სხვების განკითხვა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 16:18-20
მსაჯულები და გამგებელნი დაუდგინეთ ყოველ ქალაქს, რომელსაც აძლევს უფალი, თქვენი ღმერთი თქვენს ტომებს, რათა სამართლიანად განსაჯონ ხალხი. არ გაამრუდოთ სამართალი, მიკერძოებით ნუ განსჯით და ქრთამი არ აიღოთ, რადგან ქრთამი თვალებს უბრმავებს ბრძენთ და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს.  სამართალს, სამართალს მისდიეთ, რათა იცოცხლოთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.

გამოსვლა 23:6-7
ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.  შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.

ლევიანნი 19:15
უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.

მეორე რჯული 1:16-17
მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად კაცსა და მის ძმას შორის, მათსა და მათ ხიზანს შორის. მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.

იგავნი 24:23
ესეც ბრძენთა გამონათქვამია: მიკერძოება სასამართლოზე კარგი არ არის.

ეზეკიელი 18:5-8
თუ მართალი იქნება კაცი და იქმს სამართალს და სიმართლეს,  მთებზე შეწირულისგან არ ჭამს, თვალს არ აპყრობს ისრაელის ტაძრის კერპებს, მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალს არ ეკარება,  არავის ჩაგრავს და მევალეს ვალს უბრუნებს, მძარცველი არ არის, თავის პურს უყოფს მშიერს და შიშველს მოსავს,  ვახშს არ იღებს და სარგებლისთვის არ ასესხებს, უმართლობას ხელს არიდებს და კაცთა შორის დავას სამართლიანად განსჯის,

გამოსვლა 18:13-16
მეორე დღეს დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. და იდგა ხალხი მოსეს წინაშე დილიდან საღამომდე.  იხილა მოსეს სიმამრმა ყოველივე, რასაც ის ხალხისთვის აკეთებდა და უთხრა: ,,რას უკეთებ ამ ხალხს? მარტო შენ რად ზიხარ და მთელი ეს ხალხი კი შენს წინ დგას დილიდან საღამომდე?”  უთხრა მოსემ თავის სიმამრს: “იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საძიებლად.  როცა რაიმე საქმე აქვთ, ჩემამდე მოაქვთ და განვსჯი კაცსა და მის მოყვასს შორის, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს”.

1 მეფეთა 12:1-4
უთხრა სამუელმა მთელ ისრაელს: ,,აჰა, მოვისმინე ყველაფერი, რასაც მოითხოვდით ჩემგან და დაგისვით მეფე. აჰა, ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ. მე მოვხუცდი და გავჭაღარავდი; აქ არიან ჩემი ძენი თქვენთან ერთად. ყმაწვილკაცობიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.  აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე. თუ წამირთმევია ვინმესთვის ხარი ან სახედარი? თუ გამიძარცვავს ან შემივიწროვებია ვინმე? ან თუ ამიღია ქრთამი საქმეზე თვალის დასახუჭად? თუ ასეა ავანაზღაურებ”.  უპასუხეს: ,,არც გაგიძარცვივართ და არც შეგივიწროებივართ, არც ვინმეს ხელიდან აგიღია რაიმე”.

ლუკას 12:13-14
ხალხიდან ვიღაცა შეესიტყვა: ,,მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ მემკვიდრეობა გამიყოს”.  მან კი უთხრა მას: ,,ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?”

იოანეს 7:24
ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.

იოანე 8:15-16
იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე გაჰყვნენ. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.  პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა

მათეს 7:1-5
,,ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.  რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?  ან როგორ ეუბნები შენს ძმას – მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!  თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.

ლუკას 6:37:42
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.  მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.  იგავიც უთხრა მათ: ,,განა შეიძლება ბრმა ბრმას წარუძღვეს? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?  მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწრთვნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.  და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?  ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ?

რომაელთა 2:1-3
ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.  ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩადენისათვის.  შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?

რომაელთა 14:1-13
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.  ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ.  ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. რამეთუ ღმერთმა მიიღო იგი.  ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში.  ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.  ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის,  ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.  რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.  მაშ, რაღატომ განიკითხავ შენს ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე?!  რადგან წერია: ,,ცოცხალი ვარ, – აბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს”. ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს.  ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას.

კოლასელთა 2:16
ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის.

იაკობი 2:1-4
ჩემო ძმებო, მიკერძოება ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენაში.  რადგან თუ შემოვა თქვენს სინაგოგაში ოქროსბეჭდიანი, ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი კაცი და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით,  შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით, აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით, შენ მანდ იდექი, ანდა, აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო.  განა ამით არ განარჩევთ თქვენში და ბოროტი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?

იაკობის 4:11-12
ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი.  ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?

1 კორინთელთა 5:12-13
რადგან მე რატომ განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?  გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენს შორის.

1 კორინთელთა 5:1-5
საერთოდ კი ხმა დადის, რომ სიძვაა თქვენში, თანაც ისეთი, რომლის მსგავსი წარმართებშიც არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი შეურთავს.  თქვენ კი ქედმაღლობთ, იმის ნაცვლად, რომ იგლოვოთ და მოიკვეთოთ ასეთი საქმის ჩამდენი.  თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. ამიტომ უკვე დავდე მსჯავრი ამ საქმის ჩამდენს, როგორც თქვენს შორის მყოფმა.  და როცა შეიკრიბებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩემი სულის თანდასწრებით და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,  სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.

1 კორინთელთა 6:1-6
როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან?  ნუთუ არ იცით, რომ წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება წუთისოფელი, განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?  ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზებს განვიკითხავთ, მით უმეტეს – ყოფით საქმეებს!  თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გაქვთ, თქვენს განმკითხველებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.  თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავის ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს?  მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.

მათეს 7:15-20
უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.  მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?  ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო უვარგისი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.  არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.

2 კორინთელთა 11:10-15
და როგორც ქრისტეს ჭეშმარიტებაა ჩემში, გეუბნებით, რომ ეს სიქადული ვერ წამერთმევა აქაიის მხარეებში.  რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის! მაგრამ რასაც ვაკეთებდი, იმასვე გავაკეთებ, რომ საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, ჩვენი მსგავსნი რომ უნდათ აღმოჩნდნენ იმაში, რაშიც იკვეხნიან. რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.  თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.  მაშ, რაღა გასაკვირია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს ღებულობენ? მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.

Advertisements