძეო კაცისავ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ, გახმა ჩვენი ძვლები, დაიღუპა ჩვენი იმედი, მთლიანად ამოვიხოცეთო!”  ამიტომ უწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო, და ისრაელის მიწაზე მოგიყვანთ.  მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენს საფლავებს რომ გავხსნი და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო!  ჩემს სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; თქვენს მიწაზე დაგსვამთ და გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე” – ამბობს უფალი.

ეზეკიელი 36:26-28
ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.  ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ.  დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.

მათეს 1:18
იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.

მათეს 1:20
ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.

ლუკას 1:35
მიუგო ანგელოზმა პასუხად: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.

1 პეტრეს 3:18
რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი – უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,

რომაელთა 1:4
სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ – იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,

იოანეს 3:5
მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.

იოანეს 3:6-8
ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი – სული.  ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი.  ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.

იოანეს 6:63
სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.

რომაელთა 8:6-13
რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.  იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.  ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.  ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.  და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.  ამიტომ, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ;  ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.

გალატელთა 6:8
ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.

იოანეს 7:37-39
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;  ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.  ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.

ესაია 32:15
სანამ მაღლიდან არ გადმოიღვრება ჩვენზე სული და უდაბნო ნაყოფიერ მინდვრად არ გადაიქცევა და ნაყოფიერი მინდორი ტყედ არ შეირაცხება;

ესაია 44:3-4
რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს – გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას – შენს შთამომავლობაზე. აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.

ეზეკიელი 36:25-27
გასხურებთ წმიდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისგან; ყველა თქვენი კერპისგან გაგასუფთავებთ.  ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.  ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ.

ეზეკიელი 39:29
აღარ დავფარავ ჩემს სახეს მათგან, რადგან ისრაელის სახლზე მექნება გადმოღვრილი ჩემი სული!” – ამბობს უფალი ღმერთი.

ეზეკიელი 47-1-12
ტაძრის შესასვლელთან დამაბრუნა და, აჰა, წყალი გამოედინება ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული ტაძარი. წყალი გამოედინება ქვემოდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით. ჩრდილოეთის კარიბჭის გზით გამიყვანა, გარე გზით გამატარა, გარე კარიბჭისკენ, კარიბჭის გზით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიმართული; და, აჰა, გამოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან.  აღმოსავლეთისკენ წავიდა ეს კაცი ზონარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და წყალში გამიყვანა: კოჭებამდე იყო წყალი.  კიდევ გაზომა ათასი და გამატარა წყალში: მუხლებამდე იყო წყალი; კიდევ გაზომა ათასი, გამატარა და წელამდე იყო.  კიდევ გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელშიც ვეღარ გავიარე, რადგან ამაღლდა წყალი და გადასაცურავი გახდა; ფეხით ვერ გაივლიდი მდინარეში.  მითხრა: „ძეო კაცისავ, დაინახე?” წამიყვანა და მდინარის ნაპირას დამაბრუნა.  დავბრუნდი. აჰა, ბევრი ხე დამხვდა მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს. 8 მითხრა: „ეს წყლები აღმოსავლეთის მხარეს მიედინება, ყარაბაში ჩადის, ზღვისკენ მიემართება და ზღვას უერთდება; და განიკურნება წყლები.  ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც ყველგან ფუთფუთებს, სადაც მდინარე ჩაივლის, იცოცხლებს; მრავლად იქნება თევზი, რადგან, სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერს განკურნავს და ყველაფერი იცოცხლებს იქ, სადაც ეს მდინარე ჩაივლის.  დადგებიან მასთან მეთევზეები, ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე იქნება ბადეთა გასაშლელი ადგილი, იმდენივე გვარის თევზი ექნებათ მათ, როგორც დიდ ზღვაშია, ფრიად მრავალი.  მაგრამ მისი ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, მარილს მიეცემა.  მდინარესთან, ორივე ნაპირზე, გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; მისი ფოთოლი არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა; ყოველ თვეს ნაყოფს გამოიღებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი – განსაკურნებლად”.

ზაქარია 14:8
იმ დღეს ცოცხალი წყლები იდენენ იერუსალიმიდან, ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ და ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ. ზაფხულშიც ასე იქნება და ზამთარშიც.

გამოცხადება 22:1-2
და მაჩვენა ბროლივით ბრწყინვალე სიცოცხლის წყლის მდინარე, ღვთისა და კრავის ტახტიდან რომ მოედინებოდა.  მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელსაც თორმეტი ნაყოფი გამოაქვს, თითოეულ თვეს თავისი ნაყოფი; ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.

Advertisements