თვალთმაქცობის მაგალითები ბიბლიის მუხლები

დაბადება 27:6-35
და უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ძეს: მოვისმინე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას; ასე უთხრა: მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ. ახლა, მომისმინე შვილო, და ჩემი ბრძანებისამებრ მოიქეცი: წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს. და მიართმევ მამაშენს, რომ ჭამოს, რათა შენ გაკურთხოს სიკვდილის წინ. უთხრა იაკობმა რებეკას, დედამისს: ჩემი ძმა ესავი ბალნიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ. ხელი რომ შემახოს მამაჩემმა, მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში და კურთხევას კი არა წყევლას დავიტეხ თავზე. უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე, წადი და მომიყვანე. წავიდა და დედამისს ორი თიკანი მიუყვანა. და ისე მოამზადა კერძი დედამისმა, როგორც მამამისს უყვარდა. აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, საუკეთესო სამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, უმცროსი ძე; ხელებსა და ტიტველ კისერზე კი თიკნის ტყავი შემოაცვა. და მისცა ხელში იაკობს თავის მომზადებული კერძი და პური. მივიდა იგი მამასთან და უთხრა: მამა! მიუგო: აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო? უთხრა იაკობმა მამამისს: მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა. უთხრა ისაკმა თავის ძეს: რა მალე მოგინადირებია, შვილო! მიუგო: უფალი, შენი ღმერთი შემეწია. უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო, შვილო, მართლა ჩემი ძე ესავი ხარ თუ არა. და მიუახლოვდა იაკობი ისაკს, მამამისს. მან ხელი შეახო და თქვა: ეს ხმა იაკობის ხმაა, მაგრამ ხელები ესავის, მისი ძმისაა; ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი. ჰკითხა: ეს შენ ხარ ჩემი ძე ესავი? მიუგო: მე ვარ! უთხრა: მომაწოდე და შევჭამ ჩემი შვილის ნანადირევს, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიაწოდა იაკობმა და ჭამა; ღვინოც მიუტანა და ისიც დალია. უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო. მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა. მოგცეს ღმერთმა ცის ცვარი, მიწის ნოყიერება, უხვი ხორბალი და ღვინო. გემსახურონ ხალხები და თაყვანს გცემდნენ ერები; იბატონე შენს ძმებზე, თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა; წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეულ იყოს შენი მაკურთხებელი. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ჯერ კიდევ არ გასულიყო იაკობი მამამისისგან და ესავი, მისი ძმაც, დაბრუნდა ნადირობიდან. მანაც მოამზადა საჭმელი, მიართვა მამამისს და უთხრა: ჭამოს მამაჩემმა თავისი ძის ნანადირევი და მაკურთხოს მისმა სულმა. ჰკითხა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მან მიუგო: მე ვარ, შენი ძე, პირმშო – ესავი. ფრიად შეძრწუნდა ისაკი და თქვა: ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომართვა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე და ის იქნება კურთხეული. რომ გაიგონა ესავმა მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: მეც მაკურთხე, მამაჩემო! უთხრა ისაკმა: ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა.

იერემია 41:6
გამოვიდა ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან შესაგებებლად, მოდიოდა და ტიროდა; მათ რომ შეხვდა, უთხრა: მოდით გედალიაჰუ ახიკამის ძესთან.

მათეს 2:7
მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა.

იოანეს 8:4-9
უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული; მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი? ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა! მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.

მათეს 26:25-49
მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: მე ხომ არა, რაბი? უთხრა მას: შენ თქვი! ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვით აქედან,  რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.  და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში. იგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.  მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით. მიუგო პეტრემ მას პასუხად: ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები. უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე. უთხრა მას პეტრემ: მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.  მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.  მაშინ უთხრა მათ: სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად. ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ. მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური. მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება. კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ. მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა. მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში. ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.  ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!  მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა.

საქმეები 5:1-10
ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, ნაკვეთი გაყიდა. და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო. პეტრემ უთხრა: ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან? განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე! ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა. წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს. სამიოდე საათის შემდეგ, მისი ცოლიც შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. პეტრემ ჰკითხა: მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა? მიუგო: დიახ, ამდენად პეტრემ უთხრა: რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ. მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.

გალატელთა 2:11-14
ჰოდა, როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, საჯაროდ წინ აღვუდექი მას, ვინაიდან საჩივარი იყო მასზე. რადგან ვიდრე იაკობისგან ზოგიერთები მოვიდოდნენ, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე ჩამოშორდა მათ და წინადაცვეთილთა შიშით განზე გადგა. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე, რომ ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ. მაგრამ, ვიხილე რა, რომ სწორად არ მიჰყვებოდნენ სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ?

Advertisements