თეოფანია ბიბლიის მუხლები

დაბადება 12:7-9
გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას”. და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით და იქ გაშალა კარავი: ბეთელი დასავლეთით იყო, ხოლო ჰაღაი – აღმოსავლეთით; იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და მოუხმო მის სახელს. დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გააგრძელა სვლა.

დაბადება 18:1-10
და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა. აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი. უთხრა: „უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს. ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ. გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: „ისე გააკეთე, როგორც თქვი”. აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: „იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”. ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას. აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ. ჰკითხეს: „სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: „აქ არის, კარავში”. და თქვა ერთმა მათგანმა: „გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.

დაბადება 32:22-30
ადგა ღამით, აიყვანა თავისი ორი ცოლი, ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადავიდა იაბოკის ფონზე. აიყვანა ისინი და მდინარეზე გადაიყვანა, რაც კი ჰქონდა, ყველაფერი გადაიტანა. მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი. როცა მიხვდა, რომ ვერ ერეოდა, მის თეძოს სახსარს შეეხო და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან ბრძოლისას. უთხრა: „გამიშვი, რადგან თენდება”. უთხრა იაკობმა: „არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”. ჰკითხა: „რა გქვია?” უპასუხა: „იაკობი”. და უთხრა: „ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე!” ჰკითხა იაკობმა: „მითხარი შენი სახელი”. უპასუხა: „რისთვის მეკითხები სახელს?” და იქვე აკურთხა. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი – ღვთის ხილვა, რადგან თქვა: “ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი”.

გამოსვლა 24:9-11
ავიდნენ მოსე და აჰარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი. და იხილეს მათ ისრაელის ღმერთი. და იყო მის ფეხთა ქვეშ, რაღაც საფირონის ქვაფენილის მსგავსი, ზეცასავით სუფთა. და არ აღუმართავს მას ხელი ისრაელის ძეთა რჩეულებზე. იხილეს ღმერთი, ჭამეს და სვეს.

გამოსვლა 33:9
როდესაც შევიდოდა მოსე კარავში, ღრუბლის სვეტი ეშვებოდა და იდგა კარვის შესასვლელთან და ლაპარაკობდა უფალი მოსესთან.

მეორე რჯული 31:14-15
უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მოახლოვდა შენი სიკვდილის დღე; მოუხმე იეშუას და წარსდექით ჩემს წინაშე საკრებულო კარავთან და მე ველაპარაკები მას”. წავიდნენ მოსე და იეშუა და დადგნენ საკრებულო კარავთან. გამოჩნდა უფალი კარავში, ღრუბლის სვეტში და დადგა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.

იობი 38:1-5
მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: „ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით? წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგე­კითხები და მიპასუხე: სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება. ვინ დაადგინა მისი საზომი, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?

დაბადება 11:5
და ჩამოვიდა უფალი ზეციდან, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ კაცთა ძენი.

გამოსვლა 34:5
ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.

რიცხვნი 11:25
და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, თან ელაპარაკებოდა მას, აიღო სულისგან, რომელიც მოსეზე იყო და მოჰფინა სამოცდაათ უხუცეს მამაკაცს; დაივანა მათზე სულმა და განუწყვეტლივ იწყეს წინასწარმეტყველება.

მათეს 1:23
„აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”

Advertisements